დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვებრძვით, თუ გვეშინია?
2011/12/12 12:22:07

მსოფლოში არაერთი პრობლემის თუ დაავადების დასაძლევად ერთიანდებიან. მათ შორის არის შიდსი. 1988 წელს, შიდსის პრევენციის პროგრამით, ჯანდაცვის მინისტრების სხდომაზე კალენდარში პირველი დეკემბერი მონიშნეს და შიდსთან ბრძოლის დღედ აღიარეს.

შიდსი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გლობალური ეპიდემიაა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია სამოცდაცხრა მილიონი კაცი, ქალი და ბავშვი. მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში წუთში 5 ადამიანი იღუპება. შიდსმა უკვე ოცდაშვიდი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

შიდსი ანუ იმუნოდეფიციტის სინდრომი ურთულესი დაავადებაა. მას იწევევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აივ. ის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია. ის ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისა და სიმსივნური დაავადებებისაგან.

შიდსი აივის უკვე გართულებული ფორმაა, რომელიც განუკურნებელია. იგი დაავადებების კომპლექსია, რომელიც უვითარდება აივ-ინფიცირებულ ადამიანს, დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე.

აივ-ინფექცია ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს და რამდენიმე წელიწადში მას მთლიანად ანადგურებს. დაავადების ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები არ აღენიშნება. ინფექციის პროგრესთან ერთად სხვადასხვა ადამიანებს დაავადების განსხვავებული ნიშნები უვითარდებათ. მაგალითად: ძლიერი საერთო სისუსტე, გახანგრძლივებული ცხელება და ფაღარათი, სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე და სხვა.

აივ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება გადაეცეს: სქესობრივი გზით, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებით (ინფიცირება საერთო შპრიცით), მედმუშაკებში შპრიცით მანიპულაციის დროს, ვერტიკალური გზით ანუ ინფიცირებული დედისგან - ნაყოფზე გადასვლით და შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით.

ასევე არსებობს სხვა გზები, რომლითაც შესაძლოა, სრულიად შემთხვევით და გაუცნობიერებლად, ჯანმრთელი ადამიანი დაავადდეს. მაგალითად: ტატუირების ან პირსინგის დროს არასტერილური ინსტრუმენტების ხმარებისას.

აივ-ინფექცია გადამდებია ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე. იმისათვის, რომ გავიგოთ, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი, აივ საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. სისხლში ამ ანტისხეულების გამომუშავება ხდება ინფიცირებიდან დაახლოებით 3 თვეში, ამიტომ ანალიზი უნდა გაკეთდეს შესაძლო დაინფიცირების მომენტიდან ამ პერიოდის გავლის შემდეგ.

აივ ვირუსი არ გადადის კოცნით, რადგან ნერწყვში ვირუსი იმდენად მცირე კონცენტრაციითაა, კოცნით ინფიცირება შეუძლებელია. მაგრამ სხვა ფიზიოლოგიურ სითხეებში (სპერმაში, რძეში, უფრო მეტად - სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში) ვირუსები ძალზე დიდი კონცენტრაციითაა და ინფიცირების თვალსაზრისით საშიშია.

შიდსი, როგორც აღვნიშნეთ, მეტად საშიში  და განსაკუთრებული დაავადებაა, მაგრამ დღეისათვის არსებობს სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად  ახანგრძლივებს აივ-ინფექციის შიდსის  სტადიაში  გადასვლის პროცესს და უხანგრძლივებს ავადმყოფს სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია, რამდენად ადრე მოხდება აივ ინფექციის დადგენა, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა გაცილებით უფრო ეფექტურია.

აივ ინფიცირებული ადამიანი სოციალურ და საყოფაცხოვრებო კონტაქტების ფარგლებში საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

ინფიცირებულ ადამიანთა უფლებებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს. დაუშვებელია მისი აივ ინფიცირებულობის გამო, დანაშაულში ეჭვმიტანილის რაიმე ფორმით დისკრიმინაცია.

შემოგთავაზებთ სტატისტიკურ მონაცემებს. საქართველოში აივ ინფექციის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. 2011 წლის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში 3080 ადამიანია რეგისტრირებული. შიდსი განუვითარდა 1891 პაციენტს, 680 გარდაცვლილია, აივ მკურნალობაზე აყვანილია 39 ბავშვი.

როგორც ვხედავთ, სტატისტიკა ყოველწლიურად იცვლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შიდსის ვაქცინა ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, ამიტომ გავფრთხილდეთ და დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე საშინელი სენისაგან. თუკი გვაქვს საშუალება, ადამიანი ვიხსნათ ან გავაფრთხილოთ ამ ინფექციის შესახებ, უკან ნუ დავიხევთ. ჩვენ ვეხმარებით სხვას, ამით ვიცავთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

 

ნინო ჩიტიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია