დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მინდა, ორი დღე მაინც არ გამოვიდე სამათხოვროდ“
2011/12/26 13:12:35

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია სოციალურად დაუცველი ფენის ფინანსური პრობლემებისა და შეჭირვებული ცხოვრების შესახებ. ამჯერად იმის გაგებას შევეცადეთ, თუ როგორ ხვდებიან ისინი შობა-ახალ წელს. ბევრმა უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ისედაც სამარცხვინო ბედი მერგო და კიდევ გაზეთი და ფოტოები რად მინდაო. თუმცა რამდენიმე მათგანის ჩაწერა მაინც მოვახერხეთ.

 

თინა ბებო, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხშირად დგას. დახმარებას მოკრძალებით ითხოვს. ქუჩაში გამოსვლა შვილის ავადმყოფობამ აიძულა. დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ლარს უყრის თავს, დღესასწაულზე უფრო მეტსაც აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ძალიან უჭირს, იმედი მაინც აქვს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთესით შეიცვლება. საახალწლოდ რა ექნება სუფრაზე? მისი პასუხი მოკლეა: „არაფერი...“

მიკროავტობუსებთან ადვილად შენიშნავთ შაოსან ბებოს (სახელი არ მითხრა), ჯამი რომ უჭირავს ხელში და ცრემლიანი თვალებით დახმარებას ელის.

- როგორ უნდა შევხვდე ახალ წელს, ხომ ხედავ, რა საცოდავად ვაგროვებ ქუჩაში ფულს. თუ ვინმე მოწყალებას გაიღებს, ხომ კარგი, თუ არადა, ღვთის ანაბარა ვარ. აქამდი არ გავუწირივარ ღმერთს და არც აწი გამწირავს, ალბათ. ჩემთვის დიდი ხნის წინ დასრულდა ახალი წელი. ახლა ლუკმა-პურზე ვარ დახამებული. ესაა ცხოვრება? ტაძრის ეზოშიც ვდგავარ. ბაზრობებზეც, ხან კიდევ მთელი დღე ქუჩაში დავდივარ, იქნება ვინმე დამეხმაროს (ცრემლები წამოუვიდა).

- სახელმწიფოსგან დახმარებას იღებთ? 

- კი. ამ საახალწლოდაც იყო ლაპარაკი დახმარებაზე, მაგრამ ახლა ხმას არ იღებენ. ნახე, შვილო, რამდენი რამე იყიდება. გული გაგინათდება, მაგრამ ფული რომ არ მაქ, ვერაფერს ვერ ვყიდულობ.

- ახალ წელს სად შეხვდებით?

- იმედი მაქვს, ქუჩაში არ შევხვდები, ჩემს ღარიბულ ერთ ოთახიან ბინაში ვიქნები, სადაც გათბობაც კი არ მაქვს. საცივზე და სხვა საჭმელზე არ ვამბობ არაფერს, სად მაქვს მაგის ფული. შვილო, წადი რა, ისედაც დაჩაგრული ვარ და კიდევ რათ მინდა გაზეთში დაწერა!

ნოდარი, 70 წლის. თეატრის უკან, ხარების ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მყუდრო ადგილას ზის და დახმარებას ითხოვს. ჯამზე ხატი და ქაღალდი უდევს, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: „დამეხმარეთ“.

- ამ ხატის დახმარებით გდგავარ ფეხზე. თავიდან თავმოყვარეობა მტანჯავდა. მე ხომ დედაჩემს მათხოვრად არ გავუჩენივარ?! ახლა უკვე ყველაფერს შევეგუე. ქუჩაში უამრავ ჩემნაირს ნახავთ, განათლებული და ინტელექტიც რომ აქვთ, მაგრამ ბედდაჩაგრულები რომ არიან. მთავრობაში კანონებს იღებენ, სარწმუნოებას ებრძვიან, ერთმანეთს იმეტებენ სისაძაგლისთვის. იქნებ ვინმე ჩვენნაირებსაც დაეხმაროს. მეხუთე წელია, რაც ქუჩაში ვხვდები ახალ წელს. უბედური ვარ, ჩემო გოგო. არც ცოლია ჩემთვის, არც შვილები და არც დახმარებას ვიღებ სახელმწიფოსგან.

37 წლის ირინაც ნახევრად ქუჩის ბინადარია. ფულის სათხოვნელად ე.წ. „პასაჟებში“ დგას. მეუღლე ავადმყოფი ჰყოლია, ორი პატარა ბავშვის რჩენა კი იოლი სულაც არ არის.

- წერეთლის უნივერსიტეტი დავამთავრე, ჰუმანიტარულებზე ვსწავლობდი. თავის ქება არ მინდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ვიყავი. დღეს კი, ხომ ხედავთ, რა არაადამიანურ გარემოში მიწევს ყოფნა? 10 ლარზე რომ ავდივარ, სიხარულით ცას ვეწევი. ამ დროს ჩემი ქმრისთვის წამალს ვყიდულობ. ბავშვებს ნორმალურად ვაცმევ, ვაჭმევ. როცა ნორმალურად ვიღებთ თანხას, მაშინაა ჩვენთვის ახალი წელიც, დაბადების დღეც და ასე შემდეგ. დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ის თანხა არაფერში გვყოფნის. ნაძვის ხეს რომ ვერ ააწყობ, ესაა ახალი წელი? (ტირის) წელს მინდა, ნორმალური საჭმელი გავაკეთო და ორი დღე მაინც არ გამოვიდე სამათხოვროდ. არ ვიცი, როგრ მოხერხდება. ყველას სიხარული და ჯანმრთელობა დაგებედოთ. მიუხედავად იმისა, რომ განწირულივით ვცხოვრობ, ადამიანების არ მშურს. ზოგს ბევრი ექნება, ზოგს კიდევ არაფერი. იცით, ყველაზე მეტად რა არ მინდა? ჩემმა შვილებმა გარიყულად რომ იგრძნონ საზოგადოებისგან თავი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია