დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაცია შეფერხდა
2011/11/28 12:28:26

უკვე რამდენიმე თვეა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თეატრის ისტორიაში ახალი სიცოცხლე იწყება, 2011 წლის ბოლოს ქუთათურები სახეშეცვლილ, რეაბილიტირებულ თეატრს ელიან. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მოლოდინი გაურკვეველი ვადით გაჭიანურდება. ამის შესახებ 18 ნოემბერს შევიტყვეთ, როცა  „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია ჟურნალისტებს დაგვიკავშირდა.

 

ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო დოლიძემ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა: „ჩვენთვის ცნობილია, რომ თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხის უქონლობის გამო შეჩერებულია, რამაც, თავისთავად, გამოიწვია მუშათა სახელფასო დავალიანებები. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მისთვის მთავარია ფილების დაგება, შადრევნები და გარე ფასადები, ვიდრე - თეატრი და ადამიანთა სულიერი საზრდო.“

როგორც გავარკვიეთ, თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფირმა Msm grwpi ასრულებდა.

ჩვენ მოვძებნეთ ერთ-ერთი მუშა, რომელმაც მართალია, სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, თუმცა საქმის არსი კი გაგვაცნო:

„სამი თვეა, ოცდაათამდე მუშას ანაზღაურება არ მიგვიღია. ჩვენ თეატრის შიდა სარემონტო სამუშაოებზე ვიყავით დასაქმებულები. მართალია, დამსაქმებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმებული გვაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით, თანხა არავის მოუცია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კომპანია, რომელიც თეატრის რეაბილიტაციას ახდენდა, გაკოტრდა და სახელფასო დავალიანების მიზეზიც სწორედ ეს არის. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიგვიმართავს. იმედია, ორივე მხარე ჭკუას მოუხმობს და კუთვნილ ანაზღაურებას მოგვცემენ.“

მუშები ხელფასს ვერ იღებენ, თეატრის რეაბილიტაცია შეჩერებულია, ქუთაისის მოსახლეობა კი გალამაზებულ თეატრს ელოდება... თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა: „მე ვერაფერს გეტყვით. დირექცია თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ ერევა. ჩვენ მხოლოდ ზედამხედველობას ვაწარმოებთ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები. არც ის ვიცი, რომელი კომპანია ახდენს თეატრის რეაბილიტაციას და არც ის, თუ რამდენია ამისათვის გამოყოფილი. ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ ზემდგომ უწყებებში მოიკითხოთ.“

ჩვენთან კომენტარი გააკეთა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა: „აღნიშნულ კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. მაგათ ჩვენგან ავანსის სახით 300 ათასი ლარი წაიღეს და არამიზნობრივად გაფლანგეს. თუკი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პრობლემებს არ მოაგვარებენ, საქმეს პროკურატურას გადავცემთ. ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებელი და, ვეჭვობ, რომ ვერ შეასრულებენ, იმდენად სერიოზული პრობლემებია. მერია კი შეუსრულებელი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას ნამდვილად არ აპირებს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქმე სასამართლომდე მივა. რაც შეეხება მუშების სახელფასო დავალიანებას, ჩვენ ამაზე პასუხისმგებლები არ ვართ. ყველა მუშას მოვუწოდებთ, რომ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად კომპანიასთან აუცილებლად გააფორმონ შრომითი ხელშეკრულებები.“

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტი ერთია: თუ პრობლემები არ მოგვარდა და მუშებმაც ანაზღაურება არ მიიღეს, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაუმთავრებელი და მოუწესრიგებელი თეატრის გარეფასადის ყურება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია