დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დატბორილი ქალაქი
2011/12/05 11:41:38

ქუთაისის ცენტრალურ და პერიფერიულ ქუჩებში, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ტროტუარებზე სიარული თითქმის შეუძლებელია. აღნიშნულ ადგილებზე რამდენიმე წლის წინ მთლიანად შეიცვალა გზის საფარი, თუმცა „გონივრული“ სამუშაოების გამო, სანიაღვრე ზოლი ასფალტით ამოავსეს. წვიმიან და თოვლიან ამინდში პატარა საოჯახო ნავი უთუოდ გაჭირვების ტალკვესი იქნებოდა. ალბათ, ისევ დალოცვილ ბუნების კანონებს უნდა ვუმადლოთ, თუ გაგვიმართლა და მზემ გამოანათა - დატბორილი ქუჩებიდან წყალი ისევ ორთქლად იქცევა. იმის გამო, რომ ბორდიურებიდან გადმოსული წყალი სამანქანო გზაზე თითქმის ნახევრამდეა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები იძულებული არიან, მგზავრების მოთხოვნა შეასრულონ და შუა ქუჩაში გააჩერონ, რათა ჩამოსულ მგზავრს, დატბორილ ქუჩაზე არ მოუხდეს ჩამოსვლა.

 

„თითქმის ყოველ წუთში მიწევს საგზაო წესების დარღვევა. წვიმის დროს  ქუჩებში წყალი დგას, აქედან გამომდინარე, მეცოდება მგზავრები, როგორ გავუჩერო მგზავრს ამ ყინვაში,მუხლამდე წყალში მარშრუტი, იძულებული ვარ, შუა ქუჩაში გავაჩერო და იქ ჩავიდეს, ან ამოვიდეს მგზავრი,“ - გვითხრა „წრიულის“ მძღოლმა.

უკმაყოფილებას გამოხატავენ და დროზე რეაგირებას მოითხოვენ თავად მგზავრებიც.

„ფეხები მთლიანად სველი მაქვს. იმისთვის, რომ მარშრუტში ჩავმჯდარიყავი, დაახლოებით 3 მეტრი გუბე გავიარე. როგორ შეიძლება ეს? იძახიან მეორე დედაქალაქი, მეორე დედაქალაქიო... ეს არის მეორე დედაქალაქი?“ - გვითხრა ქუთაისის მკვიდრმა ნანა ცირეკიძემ.

„ხედავთ, სამი ბავშვი მახლავს, ავტობუსში რომ ჩავმჯდარიყავი, ჩემს თავს არ დავეძებდი, დამისველდა ფეხი და ორი ბავშვი ხელში ავიყვანე, მესამეს კი, ხედავ, როგორ დაუსველდა ფეხი? სკოლაში მიმყავს, წელამდე „ვალინკს“ ხომ არ ჩავაცმევ?“ - გვითხრა ქუთაისის მკვიდრმა ზინა ჩხეტიანმა.

„მაინც, ამ ზამთარში რომ აყარეს მოედანზე ფილაქანი, კი ხედავთ, როგორაა ამ ოღროჩოღროებში შექუჩებული ტრანსპორტი და რა დღეში არიან მოქალაქეები. ამ ხელისუფლებას დროის და ამინდის შეგრძნება არა აქვს, თუ შავი ჯიპებიდან ხელის გადმოყოფაც ეზარებათ, წვიმა და თოვლი რომ განასხვაონ! თეატრის წინ მოცურებულმა ავტობუსმა კინაღამ გამიტანა, თავისთვის რომ მეშველა, გადავხტი და მუხლამდე წყალში ვტუცე ცალი ფეხი, ა, ბატონო, ასე ტყლაპა-ტყლუპით მივდივარ სახლში!“ - რეზინის ჩექმებზე იხედება პენსიონერი დავით ხ.

კეთდება თუ არა რაიმე ამ პრობლემის მოსაგვარებლად და იგეგმება თუ არა ქალაქის ქუჩებში სანიაღვრე ზოლების მოწესრიგება, ამის თაობაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ლევან ჭანჭალეიშვილს მივმართეთ.

„წყალი, დაგეთანხმებით, მეტ-ნაკლებად, ნამდვილად დგება ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და ტროტუარებზე. ჭავჭავაძის გამზირზე, ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილთანაც“ არის აღნიშნული პრობლემა, სანიაღვრე ჭის მოწყობა 65 000 ლარი ჯდება, თანხას არ გამოვყოფთ მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანში მანდ ველობილიკი უნდა გაკეთდეს და მთლიანად აიყრება ბორდიური, მანდაც მოუწევს გადაკეთება. მეორე, ეს არის ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე, სადაც ბორდიურების რეკონსტრუქციის დროს მოხდა წყლის მოგუბება, თუმცა მოველაპარაკეთ ფირმას და სრულიად უანგაროდ მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას,“ - გვითხრა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

 

სანამ კეთილმოწყობა სათანადო თანხებს გამოყოფს და სანიაღვრე ზოლებს გააკეთებს, ქუთაისში საერთო სურათი ასეთია: სველი ჩექმები და აფთიაქში რიგები...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია