დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოუცხადებელი ომი შთამომავლობის წინააღმდეგ
2011/12/05 11:53:55

დედა, რატომ გამიმეტე ხორცის ნაჭრებად?

 

 

მიკროავტობუსში ორი ახალგაზრდა გოგონას (ხორხოცისა და ჭორაობის დონეზე) დიალოგი:

შავთმიანი ეკითხება გვერდით მჯდომს:

- მერამდენე თვეში ხარ?

- პირველში... ნაცნობ ექიმთან მივდივარ ახლა, იქნებ როგორმე მიშველოს...

- უი, ამ თვეში იშორებ? დაგეცადა 3-4 თვემდე... რატომ იგდებ თავს რისკში, დაზღვეული მაინც იქნებოდი.. მე ასე ვაკეთებ, მუცელი არ მეტყობოდა... 3 თვის  ვიყავი, როცა ექიმი მოვატყუე, 1 თვის ვარ-მეთქი. ექოსკოპიაზე არ გამატარა, მერე, რომ მიხვდა, გვიანღა იყო... მაინც რად მინდოდა, გოგო ყოფილა, ერთი გოგო კი მყავს, თან ჩემს ქმარს ბიჭი უნდა და...

- შენი არ ვიცი, მაგრამ სანამ დამეტყობა, უნდა მოვიშორო, ახლა აბებს ვსვამ, იქნებ მიშველოს. ბავშვის თრევისა და ზრდის თავი არ მაქვს. სახლშიც მომკლავენ (ეღიმება).

ნეტავ, რამ გააღიმა, დღესაც ვერ ვხდები... კიდევ კარგი, რომ ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. ჩასვლისას თვალი ავარიდე, რადგან თვალწინ დამიდგა რეალობა, როცა კლავ შვილს და ამას გამოსავალს არქმევ.

 

გამოუცხადებელი ომი შთამომავლობის წინააღმდეგ - ასე დავარქმევდი იმ სტერეოტიპს, რასაც აბორტით „ზედმეტი ტვირთის“ მოცილება ჰქვია (სატირალია, როცა ტვირთში ჩვილი იგულისხმება)

აბორტი მხოლოდ 21-ე საუკუნის პრობლემა როდია. მსგავსი უბედურება ქართულ და მსოფლიო რეალობაში საუკუნეების უკანაც ხდებოდა, თუმცა სიკვდილით ისჯებოდა.

ძველ საქართველოშიც მუცლის მოშლა მკაცრად იკრძალებოდა. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნთა კრებულის თანახმად, ქალს, რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სასჯელად დროებითი ექსორია ენიშნებოდა, ქმარი კი მაშინვე უნდა გაშორებოდა.

ჩვენი დროის საქართველოში კანონი მხოლოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ასეთ დროს, პირველ რიგში, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომლის 139-ე მუხლი გვეუბნება, რომ აბორტი დასაშვები არის, ვიდრე ქალის ორსულობა არ აღემატება 12 კვირას. შემდეგ გაკეთებული აბორტი უკვე კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება. აქედან დასკვნა: აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა. ამას ისიც ემატება, რომ ნაყოფის მოცილება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისთვის.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში აღრიცხული 210 მილიონი ორსულობიდან 46 მილიონი აბორტით მთავრდება. მათ შორის 19 მილიონი უსაფრთხო არ არის და სწორედ დედათა სიკვდილიანობის 13% არაუსაფრთხო აბორტზე მოდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არასრულწლოვანი გოგონების 80% აბორტის გაკეთების შემდეგ საშვილოსნოს ან მკერდის კიბოთი ავადდება. ამ სავალალო შედეგს ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ მალული აბორტების ჭარბი რიცხვიც ემატება. ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი დაფიქსირებულა ჩვენს ქვეყანაში: სანაგვე ურნებში, მდინარისა თუ ზღვის სანაპიროებზე, კანალიზაციაში ნაპოვნი ჩვილები. ამის მიუხედავად, მაინც რამდენი ადამიანი ოცნებობს შვილზე და იტანჯება უშვილობით?

ისინი კი, ვისაც უფლის წყალობით შეუძლიათ ამ ქვეყანაზე ახალი სიცოცხლე მოავლინონ, ჩანასახშივე კლავენ მას...

მართალია, მშობლებს თანაბრად ეტვირთებათ დანაშაული, რადგან ხშირად ეს მათი ერთობლივი თანხმობის, ან რომელიმეს უგუნურების შედეგია. იმის გამო, რომ მამაკაცი არ აღიარებს შვილს, ან მისგან დამალვას ეცდება, მარტოდ დარჩენილი ქალი ვერ იღებს ბავშვის გაზრდისა და უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას, გამოსავალს ჩვილის მკვლელობაში პოულობს, რათა არ გაირიყოს საზოგადოებისაგან. ამას ისიც ემატება, რომ გაყიდვაშია სპეციალური აბები, რომელიც იწვევს ნაყოფის მოწყვეტას და ჩამოშლას. ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ, ამ დროს პატარა რას განიცდის...

 თუმცა ეს აკვიატებული მოსაზრება, რომ გამოსავალს კონტრაცეპტული საშუალებები წარმოადგენს, სავსებით მცდარია. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება აბორტების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. აბორტების ნახევარზე მეტი უხეირო კონტრაცეპციის შედეგია. მათი უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც ხდება აბორტის მიზეზი.

არადა ისიც მართალია, რომ ნაწილი ქალებისა ამ ცოდვას სჩადიან ისე, რომ არ იციან, რას აკეთებენ. ისინი  მიიჩნევენ, რომ, ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა, ხოლო თავის ორგანიზმს ყველას შეუძლია ისე მოექცეს, როგორც მას მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორტის გასაკეთებლად ისევე იოლად მიბრძანდებიან ექიმთან, თითქოს, კბილის ამოსაღებად მიდიან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რელიგიაც და მეცნიერებიც გვიდასტურებენ ერთსა და იმავეს; ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე. მაშ, მართებული კითხვა იქნება: დაცულია თუ არა ბავშვის უფლებები?

მაგალითად, საფრანგეთში, სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, შვედეთში - 20 კვირის შემდეგ, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე დაცულია მხოლოდ დაბადების შემდეგ.

ერთი ამერიკული ჟურნალი იტყობინებოდა მშობიარე ქალის შესახებ, რომელმაც ხუთთვიანი ბავშვი შვა. იგი ემუდარებოდა ექიმებს ბავშვის გადარჩენას. მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა. სიცოცხლის სახსნელად იღვწოდნენ ყველაზე გამოცდილი ექიმები, გამოყოფილი იყო დიდძალი თანხები... იმავე საავადმყოფოში, იმავე დღეს, ოღონდ სხვა პალატაში, სხვა ქალი აბორტით იცილებდა ხუთი თვის ბავშვს. გამოდის, რომ ერთ პალატაში ხუთთვიანი ბავშვი აღიქმება ადამიანად, ხოლო მეზობლად - ასეთივე ხუთი თვის ბავშვი დაქუცმაცებულ ხორცის ნაჭრებად...

რაც შეეხება პირდაპირ იმათ, ვინც უშუალო მონაწილენი არიან ამ ცოდვისა... ექიმებო, თქვენი მოწოდება ხომ სიცოცხლის გადარჩენაა? განა რა მიდის თქვენგან, რომ მოუყვეთ თქვენს პაციენტებს, თუ რამდენად იზრდება მათში მუცლის მოწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მომდევნო ორსულობისას; თუ როგორ იმოქმედებს ამ ბავშვის მკვლელობა მომავალი ბავშვების ჯანმრთელობაზე, თუკი ისინი ამქვეყანას მოევლინებიან! ხომ შეიძლება  ეს ნაყოფი მათთთვის ერთადერთი აღმოჩნდეს და ვეღარასდროს გამოსცადოს დედობა? ახალი სიცოცხლე ხომ უიარაღოდ იბრძვის დედის წიაღიდან გამოსასვლელად, თქვენ კი ბასრ მახვილს ახვედრებთ და ნაკუწებად აქცევთ ცოცხალ სხეულს... თუ აუხსენით, რა გრძნობაა, როცა დედა ჩვილს გულში იხუტებს, პატარა არსება ფართო თვალებით ეტიტინება და დამარცვლით წარმოთქვამს სანუკვარს სიტყვებს: „დე....და....“

ისიც უნდა იყოს ცხადი, რომ სახელი „ემბრიონი“ ან „ნაყოფი“ იმავე მიზანს ემსახურება, რასაც სახელი „მოზარდი“ და „ზრდასრული“. სამეცნიერო ტერმინები  ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ განვითარების რა სტადიაზე იმყოფება ესა თუ ის ადამიანი. აქედან თითოეული სიტყვა ადამიანს ნიშნავს.

წლების წინ ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს 12 კვირიანი ნაყოფის მდგომარეობა. ეკრანზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ გამწოვისთვის თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძლიერად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატით საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს და უხმო ძახილით, თითქოს გადარჩენას ითხოვს დედისგან (აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც „უხმო ძახილი“).

ამ ფილმმა მრავალი ადამიანი შეძრა და აატირა, მათ შორის - მეც, იმედი მაქვს ბევრიც სინანულმა შეაწუხა. ყოველივე ამის შემდეგ თუ კიდევ მოიძებნება ისეთი „დედიკო“, რომელიც დაიჟინებს აბორტის გაკეთებას, მაშინ რაღა გვაქვს სათქმელი? იქნებ მართლაც უმჯობესი იყოს, „დაიღუპოს პაწია, ვიდრე დედის სახემიცემულ ამისთანა ურჩხულს ჩაუვარდეს ხელში“. ამ დროს ქალს აქვს გამოსავალი, მკვლელობის გარეშე, შვას ყრმა და გადასცეს ბავშვთა სახლს! თუ თავად არ გსურს აღზრდა, სხვები გაზრდიან, ოღონდ კი ნუ მოჰკლავ!

მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, აბორტი განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდ სჯულის კანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა დაისაჯონ „კანონითა კაცისმკვლელთათა“.

მკვლელია არამარტო ქალი, არამედ ექიმიც, მეუღლეც - ყველა, ვინც ურჩევს ბავშვის მოცილებას, ვინც იბრძვის აბორტის ლეგალიზაციისთვის, აწარმოებს და ჰყიდის მუცლის მოსაშლელ პრეპარატებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახარებაში ცხადად არის გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვის წამიდან იწყება. მაშასადამე, აბორტი ორსულობის ნებისმიერ სტადიაში მკვლელობაა.  მცნება „არა  კაც  ჰკლა“, მუცელში მოწყვეტილ ჩვილებსაც ეხება. ხოლო რაც შეეხება ექიმებს, ვინც აბორტს აკეთებს, მათ შესახებაც ნათლად სწერია: „წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად!“

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დედა სითბოს, სინაზის, სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც თავიდანვე ზრუნავს ჩვენთვის. სასიკვდილოდ გამეტებული შვილებიც სწორედ ამას ელოდებიან დედისაგან, მაგრამ ისინი დაანაწევრეს და ისე გამოიტანეს მშობლის სხეულიდან. სამწუხაროდ, საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

 

სალომე კოხრეიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია