დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ენგურის ხიდთან დაწყებული სიყვარული
2011/07/11 13:24:55

რედაქციაში საოცარი სტუმრები გვეწვივნენ: წლინახევრის აფხაზი გოგონა თავისი ქართველი დედიკოთი...

 

 

აფხაზეთიდან დევნილი ხატია შარტავა რამდენიმე წლის წინ განმუხურის პატრიოტთა ბანაკში ისვენებდა. უკან დაბრუნებისას, საზღვარზე, აფხაზი ბიჭი გაიცნო...დასასვენებელ ბანაკში დაწყებული მეგობრობა ტელეფონის ზარებითაც გააგრძელეს. ერთ დღესაც მიხვდნენ, რომ მეგობრობაზე უფრო წრფელი გრძნობა აკავშირებდათ, რომელსაც სიყვარული ერქვა.

შეყვარებულები ერთმანეთს საზღვარზე, ენგურის ხიდთან ხვდებოდნენ, იქ, სადაც დედა-საქართველოსა და აფხაზეთის გზები იკვეთებოდა. ქართველებისა და აფხაზების პოლიტიკურ დაპირისპირებას შეყვარებულები სიყვარულით პასუხობდნენ.საზღვარზე მდგომი აფხაზებიც მათ მხარეს აღმოჩნდნენ, საქმეს მხოლოდ რუსები ართულებდნენ, თუმცა ამხელა სიყვარულთან ისინიც უძლურები აღმოჩნდნენ.

მომავალი მეუღლე ხატიას სანახავად გალშიც ხშირად მიდიოდა, სადაც გოგონას მშობლები ცხოვრობენ. თავდაპირველად იყო პროტესტი: აფხაზი სიძე, მომავალი სიდედრ-სიმამრის აზრით, პრობლემებს გაუღრმავებდა ოჯახს. თუმცა, როცა ხატიას მშობლებმა სასიძო ახლოს გაიცვნეს, მიხვდნენ, რომ ცრუ განგაში ატეხეს და სიყვარულის უფლება ყველას ჰქონდა.

ხატიას მშობლები იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, საკუთარი სახლ-კარის დატოვება რომ მოუხდათ.მაშინ ხატია 4 წლის იყო. ომის ამბები ნაკლებად ახსოვს, თუმცა აფხაზების მიმართ ზიზღი და უნდობლობა არასდროს გასჩენია. ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკისა და მეზობელი  დიდი ქვეყნის ინტერესების შედეგი იყო. გალელი გოგონა თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიზაინერის პროფესიას ეუფლებოდა. მაგრამ, სიყვარულმა სწავლის მიტოვება გადააწყვეტინა და... ამიჩბას გაყვა ცოლად აფხაზეთში.  თავდაპირველად ეშინოდა, ვაითუ აფხაზებს ცივად მიეღოთ ქართველი რძალი. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა; ქართველი გოგონა გულში ჩაიკრეს და საოცარი სითბო გამოუმჟღავნეს.

ხატიას და მის მეუღლეს უკვე წლინახევრის ალინა ჰყავთ. ცისფერთვალება გოგონამ ჯერ არც კი იცის, რამოდენა სიყვარულის ნაყოფია. დედა მაქსიმალურად ცდილობს, ქართულიც და აფხაზურიც ერთნაირად შეაყვაროს შვილს.

ხატიას ოცნებაა, ორი ხალხის მეგობრობის აღდგენა. მეუღლე ჩამოსვლას ვერ ახერხებს. იქ ეუბნებიან, რომ შესაძლოა, ქართველებმა რაიმე დაუშავონ, აგრესია გამოხატონ მის მიმართ. შესაბამისად, ხატიასა და ალინას მარტოს უწევთ ჩამოსვლა, ოჯახის მამა კი ენგურს იქეთ რჩება . საქართველო თურმე ბუნდოვნად ახსოვს, ბავშვობაში რამდენჯერმე ბათუმში ყოფილა. მას შემდეგ აქაურობასთან აღარაფერი აკავშირებს, თუ არ ჩავთვლით მეუღლესა და შვილს, ანუ მათ მიერ შექმნილ   ქართულ-აფხაზურ ოჯახს.

თურმე, ქართველ რძალს იქ ხშირად ეკითხებიან აფხაზები, თუ რატომ არ უბრუნდებიან ქართველები თავიანთ სახლ-კარს, ენატრებათ ძველი მეგობრები, თუმცა...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია