რეზო ბუხსიანიძე, ამჟამად ცნობილი ოპერატორი, სრულიად ახალგაზრდა იყო, 1971 წლის 1 თებერვალს საქართველოს ტელევიზიაში შემთხვევით რომ მოხვდა. თავდაპირველად გამნათებლად მუშაობდა, შემდეგ ოპერატორის პროფესიის შესწავლა დაიწყო, 1978 წლის აპრილში კი ქუთაისში, იმ დროს ახალგახსნილ, საქართველოს ტელევიზიის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ განყოფილებაში გადმოიყვანეს სამუშაოდ, პროფესიონალი ოპერატორი გახდა და მას შემდეგ ქუთაისშია.
დღეს მისი ტელეკამერა საზოგადოებრივი მოუწყებლისათვის აღბეჭდავს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს. ქართველ ტელეოპერატორთაგან იშვიათად თუ გადაუტანია ვინმეს პროფესიული დავალებების შესრულების ჟამს ამდენი ხიფათი და გასაჭირი, რამდენიც - რეზო ბუხსიანიძეს: რამდენჯერმე ავტოავარიაში მოხვდა, ტყვიებიც იგემა და ომის ქარცეცხლიც. ექსტრემალურ სიტუაციაში გადაღებული მისი კადრები საზოგადოებას, უკვე მრავალი წელია, უტყუარად უჩვენებს ცხოვრების ქრონიკებს.
მოსაგონარი ბევრი აქვს გამოცდილ ოპერატორს:
აფხაზეთის ომი:
-14 აგვისტოს შევიდა ჯარი აფხაზეთში, მე და დიანა ციბაძე კი 16 აგვისტოს ჩავფრინდით ფსოუზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ბრძოლა მიდიოდა გაგრისათვის, მაშინ ფსოუ თავისუფალი იყო, ნახევარი სოხუმი კი - დაკავებული... ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა ფრონტის იმ ხაზზე. მას შემდეგ კვირაში 2-3 დღე იქ ვიყავით. პირველ ოქტომბერს გაგრას შემოუტიეს და 2-ში გამოვედით ფსოუდან. იმ დღეს დაიკარგა გაგრა, მერე - სოხუმი, შემდეგ - ოჩამჩირე... უღელტეხილზე გადავდიოდი და გადმოვდიოდი... პირველ ოქტომბერს, სამის ნახევარზე გაგრაში ჩავფრინდით, ერთ საათში უკვე დაიწყო შემოტევა... ომის პირველი „ნათლობაც“ იქ მივიღე. გაგრის საავადმყოფოს წინ სისხლის ტბა იდგა, დაჭრილი ბიჭები მოყავდათ. ერთი თბილისელი ბიჭი მოიყვანეს დაჭრილი, გვეხვეწებოდა, არ გადამიღოთ, დედაჩემი ნახავსო ტელევიზორში... ის საავადმყოფო შემდეგ რუსებმა დაიკავეს. მეორე დღეს გაგრა უკვე ცეცხლში იყო გახვეული... ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, რამდენჯერმე ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი შეგუებული ხარ, რომ იქნები თუ არა ამ ქვეყანაზე, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს.
ჭუბერი:
- ჭუბერის ამბები საშინელებაა! ოჩამჩირის დაკარგვის დღეს იქიდან ბოლოს ჩვენ, ჟურნალისტები გამოვედით! მაშინ დიანა და ნოდარ ლეკვეიშვილი უღელტეხილზე იყვნენ, ჩვენ - ოჩამჩირეში: ნინო ძოწენიძე, ზაზა ყიფიანი და სხვები. იმ ღამეს ვერ დავბრუნდით უკან, მეორე დღეს ჩამოვედით ქუთაისში და მესამე დღეს გადავფრინდი ჭუბერში. იქ უკვე ჩასული იყო მაშინდელი პრემიერმინისტრი. ღამის სამ საათზე გაგვიშვეს უღელტეხილზე, „ურალის“ მარკის მანქანით, წავიღეთ პური და ტანსაცმელი, რომ გაჭირვებულებს მივშველებოდით. გამთენიისას მივაღწიეთ იქ, სადაც დევნილებს უკვე თავიანთი ბანაკი ჰქონდათ და ღამეს ათევდნენ. ზოგს ჩავაცვით, ზოგს ვაჭამეთ... გადავიარეთ უღელტეხილი, იქ ინტერვიუები ჩავიწერეთ გზაში, გადავიღე ყველაფერი, შემდეგ წამოვიყვანეთ ოთხი დაჭრილი და ორი ჩვილი ბავშვი. გამოგვატანეს „ადიალები“, რადგან ღამით სიცივე იქნებოდა. უღელტეხილზე რომ გადმოვედით, გზა გადაკეტილი აღმოჩნდა. გადმოვედით და ეს დაჭრილები ორ კილომეტრზე ვატარეთ ხელით. კარვები იყო ქვემოთ გაშლილი და იქ გაათიეს ღამე, ჩვენი ადგილი კი აღარ აღმოჩნდა. ფეხით ვიარეთ და ალპური ზონიდან ჩავედით ტყეში, სადაც ღამე გავათიეთ. დილით, როცა იმ ადგილას დავბრუნდით, სადაც დაჭრილები დავტოვეთ, ნაცნობი ექიმები ვნახე, მითხრეს, ბილიკებს რომ გაჰყვებით, იქ გაყინული ხალხია და ნახეთო. მარტოს მომიწია წასვლა, გადავიღე რამდენიმე დაჭრილი, მოკლული კაცი, გაყინული ცოლ-ქმარი... რომ მივიხედ-მოვიხედე და ირგვლივ მხოლოდ მიცვალებულები იყვნენ, შიშმა ამიტანა და რამდენიმე კილომეტრი ვირბინე... ამ დროს ვერტმფრენიც გამოჩნდა და ჭუბერში ჩამოვფრინდი.
მხედრიონი:
- მე მათ მხოლოდ გადაღებების დროს ვხვდებოდი, მხედრიონელებთან სხვა ურთიერთობა არ მქონია. ვიცნობდი, მიცნობდნენ და პატივს მცემდნენ.
ჟურნალისტ დიანა ციბაძესთან ერთად:
- დიანა რომ იყო, მაგიტომ ვმუშაობდი უფრო შემართებით. ის იყო მობილიზებული, პრინციპული ჟურნალისტი, ნებისმიერი საქმის გამკეთებელი. მაგალითად, გვქონდა ასეთი შემთხვევა, გალში მოვხვდით, ლოთი ქობალიას შენაერთებში. ის არ გვაძლევდა ინტერვიუს. დიანამ აიძულა, რომ მოეცა და, მართლაც, ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა იმ დროს.
საგზაო შემთხვევები:
- 1993 წელს მე და დიანა ვიყავით გადაღებაზე თერჯოლაში, საიდანაც პოლიციამ წამოგვიყვანა ქუთაისში, ჩვენი ტრანსპორტი არ გვყავდა მაშინ. გზაში ვნახეთ, რომ მანქანას აყაჩაღებდნენ. პოლიციამ საჭიროდ ჩათვალა, მისულიყო და გაერკვია, რა ხდებოდა. ყაჩაღები გაიქცნენ, მათ გავეკიდეთ და გზა გადავუკეტეთ. ამის შემდეგ ორი ყაჩაღი ავტომატით ჩამოვიდა, ერთს წაართვეს, მეორემ ცეცხლი გახსნა. დიანამ მოასწრო მანქანიდან გადასვლა, მე მანქანაში დავრჩი. მეორე მხარეს გადაირბინეს დიანამ და პოლიციის უფროსმა, ყაჩაღებმა კი ცეცხლი გახსნეს, მანქანას ესროდნენ. ტყვიამ გვერდი და ბეჭი გამიკაწრა. ყაჩაღები გაიქცნენ, ერთი ის გავიგონე, ჩემზე ამბობდნენ, ერთი ხომ ჩავაძაღლეთო. საბედნიეროდ, ეს ჭრილობა არ აღმოჩნდა სერიოზული, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. შიშისაგან ისტერიკულად ვიცინოდი, საავადმყოფომდე ვერ გამაჩერეს. ასე გადავრჩი...
შემდეგ ავარიაში მოვყევი, სერიოზული დაზიანებები მივიღე სხეულის, რიკოთის უღელტეხილზე, გადაღებაზე მივდიოდით და მანქანას შევეჯახეთ. ჟურნალისტი დაიღუპა, მე და მძღოლი გადავრჩით.
ხუთჯერ ვარ ავარიაში მოხვედრილი და ხუთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული.
***
რეზო ბუხსიანიძეს რამდენიმე დღის წინ სამოცი წელი შეუსრულდა, ცნობილი ტელეოპერატორი დღესაც ინტენსიურად მუშაობს, დიდი ხნის გამოცდილება და პროფესიონალიზმი სხვათაგან უმალ გამოარჩევს მის მიერ გადაღებულ ტელეკადრებს.