დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას ელოდებით 2012 წელს?
2011/12/26 13:44:40

თინათინ კაპანაძე, 74 წლის: „პირველ რიგში, ვისურვებდი საქართველოს გამთლიანებას. ჩვენთვის, 2012 წელს სიხარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა მოეტანოს. ბებო, ხანდაზმულის პოლისი მქონდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მომიხსნეს. ეს არაა მართალი! იცით, ყველაზე მეტად, სიმართლეს, მშვიდობას და თავისუფლებას ვისურვებდი.“

ნინო ლაღიძე, 72 წლის: „დამდეგ 2012 წელს ყველა ბენეფიციარს ვულოცავ. წინსვლას, ჯანმრთელობას ვისურვებ. 2011 წელთან შედარებით, უფრო წარმატებული ყოფილიყოს 2012 წელი. გფარავდეთ უფალი!“

ოთარ მესხორაძე, 86 წლის: „ბაბუ, ვისურვებდი პენსიების მომატებას, ესაა მთავარი. ავად თუ გავხდი, ჩემი პენსია წამლებში დამჭირდება. მერე კი დავრჩები მშიერი. პრეზიდენტმა პენსიების მომატება სექტემბერში რომ დაასახელა, ჩვენ, ბენეფიციარები, ახალი წლიდან ველოდით. სექტემბრამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი. ამასობაში ქე გამძვრება სული.“

ვასიკო თათვიძე, 60 წლის: „ვისურვებდი ჯანმრთელობას და მქონდეს ოჯახი. დამეხმარონ შვილები, ცოლი, ხელისუფლება. ჩვენ, ქართველები, ერთად უნდა ვიყოთ. გვიყვარდეს ერთმანეთი.“

ოთარ დვალიშვილი,  80  წლის:  „ვფიქრობ, დღეს რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებს, ისეთი არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია. შეხედეთ, ქვეყანა ყვავდება. ველოდები სიკეთეს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას.“

ნანა ლეჟავა, 64 წლის: „2012 წელს მინდა ვნახო გამთლიანებული საქართველო. სიყვარული გადაარჩენს საქართველოს. ერთმანეთთან თანადგომით ყველაფერი კარგად იქნება.“

მარიამ კილაძე, 80 წლის: „ბებო, ყველაზე მეტად ხალხის ჯანმრთელობას, სულგრძელობას ვისურვებდი. დღეს ძალიან უჭირს ხალხს და ამ გაჭირვებას უნდა გავუძლოთ. შვილი მყავს გარდაცვლილი, რომელიც ციმბირშია დაკრძალული. ჩემი სურვილია, საფლავის პოვნა და მშობლიურ მიწაზე დაკრძალვა.“

გალინა    ელიზაროვა,   74  წლის:   „ვისურვებდი ჯანმრთელობას, ქართველი ერის გამრავლებას, მოსახლეობის დასაქმებას. Люблю Грузиy!“

გიორგი ლაღაძე, 30 წლის, ეკონომისტი: „ეს წელი, დარწმუნებული ვარ, ბედნიერების და სიხარულის წელი იქნება. მე პირადად 2012-ში ვაპირებ ცოლის მოყვანას და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია.“

ლიკა ჟუჩკოვა, აფთიაქის კონსულტანტი: „ჩემი სურვილია, ყველაფერი კარგად იყოს, ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება. ჩემი საქმით კმაყოფილი ვარ და განსაკუთრებულს არაფერს ველოდები.“

ნორა მანჯგალაძე, ექიმი: „2012 მსურს იყოს მშვიდობისა და ბედნიერების წელი თითოეული ქართველის ოჯახისათვის. ამ წლისაგან მოველი ყოველივე საუკეთესოს.სურვილების ახდენის იმედით ველოდები დამდეგ, 2012 წელს, რომელსაც ვულოცავ სრულიად საქართველოს.“

დიანა არჩაია, გამყიდველი: „ბედნიერება და ჯანმრთელობა ყველა იმ ხალხს, ვინც მიყვარს და, საერთოდ, ყველა ადამიანს! სიხარულს და წარმატებას ველი და მინდა ყველაფერი კარგად იყოს.“

დალი ამბროლაძე,  დიასახლისი:   „შვილების კარგად ყოფნას და უზრუნველყოფას ვისურვებდი. სამსახურები არ აქვთ, უჭირთ, უმუშევრები არიან. მათ უზრუნველყოფას და დასაქმებას ვისურვებდი, თორემ მე კი დავბერდი და ჩემი გზა გავიარე. ესაა ჩემი სურვილი.“

გოჩა კუპრავა: „უჰ, რას უნდა ველოდე ამ მთავრობის ხელში, მინდა ღიპი წამეზარდოს ამ ახალ წელს მწვადებით.“

არჩილ ასკურავა: „ჩემი აზრით, წინასწარმეტყველებები, რაც 2012 წელზე დაიწერა, ნაწილობრივ გამართლდება და ეს წელი იქნება რაღაც ახალის დასაწყისი.“

მირანდა აბესაძე, 25 წლის, ხელოვნებათმცოდნე: „პირველ რიგში ყველას მივულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ ყველა ნატვრის ასრულებას. რაც შემეხება მე, მინდა, რომ ამ წელში მაინც მეღირსოს სამსახური. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი თავის ტკივილი და ჩემს დღეში, წარმოიდგინეთ, რამდენი ახალგაზრდაა.“

თაზო ქველაძე (3 წლის): „მე ამდენი წლის ვარ (სამი მოკეცილი თითით). ახალ წელს თოვლის ბაბუამ უნდა მომიტანოს შოკოლადები... სათამაშოები... დედიკომ უნდა მიყიდოს ძამია და მამიკო მანქანით მოიყვანს ძამიას. კიდე, შობა რომ მოვა, მე ვიმღერებ „ალილოს“ (თავიდან ბოლომდე მშვენივრად ასრულებს, ამჟამად - ჟურნალისტების პატივსაცემად).

საბა თუთბერიძე, 6 წლის: „წელს თოვლის ბაბუა მომიტანს მანქანას, საათს და ბევრ შოკოლადს, ასე მითხრა დედამ. მაგრამ არ მინდა, ჩვენთან რომ დარჩეს, მერე მის სახლში წავიდეს.“

ლუკა გოცირიძე, 8 წლის: „2012 წელი მინდა იყოს უფრო ლამაზი და ბედნიერი, ვიდრე სხვა წლები. ვისურვებდი ჩემს ქალაქს უფრო განათებულს და მშვენიერს. ძალიან მინდა, ახალ წელთან ერთად ჩემი მამაც ჩამოვიდეს.“

ლიკა გურეშიძე, 8 წლის: „2012 წელი მინდა იყოს სიხარულის და ბედნიერების წელი. მინდა დედა და მამა ჯანმრთელად მყავდეს. ბაბუ საჩუქრებს დამპირდა, ნაძვისხესთან დაგახვედრებ საჩუქრებსო და ძალიან მიხარია.“

გიორგი ბერიძე, 10 წლის: „ახალი წლისგან რას ველოდები? (დაფიქრდა), რა ვიცი, მშვიდობიანი, სიხარულის და წარმატების წელი მინდა იყოს.“

მარიამ ჯავახაძე, 12 წლის: „ახალ წელს ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები. მომავალი წელი, იმედი მაქვს, სიახლეებით დატვირთული გვესტუმრება, წარმატებები მექნება სწავლაში. თოვლის ბაბუას აღარ ველოდები (იცინის). უკვე ვიცი, ჩემს თოვლის ბაბუას ჩემი მშობლების ხარჯზე მოაქვს საჩუქრები. მინდა ოცნებების ასრულების წელი იყოს.“

ალექსი მესხორაძე, 12 წლის:  „თოვლის ბაბუა რომ არ არსებობს, კარგა ხნის წინ მივხვდი. ისე, კარგი კი იქნებოდა, მართლა რომ არსებობდეს... 5 წლის რომ ვიყავი, „პატარა დედამიწა“ ვთხოვე თოვლის ბაბუას, გლობუსი ვერ გავიხსენე და... სხვათა შორის, „თოვლის ბაბუა“ 2012 წელს მაინც თუ მიყიდის დიდ „პატარა დედამიწას“, ძალიან გამიხარდება. ფილმი რომ ვნახე, „2012“, მაშინ ცოტა შემეშინდა, მაგრამ გამიარა და ახლა, არა მგონია, დედამიწას რამე დაემართოს ამ წელს...“

ქრისტინე ნამიჭეიშვილი, 21 წლის, სტუდენტი: 2012 წელს ველი ყველაფერ კარგს, საქართველოს გაბრწყინებას, აყვავებას. ძალიან მინდა, ყველა ჩვენგანს აგვისრულდეს ყველა ოცნება და ნატვრა. პატარებს სანტამ დაუტოვოს ის საჩუქარი, რაც მათ სთხოვეს. 2012 წელი კიდევ მინდა იყოს სიყვარულის და ბედნიერების მომტანი. პირველ რიგში უფლის წყალობა  არ მოგვკლებოდეს ამ წელშიც.“

ბელა ჩახუნაშვილი,   21 წლის, სტუდენტი: „რას ვაპირებ? (სიცილით) გათხოვებას.“ 

მანუჩარ კუბლაშვილი, 30 წლის, ინჟინერი (ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრა, ფორმაში არ ვარო): „2012 წელს ავიხდენ ჩემი ბავშვობის ოცნებას, მივდივარ უკრაინაში, ევროპის ჩემპიონატზე და კიდე, მგონი, ცოლს მოვიყვან.“

თეონა ბარდაველიძე, 19 წლის, სტუდენტი (დაფიქრებით): „ბევრი კარგი გეგმა მაქვს. იმედია, განვახორციელებ. ყველაზე მეტად კი მინდა, გარეთ რომ გამოვალ, ხალხის ვაივიშვიში არ მესმოდეს. ცოტათი მაინც გაგვლამაზებოდეს ყოველდღიურობა.“

ეთო ჯანგავაძე, 20 წლის, სტუდენტი: „რას ველი და... სტიპენდიას.

ქრისტინე ნადირაძე, 21 წლის, სტუდენტი: „ველი ახალ წარმატებებს, სტუდენტების დასაქმებას, რაც მთავარია.“

 სოფიო, 18 წლის, სტუდენტი: „თითქოს ყოველი წელი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს. რაც შეეხება 2012 წელს, მინდა, რომ რაღაცით განსაკუთრებული იყოს. (სიცილით) ვეცდები იყოს განსაკუთრებული.“

იური ბოჭორიშვილი, 72 წლის: „ბაბუ, გაუმჯობესდა ქვეყანა. აშენებენ, ალამაზებენ ქალაქს. მაგრამ მთავარი პრობლემა უფულობა არის. ესეც იქნება და უკეთესობისკენ წავა ცხოვრება. თქვენ, ახალგაზრდები, მოესწრებით. 2012 წელს, სიკეთეს, ხვავს და ბარაქას ველოდები.“

ჯუმბერ ლომსიანიძე, 78 წლის: „2012 წელს ველოდები პენსიის მომატებას. სექტემბრიდან პენსიონერებზე უფასო სამედიცინო მომსახურება და დახმარებაა დაგეგმილი. აჰა, ამას ველოდები, ბაბუ.“

ნუცა აბდალაძე, 50 წლის: „რას ველოდები? რას უნდა ველოდებოდე, მთავრობა ყვარყვარე თუთაბერისა და ტიტე ნატუტარის ხელშია... საიდან მოსდით ამდენი ტყუილები... მოკლედ, ყველაფერი, რაც მაგათგან მოდის, ისეთივე მირაჟია და მოჩვენება, როგორც მაგათი „ლაზიკა“, როგორც ქუთაისია „მეორე დედაქალაქი“... სოლომან მორბელაძე მახსენდება, საწყალი მაშვალი: ტყუილი, ტყუილი, ტყუილი... მოვატყუე-მომატყუეს და ხვალ-ზეგ უამრავი მოტყუებული კარზე მომადგებაო... აი, მაგათი კოდი, პაროლი... ისევ და ისევ უფლის იმედით ვცოცხლობთ, უფალია ჩვენთან. იგი არასოდეს გაგვწირავს, რადგან ჩვენს საშველად მოვიდა...“

ბონდო სირბილაძე, 69 წლის: „2012 წელს ველოდები მთავრობის შეცვლას. ამ ხელისუფლების ხელში ყოვლად შეუძლებელია ცხოვრება. როდესაც საარსებო მინიმუმი 240 ლარია და გაძლევენ პენსიას 110 ლარს. ესე იგი სასიკვდილოდ გიმეტებენ. 42 წლის სტაჟი მაქვს, ჯერ მუშა ვიყავი, მერე ინჟინერი. ერთ-ერთი პატარა წარმოების ხელმძღვანელიც ვიყავი. ასეთი რამ არ მინახავს, კაცი აშენებდეს თეატრს და ამბობდეს მოპირკეთებააო. რა მოპირკეთებაა? არ შეეშალოს მშენებლობა, თორემ დამახინჯდება თეატრი. რესტავრაციას ორი წელი არ ყოფნის, ესენი კი ერთ წელიწადში ასრულებენ. ბაბუ, იმიტომ არის, რომ მეორე დღეს ისევ გასაკეთებელია. ეგი საცოდავი მუშები ქე არიან გადმოკიდებული ხარაჩოებზე. ეს მთავრობა თუ კიდევ დარჩა, 2012 წელს შემომიტანეთ სახლში კუბო და გამასვენეთ!“

ნატალია ნიჟარაძე, 45 წლის, ექიმი: „პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, სურვილებისა და ოცნებების ახდენას, ღმერთის მფარველობას და მშვიდობას - ამას ვთხოვ ახალ, 2012 წელს.“

ეთო თვალოძე, 23 წლის, ხელოვნებათმცოდნე: „ჩემი წელია წელს, დრაკონის წელში ვარ დაბადებული, ამიტომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდები (იცინის), ცხენი თუ არ იქნება, იაგუარი იყოს, არ დავეძებ.“

გიორგი ბენიძე, 34 წლის, არქიტექტორი: „ამ ახალ წელს, იმედია, დავოჯახდები, დროა უკვე და 2012 წელს რომ გადავაცილო, სახლში აღარ შემიშვებენ.“

დარო ფანცხავა, 24 წლის, თარჯიმანი: „ახალ წელს ვხვდები ახალი იმედებით, მინდა კარგი სამსახური მქონდეს და ყველასთვის ბედნიერების წელი იყოს.“

სალომე იობიძე, 21 წლის, სტუდენტი: „მინდა 1012 წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის იყოს ყოველივე საუკეთესოს მომტანი, ჩემს პატარა შვილთან და ჩემს მეუღლესთან ერთად სიხარულს ველოდები, ღმერთის წყალობით, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.ყველას გილოცავთ დამდეგ 2012 წელს.“

მაკა შარაშენიძე, 25 წლის, ჟურნალისტი: „2012 წელს სამყაროს აღსასრულს ველოდები, თუმცა არ მეშინია. ვისაც ეშინია, შეუძლია, ქონება ჩემს სახელზე დატოვოს (იცინის), სერიოზულად კი... მინდა ბედნიერების წელი იყოს.“

ნუგზარ თუთბერიძე, 44 წლის, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი: „2012 მინდა სიხარულის და ბარაქის წელი იყოს, ჯანმრთელად მყავდეს ჩემი შვილები, მშვიდობა სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში.“

თიკო ლეჟავა, 19 წლის, სტუდენტი: „სიხარულის და წარმატებების წელი იქნება, ზუსტად ვიცი. ძალიან მიხარია ახალი წლის დადგომა, ყოველთვის სიახლეებს ველოდები. იმედი მაქვს, 2012 სამყაროს აღსასრულის წელი არ იქნება, კიდევ მინდა სიცოცხლე (იცინის). მაგრამ ეს ყოველივე დარწმუნებული ვარ, სიცრუეა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია