დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვის ეშინია როკენროლის?!
2011/11/21 12:35:59

როკენროლი - ხმაურიანი მუსიკა. მასში თავს იყრის ბლუზი, ქანთრი, ფოლკი და ჯაზი. ამ ჟანრის ჩანასახები 1950-იანი წლების ამერიკაში გვხვდება. მოგვიანებით კი განვითარება ჰპოვა თანამედროვე როკმუსიკაში. ეს მიმდინარეობა ძალიან აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის ცენზურამ კარგა ხანია, ჩაიარა და ამ მუსიკამ 21-ე საუკუნის საქართველოშიც ჩამოაღწია. დღეს ამ მიმართულებით იღვწის ქუთაისური ჯგუფი silver side“: სოლისტი, ვიოლინო - ლაშა მაღლაფერიძე, გიტარა - გიორგი ქარქაშაძე, ბას-გიტარა - ლაშა ქარქაშაძე და რამერი - ბადრი ტყეშელაშვილი. სირთულეებზე, წარმატებებსა და მომავალზე სასაუბროდ ჯგუფის წევრებს ვესტუმრეთ.

გიორგი  ქარქაშაძე: მაშინ, როდესაც მე, ჩემი ძმა და ლაშა ქობულეთში ვიმყოფებოდით დასასვენებლად, დაგვებადა იდეა, რომ ქუთაისში დაბრუნების შემდეგ  გაგვეკეთებინა ჯგუფი, ჰარდროკის სტილში. სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, ჩვენმა მეგობარმა ირაკლი ხაჭაპურიძემ   და  ლაშამ  მოიფიქრეს silver side, ანუ რაღაცის კარგი მხარე, ვერცხლის მხარე. ეს კარგად გამოხატავს ჩვენს კეთილგანწყობას ამ მეტალისადმი. შემდეგ სამნი ვიკრიბებოდით და ვრეპეტიციობდით, ვაწყობდით რაღაც კომპოზიციებს. თავიდან ეს იყო უბრალო გართობა, მოგვიანებით ბადრი შემოგვიერთდა და თანდათან გართობა საქმედ გადაიქცა. ამ დროს გამოჩნდა პროექტი „მეხუთე სართული“, მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ჩაგვეწერა ჩვენი პირველი სიმღერა. შემდეგ იყო კონცერტები ქუთაისისა და თბილისის როკ კლუბებში.

რაც შეეხება ტექსტებს და სიმღერის მონახაზს, მას ლაშა მაღლაფერიძე აკეთებს, მოგვიანებით, რეპეტიციისას კი, ჩვენ შეგვაქვს რაღაც შესწორებები და საბოლოო სახეს ვაძლევთ. არის ერთი სიმღერა, რომელიც მთლიანად სიყვარულზეა და ჩვენმა ვოკალისტმა მის დიდ სიყვარულს მიუძღვნა. რამდენიმე სიმღერა პანკის სტილშია გადაწყვეტილი, საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. ზრდა, განვითარება, სამართლიანი პროტესტი ახალგაზრდების ინერტულობასთან დაკავშირებით,  რაღაც ახლის შეთავაზება - აი, ეს არის ჩვენი მიზანი.

ბადრი ტყეშელაშვილი: დღეს როკენროლი ძალიან დაჩაგრულია საქართველოში, საერთოდ, მუსიკა, შოუბიზნესი არის მკვდარი. აი, მაგალითად, ავიღოთ ქუთაისის მასშტაბით - ჩვენ და კიდევ რამდენიმე ჯგუფი ვაკეთებთ, ვქმნით რაღაცას, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს  მცირე ჰონორარიც კი. ეს, უბრალოდ, სირცხვილია. სხვა ქვეყნებში ახალგაზრდა, შემოქმედ ადამიანებს ეხმარებიან ფინანსურად, ასევე პროდიუსინგში, ჩვენ კი ელემენტარული დაფინანსებაც არ გვაქვს, რომ კონცერტი ჩავატაროთ. თუმცა, იყო რაღაც გამონაკლისები: 15 სექტემბერს ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა კონცერტი დაგვიფინანსა 300 ლარით, ხოლო 2 მაისს მხარდაჭერა 100 ლარს შეადგენდა. თუკი ჩვენი მერის მხრიდან ხდება „მგზავრების“ დაფასება და მათ ჩამოსაყვანად ბევრად მეტი თანხის დახარჯვა, რატომ არ შეიძლება, ოდნავ მეტი პატივი სცენ ჩვენს შრომასაც? გვქონდა რაღაც პროექტები, რომელიც თითქმის დამტკიცებული და დაგეგმილი იყო, მაგრამ თემურ ცამციშვილმა უკანასკნელ მომენტში განაცხადა უარი, არ ვიცი - რატომ. მას პანიკურად ეშინია როკენროლის. მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე, მინდა აღვნიშნო საშემოდგომო გამოსვლა წერეთლის უნივერსიტეტში, სადაც გასამრჯელოს სახით გადმოგვეცა 400 ლარი. მე ვფიქრობ, თანხაზე მთავარი, პატივისცემაა იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მუსიკის ის ჟანრი, რომელიც სამოცდაათიანებში მისაღები იყო ამერიკისთვის, დღესაც კი მიუღებელია საზოგადოების ნაწილისათვის.

თბილისი - ეს ის ქალაქია, სადაც მუსიკოსს უფრო მეტად შეუძლია თავის წარმოჩენა. გაზაფხულზე, რობი კუხიანიძის დახმარებით, ჩვენ გამოვედით დედაქალაქის ერთ-ერთ როკ-კლუბში, სადაც მოვხვდით წლის სამ საუკეთესო შემსრულებელს შორის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. იგივეს გაკეთება გვინდა ქუთაისში, რადგან ძალიან გვიყვარს ჩვენი ქალაქი და გვსურს, მსმენელი ვასიამოვნოთ იმ მუსიკით, რასაც მოკლებულია საზოგადოება.“

ჯგუფის წევრებმა ასევე გააკეთეს კომენტარი ლაშა მაღლაფერიძესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, silver side-ის სოლისტი „ოჩოს ქოხშიც“ უკრავს.

„თავიდან ეს ფაქტი ჩვენში გარკვეული სახის გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ, რომ დავფიქრდით, პრობლემაც მოიხსნა, „ოჩოს ქოხი“-ის წევრები ჩვენი მეგობრები არიან, მათ კონკურენტებად არ მივიჩნევთ. თუ ადამიანს შეუძლია ორ სხვადასხვა სამსახურში ერთდროულად იმუშაოს, რატომ არ შეიძლება, ორ ჯგუფში დაუკრას? ის ხომ ამით მეტად ახდენს თვითრეალიზებას.“

საუბრის დასასრულს კი სამწუხარო ფაქტი შევიტყვეთ: ტყუპი ძმები გარკვეული დროით გერმანიაში აპირებენ გამგზავრებას, რაც შესაბამისად აისახება მათ მოღვაწეობაზე. მაგრამ გამგზავრების წინ მსმენელს გრანდიოზულ კონცერტს ჰპირდებიან, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

 

ნონა ქარციძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია