დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქალაქი“ - ქალაქში
2011/10/17 12:20:47

„რაში მჭირდება ქართულის ცოდნა? „შენი ჩირიმე, დამეხმარე 10 თეთრით“ და - მორჩა!“

 

ქუჩებში გავლისას ხშირად შეგვხვედრია ხელგამოწვდენილი, შორიდან თხოვნა-მუდარის ტექსტებით მოღაღადე თუ  ეტლში მსხდომი ბოშები, ჩვენგან დახმარებას რომ ითხოვენ. მათი ეს ახალი ნაკადი, რამდენიმე წელია, ქუთაისში გამოჩნდა. ჩვენი ძველი ნაცნობი ბოშებისაგან იმითაც განსხვავდებიან, რომ ქართული არ იციან. თავდაპირველად მათ გულისამაჩუყებელ სიტყვებს მოსახლეობა გულგრილად ვერ უსმენდა და, ჯიბეში თუ რაიმე გააჩნდა, ყველაფერს აძლევდა. თუმცა გავიდა დრო,   ისინი უფრო და უფრო მომრავლდნენ, თვალიც და გულიც შეეჩვია და, შესაბამისად, საზოგადოების მათდამი მოწყალება სულ უფრო და უფრო მცირდება.  

 

ალბათ, ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა: სად ცხოვრობენ ისინი, რომელი რწმენის მიმდევრები არიან, რა წესები, ადათები და ტრადიციები აქვთ. გადავწყვიტე, უშუალოდ მათთვის დამესვა ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს. 

ჭავჭავაძის გამზირზე, „მინისტარას“ რომ გასცდები, იქვე, მდინარე რიონის  ნაპირზე, თავიანთი გემოვნებით ჩაუმწკრივებიათ „სახლები“ (ცელოფნებითა და მანქანის ძველი საბურავებით გამოწყობილი ქოხმახები). დასახლებას რომ ვუახლოვდებოდი, ერთ-ერთმა მათგანმა შორიდან თვალი მომკრა და მათ ენაზე რაღაც შემოსძახა... რამდენიმე წამში ყველანი გარეთ გამოცვივდნენ, გარს შემომერტყნენ, უნდოდათ, სასწრაფოდ გაეგოთ, ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი მათთან. ჩემი პროფესიის შესახებ რომ გაიგეს, მომთხოვეს, დაუყოვნებლივ დამეტოვებინა მათი დასახლება: „თორემ ძალით გაგაგდებთ, აქ ათასი შენნაირი ჟურნალისტი მოდის, ყველას უარით და ჩხუბით ვისტუმრებთ!“ - მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა (შუა ასაკის კაცმა) და თავისთვის, რატომღაც, ხმამაღლა გადაიხარხარა. საბედნიეროდ, მაინც გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა, რომელმაც გადაწყვიტა, ჩემს მიერ დასმული ყველა შეკითხვისათვის პასუხი გაეცა. რესპონდენტს საშა ჰქვია.

- საიდან ხართ, საშა, წარმომავლობით, ითვლებით თუ არა საქართველოს მოქალაქეებად?

- საიდან ვარ, არ ვიცი. ხან რას ამბობენ, ხან - რას. ზოგი ამბობს, რომ მოლდოვადან ვართ, ზოგი კი მეუბნება - აზერბაიჯანიდან, თუმცა, სიმართლე გითხრა, მე სულ არ მაინტერესებს, საიდან ვარ. მე დღეს აქ ვარ და მორჩა. საქართველოში, როგორც ვიცი, წლებია ვართ, თუმცა ქუთაისში, აქ, რიონის პირას, 7 წელია, რაც დასახლება მოვიწყვეთ  და ძალიან კარგად ვართ. არ ვიცი, ვარ თუ არა საქართველოს მოქალაქე, ისე არც პასპორტი მაქვს და არც პირადობა, თუმცა რაში მჭირდება, რომ ავიღო?!

- გეხმარებათ თუ არა სახელმწიფო როგორც ფინანსურად, ასევე მედიკამენტების ან საკვების მხრივ?

- რად გვინდა ჩვენ სახელმწიფოს დახმარება?! ჩვენ ხალხი გვეხმარება, რომლებსაც 10 თეთრს ვეხვეწებით. სახელმწიფო ქართველებს დაეხმაროს, ნაგავში რომ იქექებიან, მათ უფრო სჭირდებათ დახმარება.

- როგორც ვხედავ, აქ ყველაზე კარგად  შენ იცი ქართული, უმრავლესობამ კი საერთოდ არ იცის, ან - ძალიან ცოტა. არ გინდათ, რომ  ისწავლოთ ქართული?

- რაში მჭირდება ქართული? სიტყვები, რომლითაც თქვენ ჩვენ გვეხმარებით, ყველამ ვიცით აქ. ეს სიტყვებია: „დამეხმარე, შენი ჩირიმე!“ თუ ვინმეს დახმარება უნდა, ამ სიტყვების მერე გვეხმარება, თუ არადა - სხვა რაც არ უნდა  უთხრა, მაინც არ მოგცემს ფულს.

- თქვენი ტრადიციები მაინტერესებს. აღნიშნავთ თუ არა დღესასწაულებს, როგორი საქორწინო რიტუალი გაქვთ...

- ტრადიციები, როგორც თქვენ, ასევე ჩვენც გვაქვს. მაგალითად, ახალ წელს მთელი დასახლება გამოვდივართ და გიტარაზე ვუკრავთ, ბავშვები და მოხუცები ცეკვავენ და ასე ვერთობით დილამდე. რაც შეეხება ქორწილს, როგორც ქართველები, ისე  აღვნიშნავთ ჩვენც, დედოფალს თეთრი კაბა აცვია და აქ, დასახლებაში, ვქეიფობთ. შვილები კი ჩვენი სიამაყეა, რაც უფრო მეტი შვილი გვყავს, შემოსავლის წყაროც თავისთავად მეტია.

- რამდენი ოჯახი ცხოვრობთ დასახლებაში, რიცხობრივად რამდენი  სული იქნებით?

- ოჯახი, არ ვიცი, რამდენი ვართ, არ დამითვლია, ისე კი, ალბათ, 70-მდე  სული ვიქნებით.

როცა საშა კითხვებზე პასუხს მცემდა, ათამდე ბოშა მოვარდა, მათ ენაზე  მემუქრებოდნენ გაღიზიანებულები. საშამ მითხრა, ცუდ ხასიათზე არიან და ძალიან გთხოვ, წადი,  რაიმე არ დაგმართონო.

ქოხმახების მიმდებარედ უამრავი შინაური ფრინველები ჰყავთ, მსხვილფეხა პირუტყვი არ შემინიშნავს. კითხვაზე - ბოსტანიც თუ გაქვთ-მეთქი, საშამ მიპასუხა - არაო.

 

***

საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ საკმაოდ უარყოფითია. ხშირად ჩივიან, რომ ქუჩებში ისინი დისკომფორტს უქმნიან, განსაკუთრებით - ბავშვები.

„ზოგჯერ მაწუხებენ და დისკომფორტის შემქმნელიც არის მათი დაჟინებული მოთხოვნა იმისა, რომ ფული მივცე. მე ვფიქრობ, რომ ქუჩაში თეთრების მოთხოვნას, სჯობს, სხვა რაიმე სამსახური მოიძიონ და იქ აიღონ დამსახურებულად ხელფასი“, - თქვა ჩვენთან საუბრისას 20 წლის სტუდენტმა ნინო ინანეიშვილმა.

„მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი რელიგია გაჭირვებულების დახმარებას ქადაგებს, მათი ქმედება ყოველგვარ საზღვრებს სცილდება: როცა ერთს მისცემ, მეორეც გამოგეკიდება და თუ არ მისცემ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგაყენებენ,“ - გვითხრა 20 წლის ვასილ იამანიძემ.

„წარამარა ატუზული არიან ბავშვებიანი ბოშა ქალები ჩვენი რესტორნის კარებთან. ძალიან აწუხებენ მანქანიდან გადმოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით უცხოელების მრცხვენია, ისე ენერგიულად მისცვივდებიან ხოლმე. ვტუქსავთ, შევუძახებთ, მაგრამ არაფერი გამოდის, თავიდან ვერ ვიშორებთ. რა ვქნათ, ფიზიკურად ხომ არ  გავუსწორდებით! ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქალაქისთვის. თუ ტურიზმის განვითარება გვინდა, ასეთი ფონი არასახარბიელოა.“ - გაგვენდო ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა საიდუმლოდ შეგვენახა.

ბოშების დასახლებასთან დაკავშირებით ძელქვიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა სოხაძეს მივმართეთ:

- ბატონო ლაშა, იმყოფებიან თუ არა ეს ადამიანები კანონიერად აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეხმარება თუ არა სახელმწიფო მათ?

- რა თქმა უნდა, ბოშები ტერიტორიაზე უკანონოდ არიან დასახლებული. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, ჩვენ მათ შევთავაზეთ დასუფთავების სამსახურში მუშაობის დაწყება, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ.

- ხომ არ იგეგმება მათი გასახლება ქალაქის სხვადასხვა უბანში, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება საზოგადოებასთან?

- არა, ჯერჯერობით არ იგეგმება არაფერი.

...მოკლედ, ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი, „ავტონომიური“ ქალაქია...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია