დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასულე ინსტრუმენტში სული გადაგაქვს...
2012/01/16 13:00:32

ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ?3 სამუსიკო სკოლის წარმატებებზე უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს მუსიკალური საზოგადოება.

 

წარმატების საფუძველი მასწავლებლების დაუღალავი შრომაა. ამ პედაგოგთა რიცხვშია მალხაზ მჭედლიშვილი. 

 

იგი ქუთაისში დაიბადა, აქვე დაამთავრა ?32 საშუალო სკოლა, მესამე სამუსიკო სკოლის კლარნეტის კლასი და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი,

სწავლობდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, აწგარდაცვლილი გიორგი სალაღიშვილის ჯგუფში, რომლის ხელმძღვანელობითაც მალხაზმა სამი საავტორო კონცერტი გამართა. შემდეგ ჩაირიცხა სახელმწიფო კონსერვატორიაში, რეზო ჯიბლაძის კლასში. 1990 წლიდან მოღვაწეობს ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ?3 სამუსიკო სკოლაში და საკმაოდ წარმატებულადაც. იგი ერთდროულად პედაგოგიცაა, ორკესტრის მსახიობიც და ორკესტრის სოლისტიც.

მალხაზ მჭედლიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საორკესტრო ანსამბლი, რომელიც ყველა სეზონზე წარმატებულად გამოდიოდა სხვადასხვა კონკურსსა თუ ფესტივალებზე.

„სკოლის დირექტორის, ქალბატონ ნანი ბოჭორიშვილის ინიციატივა იყო, შეგვექმნა საორკესტრო ჯგუფი და იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. ცოტა ძნელია დღეს სასულე ინსტრუმენტების შეძენა და შოვნა, ამიტომ ორკესტრში მხოლოდ ფლეიტა და კლარნეტი გვყავს ვიოლინოებთან ერთად. ჩვენ მხოლოდ ფლეიტას და კლარნეტს ვზრდით, სხვა სასულე ინსტრუმენტებს რა ეშველება, სამწუხაროდ, არ ვიცით.“ - გვითხრა მალხაზ მჭედლიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ბატონ მალხაზს თავის ორ წარმატებულ მოსწავლესთან ერთად შევხვდით. ესენი არიან: ნოდარ მდივანი, რომელიც კლარნეტზე უკრავს, და ბექა მელაძე, რომელიც ფლეიტას აჟღერებს. ეს ბავშვები საკმაოდ წარმატებულად გამოდიან ყველა ფესტივალზე, სასულე ინსტრუმენტში ხედავენ იმას, რასაც ჰარმონია და სინატიფე ჰქვია. მათთვის ამ საკრავებზე დაკვრა სიამოვნებაა და მხოლოდ მასში გამოხატავენ იმას, რასაც სიტყვებით ვერ ამბობენ.

ნოდარ მდივანი: პატარაობისას დავდიოდი ფორტეპიანოზე. როდესაც მალხაზ მასწავლებელი გამოდიოდა კონცერტებზე თავის მოსწავლეებთან ერთად, ძალიან მომწონდა და მინდოდა, მათთან ერთად მეც დამეკრა. ამიტომ მასწავლებლების რჩევით და ჩემი სურვილით გადავედი კლარნეტის კლასში.

- სად უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს - კლარნეტთან თუ ფორტეპიანოსთან?

- რა თქმა უნდა, კლარნეტთან (ღიმილით), რაც ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. საერთოდ, როდესაც კლარნეტზე ვუკრავ, სიტყვებით მიჭირს გადმოცემა, ეს რა გრძნობაა. როგორც ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს, რა არის სამშობლოო და ვერ გადმოსცა სიტყვებით, დაახლოებით ისეთ სიტუაციაში ვარ ხოლმე. როდესაც ვუკრავ, ვერ გადმოვცემ ამას სიტყვებით. სულ სხვანაირი გრძნობა აქვს ყველაფერს და ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

- რატომ მაინცდამაინც სასულე ინსტრუმენტი?

ბექა მელაძე: რაღაცნაირად მომეწონა ეს ინსტრუმენტი და ჩემს ხასიათში ჯდებოდა. მასზე დაკვრა ადვილი არ არის, თავიდან გამიჭირდა - 2-3 წელი, თუმცა, როცა ვისწავლე და შევეჩვიე, ვუკრავ და მსიამოვნებს (ბექას თავმდაბლობის გამო არ უთქვამს, მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ ზაფხულს მასტერკლასებზე ჩამოსულმა ჰოლანდიელმა მუსიკოსებმა იგი საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს და ახალთახალი ფლეიტა აჩუქეს).

მალხაზ მჭედლიშვილი: სასულე იმიტომ ჰქვიათ ამ საკრავებს, რომ ეს არის შენი სულის ნაწილი, შენი სულის გაგრძელება, მასში სული გადაგაქვს და რომ ეჩვევი, მერე ადვილია მისი ფლობა.

დღევანდელობიდან გამომდინარე, მარტო მუსიკოსის პროფესიით შორს ვერ წახვალ. ბიჭებს ეს უკვე გააზრებული აქვთ და ამაზეც ფიქრობენ. ბექა უკვე კონსერვატორიის სტუდენტია, თუმცა ორკესტრის  შენარჩუნების მიზნით, იგი ისევ ეხმარება მალხაზ მასწავლებელს.

მალხაზ მჭედლიშვილი: მართალია, ბექა უკვე კონსერვატორიის სტუდენტია, მაგრამ ჩვენს გვერდით დგას და გვეხმარება. ახალი თაობა კი მოდის, საკმაოდ ნიჭიერები, მაგრამ ძველ თაობასთან ერთად მუშაობით უფრო მეტს მიაღწევენ.

ნოდარ მდივანი: მინდა კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი გავხდე პარალელურად.

ბიჭების ცხოვრების კრედო წარმატების მიღწევა და თავიანთი საქმის სიყვარულია. მათი მუდმივი წარმატება კი მუდმივი შრომის შედეგია. როგორც მათი მასწავლებელი აღნიშნავს, კიდევ ბევრი მისაღწევი აქვთ.

მათი დიპლომებისა და სიგელების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და შეჩერებას არც პედაგოგი და არც ბიჭები აპირებენ.

...სულ ახლახან ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე მოვუსმინე მალხაზ მჭედლიშვილის მოსწავლეებს. ბექა და ნოდარი ერთად იდგნენ და ისე გატაცებით, მთელი არსებით უკრავდნენ კლარნეტსა და ფლეიტაზე, მსმენელის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდნენ. აბა, სხვაგვარად როგორ! ამ ინსტრუმენტებში ხომ ახალგაზრდა ვირტუოზების ლამაზი სული გრძელდება...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია