დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიჭი ეტლში
2011/06/21 15:34:52

ისიც ისეთივე ადამიანია, როგორიც – ჩვენ

ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. ერთხელ ოქტომბერში, მეორედ კი - ივნისში. ეს უკანასკნელი ინვალიდთა დაცვის დღეა.იცის, რომ სხვებისგან განსხვავებულია. ეტლი მისი ცხოვრების თანამგზავრია. ამბობს, რომ მხოლოდ ლექსების შეთხზვა აძლევს იმის იმედსა და ნუგეშს, რომ ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება. ლექსებს ნათესავებს ხშირად უკითხავს, თუმცა გამოქვეყნების სურვილი ჯერ არ გასჩენია, როგორც თქვა - კრიტიკის ეშინია.

ირგვლივ მხოლოდ სიყვარულსა და სითბოს აფრქვევს. მართალია, სხვებისგან იმავეს არ ითხოვს, თუმცა ყურადღება განსაკუთრებით უყვარს. მისი სახელია დავითი, გვარი სხვადასხვა მიზეზის გამო არ დაასახელა. არ  უნდა, ნაცნობებს კიდევ უფრო შეებრალოს. საკუთარი ძალებით გადაადგილება უჭირს, ქალაქის ქუჩებშიც იშვიათად სეირნობს და მხოლოდ მაშინ, როცა გვერდით რომელიმე მეგობარი ჰყავს. სკოლის პერიოდს არც ისე კარგად იხსენებს, ზოგს ებრალებოდა, ზოგისგან ზიზღს და გულგრილობას  გრძნობდა. ხშირად უნახავს, ყველანი მისკენ რომ იშვერდნენ თითს. „ინვალიდია!“ - ბევრჯერ ესმოდა ეს სიტყვები. ამ დროს თვალები სიბრალულით ევსებოდა, თუმცა ცრემლებს მალავდა. ჩანახატების რვეულიც მაჩვენა: „მე არ მინდოდა ასე ცხოვრება, არ ვიცი რა დავაშავე. რა სასჯელი მაქვს ღვთის წინაშე. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვისჯები, ისიც ვიცი, რომ სულ მალე ოცნება ამისრულდება და ბედნიერი ვიქნები“.

ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში დადის, იქ ყველაზე დაცულად და მშვიდად გრძნობს თავს. ღმერთის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს აუცილებლად გაივლის დამოუკიდებლად. თავისუფალ დროს რომანებსა და დეტექტივებს კითხულობს. საყვარელი მწერალია ერნესტ ჰემინგუეი და აგატა კრისტი. ადამიანებში განათლებასა და ინტელექტს დიდ ყურადღებას აქცევს, მეგობრებიც ასეთები ჰყავს.

ერთი წლის წინ გული ატკინეს, გოგონა შეუყვარდა, რომელსაც გულის კარი გაუღო. ყოველ დილით იებისა და ვარდების კონას უტოვებდა ოთახის კართან. მისგანაც გრძნობდა ყურადღებას, თუმცა ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ზედმეტი იყო და მისით, უბრალოდ, სარგებლობდნენ. შეყვარებულმა ისიც კი უთხრა, შენში მხოლოდ საჩუქრები და ყურადღება მხიბლავდა, სხვა მხრივ, უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინო ხარო. მაშინ თავის მოკვლაც კი სცადა, თუმცა ოჯახის წევრები ამ კრიზისულ სიტუაციაში გვერდით დაუდგნენ და გაამხნევეს. ფსიქოლოგთანაც დადიოდა რჩევებისთვის. დღეს ამ შემთხვევას ღიმილით იხსენებს. ალბათ, ასეთია ჩემი ბედი, სიყვარულს ჩემთვის ზურგი აქვს შექცეულიო.

ერთხელ, როცა 31 ნომრით მგზავრობდა, გაიგონა, ვიღაცები  ერთმანეთში ამბობდნენ,  ხეიბრები ქუჩაში მარტო არ უნდა ხეტიალობდნენო. სახლში მისული ისევ შინ ჩაიკეტა, ქუჩაში რამდენიმე თვე აღარც გაუვლია. მხოლოდ სიგარეტის ბოლში, წიგნების კითხვასა და ოცნებებში გადის დათოს არაჩვეულებრივი ცხოვრების ჩვეულებრივი დღეები.

იმედი აქვს, რომ ტაძრისკენ მიმავალი გზა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარება.

 

***

მავანთა გამო დათო თავს განსხვავებულად გრძნობს. არადა, ისიც ისეთივე მოქალაქეა, როგორც ჩვენ, ყველანი. განსხვავება მხოლოდ ეტლშია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია