დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოჩახჩახე მთავრობის სახლი და პარლამენტართა „ბჭობანი“
2011/12/05 11:45:49

ქუთაისს პატივად ერგო სამთავრობო უწყებების ქალაქი  გამხდარიყო. პარლამენტის შენობა მშენებლობის ეტაპზეა. მთავრობის სახლი კი პრეზიდენტმა პომპეზურად გახსნა და პირველი სხდომაც ჩაატარა. თუმცა სარემონტო სამუშაოები აქაც გრძელდება, სამაგიეროდ, 24 საათიანი განათებით ჩახჩახებს. რაც შეეხება კადრებს, იქ, ჯერჯერობით, დაცვის მუშაკების გარდა, ვერავის შეხვდებით.

პარალელურად, მომავალ საპარლამენტო ქალაქში უკვე კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობენ: სასტუმრო „ბაგრატში“ 29 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED“ ხელმძღვანელობდა.

განიხილეს პარლამენტის წევრთა რაოდენობის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორები და გარემოებები; ასევე ისიც - ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციური ცვლილებები დეპუტატთა რაოდენობის ზრდის თაობაზე 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს; ისაუბრეს კონსტიტუციური ცვლილებების გავლენაზე არსებულ საარჩევნო სისტემაზე; კონსტიტუციური კანონის მიღების შემთხვევაში მის სავარაუდო ფინანსურ ეფექტზე, სახელმწიფოს ბიუჯეტზე.

საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები, აგრეთვე პარლამენტარები გიორგი ახვლედიანი, გურამ ჩახვაძე, რომელთაც მოგვიანებით შემოუერთდათ ვახტანგ ბალავაძე.

ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა უკვე ყბადაღებულ თემად ქცეული - პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა-არგაზრდის საკითხი.

„არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება, თუ მას წინ არ უძღვის საჯარო განხილვა. ეს არც წინა ხელისუფლებას და არც დღევანდელს არ მოსვლია თავში. არავის აუხსნია მოსახლეობისთვის, თუ რატომ უნდა გაიზარდოს პარლამენტართა რაოდნეობა, ან - პირიქით“. ახვლედიანმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტართა ზრდას ერთი მხრივ დადებითი მხარეც აქვს - „რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო კარგად დავიცავთ მოსახლეობის ინტერესებსო.“

2011 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნდა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 190 დეპუტატით. კანონის თანახმად, პროპორციული სისტემის საფუძველზე უნდა აირჩეს პარლამენტის 107 წევრი, მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე კი - 83 დეპუტატი. როგორც პარლამენტარებმა აღნიშნეს, ზემოაღნიშნული ცვლილება ეფუძნებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას.

„ხალხი თავის ძალაუფლებას ანხორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავის წარმომადგენლების მეშვეობით,“ წერია საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში.

ცხადია, კონსტიტუციის მუხლებში ბევრი რამ წერია, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნებსა და უფლებებს ეს ბოლომდე ვერ ან არ აკმაყოფილებს. მაგალითად, შრომის კოდექსში წერია, რომ ყველას აქვს უფლება, იმუშაოს თავის პროფესიის, ასაკის და შესაძლებლობების შესაბამისად.“ აღნიშნული პრობლემა საჯარო შეხვედრისას დარბაზში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა წინ წამოსწია, თუმცა დაზუსტებული პასუხი ვერავისგან მიიღო (პარლამენტარებმა სადისკუსიო თემებიდან გადაუხვიეს).

ყოფილმა რესპუბლიკელმა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ვლადიმერ ნაკაშიძემ კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „ჩემი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არის უარყოფითი, რადგან ეწინააღმდეგება ჩატარებულ რეფერენდუმს. ეს არის საზოგადოების მორიგი გამოწვევა და შეურაცხყოფა. რაც შეეხება ამის ზნეობრივ მხარეს, საკმაოდ უარყოფითი პოზიციაა, იმიტომ, რომ ეს იწვევს დამატებით ხარჯებს, რომელიც არანაირად არ არის გამართლებული. მე ჩემს მაგალითზე ვიტყვი და ამაზე ვსაუბრობდი სულ, რომ წინა მოწვევის საკრებულო იყო 15 კაციანი, ახლა გახდა 25-იანი. 2008 წელს 800000 ლარზე მეტი იყო პრემიებზე დახარჯული (ამაში მხოლოდ საკრებულო არ შედიოდა, რა თქმა უნდა, მთელი აპარატი და მერიის სამსახურებიც სარგებლობდნენ)... საკრებულოს შემადგენლობის 2,3%-ით გაზრდა შესაბამისად იწვევს ამ ხარჯების შესაბამისი პროცენტულობით გაზრდასაც. ქუთაისს სინამდვილეში 15-კაციან საკრებულოს არავინ ეკითხებოდა, რომელი ქუჩა გაკეთებულიყო და ძეგლი სად დამდგარიყო. მთლიანად ქვეყანაში ყველაფერი ქვეყნის პირველ პირზეა დამოკიდებული. 25 კაციან საკრებულოში არანაირი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ რაოდენობრივად იქნებიან მეტი და პოლიტიკური წარმომადგენლები მოხვდებიან საკრებულოში; ვიღაც ამბიციებს დაიკმაყოფილებდა. დანარჩენ ცვლილებებს რაც შეეხება, განსაკუთრებით პრემიერმინისტრის უფლებების უსაშველოდ გაზრდა არის ქვეყანაში საპარლამენტო ძალაუფლების გაზრდა. ეს არის ფორმალური ცვლილება - ცვლილებისთვის, გათვლილი არა ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის, არამედ მხოლოდ დასავლეთისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები თითქოსდა დემოკრატიისკენ იდგმება...“

ასეა თუ ისე, საპარლამენტო ქალაქად წოდებულ ქუთაისში საჯარო განხილვებს საზოგადოება კი შეაჩვიეს, მაგრამ მსჯელობებს და განხილვებს ჯერ შედეგი არ მოუტანია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია