დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ძნელადაღსაზრდელ ბავშვებს სპეცსკოლაში გამწესებას უპირებენ...
2011/12/26 13:17:30

საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარეობს იმ კანონპროექტის განხილვა, რომლითაც განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის და რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაუმორჩილებელ ბავშვებს სკოლა-პანსიონში გადაამისამართებს.

 

„წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონს ემატება ცალკე თავი, რომლითაც განისაზღვრება დევიანტური ქცევის მქონე არასრულწლოვნის გადამისამართების (რეფერალის) გამოყენების წესი. პროექტის შესაბამისად, გადამისამართება (არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნა, სხვა სკოლაში გადაყვანა ან სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და სხვა ღონისძიებები) ხორციელდება დევიანტური ქცევის მქონე ისეთი არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 10 წელი და მიმართვიდან 6 თვის მანძილზე არ შეუსრულდება 18 წელი,“ - წერია მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში. უნდა აღინიშნოს, რომ განმარტებითი ბარათი ამით იმეორებს უშუალოდ კანონპროექტის ერთ-ერთ აბზაცს, ნაცვლად იმისა, რომ ახსნას, თუ რატომ გახდა საჭირო მსგავსი ინიციატივის მომზადება და რატომ არის აუცილებელი 10 წლის ბავშვების სკოლა-პანსიონში გაგზავნა და ოჯახისაგან მოწყვეტა.

„პირველ რიგში, ტერმინებში დამატებით განმარტებას საჭიროებს „დევიანტური ქცევა“. ეს ძალიან ფართო ტერმინია. დევიანტურ ქცევაში იგულისხმება არა მხოლოდ დანაშაულებრივი ან ასოციალური, არამედ  ისეთი ქცევებიც, რომელსაც ფსიქიკური დარღვევები განაპირობებს. ამ  ტერმინის დაკონკრეტება  აუცილებელია, რათა გაუთვალისწინებელი შედეგები არ მივიღოთ,“ - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა „ლიბერალთან“ საუბარში. ფსიქოლოგის განცხადებით, მაგალითად,  ჰიპერკინეტიკური დარღვევის მქონე  ბავშვები ამა თუ იმ ქმედების დროს წინდაუხედაობითა და იმპულსურობით  გამოირჩევიან და სოციალური ნორმების დარღვევის გამო დისციპლინურ სასჯელსაც იღებენ ხოლმე.

„ზოგადად, ბავშვებში ჰიპერკინეტიკური დარღვევები ხშირია, მაგალითად, ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი)  მსგავსი დარღვევების მქონე ბავშვები ხშირად ქმნიან პრობლემას სკოლაში, მათ ახასიათებთ ე. წ. მოტორული მოუსვენრობა... ისინი ვერ მართავენ საკუთარ ქცევას, ზეაქტიურები არიან. ამ ბავშვებს სპეციალისტის, ფსიქოლოგის მიზანმიმართული დახმარება  სჭირდებათ. ამ კანონით  კი ისინი შეიძლება არასწორ ადგილას აღმოჩნდნენ, თან მშობლებს და ოჯახს მოწყვეტილები. დიდია იმის ალბათობა, რომ  ბავშვების ქცევა კიდევ უფრო  გამწვავდება და მდგომარეობა გაუარესდება“ - აღნიშნავს მაია ცირამუა და დასძენს:

„არსებობს სხვა რისკებიც: ტერმინის ბუნდოვანი განმარტება მანიპულირების და თავისუფალი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა და ამ დაწესებულებაში შეიძლება მოხვდე ფანჯრის ჩამტვრევისთვისაც  და სერიოზული კრიმინალური ქცევისთვისაც, ასევე, არა მგონია სწორი იყოს კრიმინალური ქცევისა და მარტივი ქცევითი დარღვევის მქონე ბავშვების ერთ სივრცეში ყოფნა, რადგან ცნობილია, რომ მოზარდები ადვილად ექცევიან ერთმანეთის გავლენის ქვეშ. ეს უკვე ახალ რისკებს ქმნის!“

ფსიქოლოგი მაია გედევანიშვილი ფიქრობს, რომ იმ ბავშვების მიმართ, რომელთა ქცევაც ასოციალურია, ანუ მათი ქცევა ნორმის ფარგლებში ვერ ჯდება, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება კატეგორიულად მიუღებელი და უფრო მეტიც, დისკრიმინაციულია და ამით სახელმწიფო ბავშვების ახალ სოციალურ ჯგუფს შექმნის.

„ეს არის ძალიან უცნაური რამ - ჩვენი სახელმწიფო ერთის მხრივ ახორციელებს კარგ პროგრამებს და პროექტებს, რომლებიც სრულიად თანხვედრაშია იმ პრინციპებთან, რაც მოცემულია ბავშვთა უფლებების კონვენციაში, მაგალითად დეინსტიტუციონალიზმის დიდი პროგრამა, გარდა ამისა, ინკლუზიური პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, რომელიც  ზის კლასში და სწავლობს სხვა ბავშვებთან ერთად... და ამ დროს ე.წ. რთული ქცევის ბავშვს, ვწყვეტთ სკოლას და სახლსაც და მიგვყავს, დავუშვათ, 6 თვით. შემდეგ, ისევ ის მულტიდისციპლინარული კომიტეტი, რომელსაც სამინისტროში დააკომპლექტებენ, გადაწყვეტს, გაუგრძელებს ვადას ბავშვს თუ არა. ყველაზე საინტერესო ეს არის, დავუშვათ არ გაუგრძელეს და დააბრუნეს უკან სკოლაში - ეს არის, როგორ გითხრათ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აბსოლუტურად დაუშვებელი... ჩვენ ვქმნით ბავშვთა ახალ სოციალურ ჯგუფს და თან როგორ ჯგუფს - განაწყენებული ძალიან რბილი ნათქვამია - გაბოროტებულს მთელ გარესამყაროზე. ეს კატეგორიულად დაუშვებელია“ - აცხადებს  მაია გედევანიშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში.

კანონპროექტით, არასრულწლოვნის გადამისამართების ანუ მაგალითად, სკოლა-პანსიონში გაგზავნის გადაწყვეტილებას იღებს მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც შედგება 9 წევრისაგან, რომელსაც აკომპლექტებს განათლების სამინისტრო და რომელშიც შედიან სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები და ბავშვთა ფსიქოლოგები. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ქვეჯგუფების მეშვეობით. აგრეთვე განსაზღვრული არიან ის პირები, ვისაც აქვთ ჯგუფისათვის მიმართვის უფლება: სკოლა, მანდატური, მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, უბნის ინსპექტორი, სოციალური მუშაკი. რაც შეეხება გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილებას, ის მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის მშობელი ქუთაისიდან, რომელიც არ ეთანხმება მისი შვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, თბილისში უნდა ჩამოვიდეს. ხოლო თუ ის მულტიდისციპლინარული ჯგუფის ან ქვე-ჯგუფის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, გადაიხდის ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, განმეორებით არ შესრულების შემთხვევაში კი - 1000 ლარის ოდენობით.

„თუ გვინდა გარკვეული ტიპის სასწავლო პრობლემების მქონე ბავშვების დახმარება, რომლებიც საკუთარ თავსაც და სხვებსაც პრობლემებს უქმნიან, ვთქვათ, სასწავლო პროცესს შლიან და თანატოლებს რაიმე საშიშროების წინაშე აყენებენ, ამ შემთხვევაში სხვა სახის პრევენციის ამოქმედებაა საჭირო. ეს პრევენცია შეიძლება სკოლის დონეზეც არსებობდეს, თუ სკოლაში ფსიქოლოგები იმუშავებენ. სპეციალიზებულ სააღმზრდელო დაწესებულებებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ამ ტიპის დაწესებულებებში მოთავსება უკიდურესი ზომა უნდა იყოს და მას შემდეგ უნდა გამოვიყენოთ, რაც ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება ამაოდ ჩაივლის და ფსიქოლოგს აღარ შეეძლება, ადგილზე განმუხტოს სიტუაცია“  - მიაჩნია ფსიქოლოგ მაია ცირამუას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია