დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პატარა საქართველო უცხო ცის ქვეშ
2011/12/26 13:17:00

მილიონობით ქართველი ახალ წელს სამშობლოდან შორს, სხვადასხვა ქვეყანაში ხვდება, ზოგი უკვე შეეჩვია ახალ გარემოს, უცხო ცის ქვეშ მცხოვრებლებს სამშობლოს მონატრება აერთიანებთ. ენატრებათ ყველაფერი, რაც ქართულია და რასაც მშობლიური ჰქვია. როგორც გაირკვა, ქართველები დღესასწაულებზე ერთად იკრიბებიან და ტრადიციულად აღნიშნავენ. მაინც, როგორ ეგებებიან ჩვენებურები შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში?

 

ლანა ზარქუა (საბერძნეთი): „ქართველები ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავთ და ქართულ კერძებს ვამზადებთ, ქართულ ტელეარხებს ვუყურებთ.

ბერძნები 25 დეკემბერს აღნიშნავენ ქარისტეშობას. ჩვენ კი 1 იანვარს ვიკრიბებით და ქართული ნობათით ვშლით საახალწლო სუფრას. მე სამი წელია, რაც საბერძნეთში ვარ და სამშობლოში ჯერ არ ვყოფილვარ. არიან ისეთებიც, რომლებიც საახალწლოდ ახერხებენ ნათესავებთან სტუმრობას, თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ყველას ერთი ტკივილი გვაერთიანებს.“

ხატი გაბრიჩიძე (იტალია): „უკვე მეორე წელია, ახალ წელს იტალიაში ვხვდები. ემიგრანტებისთვის ასეთი დღესასწაულები განსაკუთრებულია. აქ ძალიან ბევრნი ვართ. მათ შორის რამდენიმე, უკვე 7-8 წელია, სამშობლოს მხოლოდ სიზმარში ხედავს. თურმე, რამდენი მეგობარიც არ უნდა გყავდეს, ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარეშე ყოფნა ძნელი ყოფილა. ქართველები დღესასწაულებს სახლში ვხვდებით, ქართული კერძებით, შემდეგ კი ქუჩაში გავდივართ და იქ ვერთობით. იტალიელები 25 დეკემბერს ზეიმობენ კათოლიკურ შობას, 31 დეკემბერს კი სიმბოლურად აღნიშნავენ და სუფრას ტკბილეულით, თევზითა და სასმელით ამშვენებენ. ისინი უფრო გართობაზე ფიქრობენ და ერთი დილიდან მეორე დილამდე ქუჩაში არიან.

ჩვენი სუფრა უფრო მრავალფეროვანია და ამას თავად იტალიელებიც აღნიშნავენ. საახალწლოდ ერთკვირიანი დასვენება გვაქვს და ვცდილობთ, ეს დღეები ერთად გავატაროთ, ტრადიციებსაც ვიცავთ და ვერთობით კიდეც. ზოგი საახალწლო სურვილსაც ამხელს ხოლმე და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს.

სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში, თუმცა რამდენიმე ხნით იტალიაში ისევ ჩამოვიდოდი, აქაურობასაც შევეჩვიე და იტალიელი მეგობრებიც ბლომად შევიძინე.“

კახა ნოზაძე (აშშ, ფლორიდა): „მესამე წელია, რაც ახალ წელს უცნაურ გარემოში ვხვდები. ტროპიკულ შტატში ვცხოვრობ და ამიტომაც ქართულ ახალ წელს ვერც კი შევადარებ. აქ ცოტანი ვართ ქართველები, მაგრამ ვახერხებთ ერთმანეთს წინასაახალწლო განწყობა შევუქმნათ. გარემოს მიუხედავად, ამ დღესასწაულს მოუთმენლად ველოდებით და ვცდილობთ, სადმე ცივი ადგილი მოვძებნოთ, თოვლზე ხომ არც კი ვოცნებობთ. საახალწლოდ ქართულ კერძებს ვაკეთებთ და 25 გრადუსში ვეგებებით ახალ წელს. გავაწყობთ „პატარა საქართველოს“, შუაცეცხლზე ავაშიშხინებთ მწვადებს და ამ სურნელით თითქოს საქართველოში ვბრუნდებით ცოტა ხნით. ნობათს, ძირითადად, სამშობლოდან გვიგზავნიან და ცოტა აქაურსაც ვამატებთ. გამოგზავნილ საჭმელს, უმეტესად, დღესასწაულებისთვის ვინახავთ.

აქაურები 25 დეკემბერს აღნიშნავენ - „ქრისთმასს“. მთელ ღამეს ქუჩაში ატარებენ. უმეტესად ზეიმს დილიდან იწყებენ.“

ანა მეგრელიშვილი (გერმანია): „მეორე წელია, რაც შობა-ახალ წელს გერმანიაში ვხვდები. შარშან მხოლოდ რამდენიმე ქართველს ვიცნობდი, მითხრეს, ერთ ჩვენებურთან ვიკრიბებით და შენც წამოდიო. თავიდან ცოტა მერიდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ქართულ სუფრაზე თამადად ახალგაზრდა გერმანელი დანიშნეს. ჩვენი სუფრის გერმანელმა წინამძღოლმა - პირველი საქართველოს სადღეგრძელო შემოგვთავაზა. შემდეგ კი - დანარჩენი, მამაპაპური. როგორც შევიტყვე, ჩვენი თამადა რამდენჯერმე სტუმრებია საქართველოს და ენასთან ერთად ტრადიციებიც უსწავლია.

ჩვენს სუფრაზე რამდენიმე გერმანელიც მოხვდა. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლოს, ცოტა გრადუსში შესულებმა, ერთმანეთში დავიწყეთ ლაპარაკი და თამადა თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც. საწყალმა ხან სახელები გვიძახა, სათითაოდ გაჩუმება გვთხოვა, გვისაყვედურა კიდეც და მაინც რომ ვერაფერს გახდა, გაბრაზებულმა ბოლო ხმაზე იყვირა: ბოლოს და ბოლოს, თამადა ვარ, თუ ვინა ვარ, ვერ გავიგე! მე ხომ გისმენდით, ახლა თქვენც მომისმინეთო. აი, მაშინ მივხვდი, ჩვენივე  ნებით  რა  „შარშიც“ გავყავით თავი. თამადა დავაფასეთ და მასთან ერთად ქართული ხალხური სიმღერებიც შემოვძახეთ და ვიცეკვეთ კიდეც. მართალია, ცეკვა-სიმღერის ნიჭი ყველას არ ჰქონდა, მაგრამ სასმელით ნამუსი მოვაჩუმეთ და გულიანადაც შემოვძახეთ.

წელსაც ვაპირებთ ერთად შეკრებას და ქეიფს. თამადა ისევ უცვლელია, უკვე კარგად ფლობს ქართულ ტრადიციულ სადღეგრძელოებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ქართველებისგან განსხვავებით, არც განსხვავებულზე ამბობს უარს და, რაც მთავარია, სუფრას ყანწით აგვირგვინებს.“

შობა-ახალი წელი ყველა ქართველს ნებისმიერ ქვეყანაში ერთად კრებს და დროებით აბრუნებს სამშობლოში. მშობლიურ  კერას   მოშორებულები  „პატარა  საქართველოს“  უცხო ცის  ქვეშ აწყობენ და ოცნებებით მშობლიურ ქვეყანას სტუმრობენ.

საახალწლო სურვილი, ალბათ, ყველა ემიგრანტს ერთნაირი აქვს - თავის ქვეყანაში დაბრუნება.

 

მალვინა ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია