დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ელიტა შერონის ფეხთა ქვეშ
2011/06/13 13:14:29

მწუხარებით გაუწყებთ, რომ უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც შერონმა დაგვტოვა. ზოგიერთმა იფიქრა, რა უდროო დროსო, სწორედ ახლა იწყებოდა „გახურება“ და აზარტში შესვლაო. მაგრამ, ვაი, რომ ჩვენს ხელისუფლებას სინდისმა თავი შეახსენა და ბიუჯეტმაც „წითელი აანთო“, სად შემიძლია მე ამდენი მეგავარსკვლავის ამბიციური მოთხოვნების დაკმაყოფილებაო.

 

 

საერთოდ, რას ეძღვნებოდა ჰოლივუდელი ლამაზმანის საქართველოში ვიზიტი? როგორც ვიცით, „აგვისტოს 5 დღეში“ სტოუნს მონაწილეობა არ მიუღია და არც დიდად გახარებული ჩანდა „ჩვენსას“ ყოფნით. თუმცა, კაცია და გუნებაო, ხან ფეხი შეეშალა და ლამის დაეცა, ხან მიშას ძმაბიჭურად ხელი დაარტყა მკერდზე (ქართველი ტელე-ჟურნალისტები მოკვდებიან და ასეთ რაღაცებს „ვერ შეამჩნევენ“), ხან ბავშვებთან ერთად „იცუღლუტა“ და ხან ნაძალადევად იღიმოდა                                          „საქველმოქმედო ვახშამზე“ (შეგახსენებთ, რომ ამ ვახშმისთვის დარბაზი 7000 ეკვადორული ვარდით იყო გაფორმებული, თითოეულის ღირებულება 40 დოლარია, ვახშამი კი მოამზადა მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულმა ალან პასარმა, რომელიც საგანგებოდ მოიწვიეს. დახარჯული თანხის საერთო რაოდენობა არ სახელდება). ჩვენ ფულს ვიხდით შენს სტუმრობაშიო და მოხიბლული ქართული „პუბლიკა“ მის ნაკვალევს დაჰყვებოდა მთელი ორი დღის განმავლობაში.  სიოც კი არ დაჰქროდა ქვეყანაში     „უშერონოდ“ ამ დღეების მანძილზე და ქართული მასმედიის საშუალებებმა ხომ გული გააწვრილეს, მსახიობის სახელი წუთში შვიდივე ბრუნვაში ისმოდა. ნეტავ, რას ფიქობდა თავად შერონი? ალბათ, ამას: „ღმერთო ჩემო, რა უნახავები არიან,“ ან - „ამათ მეტი საქმე არ აქვთ?“

ქართული მასმედიის მადლი კი მოისხა შერონმა, პირდაპირი ეთერი პირდაპირ ეთერზე მიდიოდა, სიუჟეტი სიუჟეტზე და როგორც იყო, კი გადავაგორეთ ეს ორი უქმე დღე („ვიქენდი“ ხომ არ უნდა დამეწერა? შერონს გაეხარდებოდა). თან, სანახაობა სჭირდებოდა ერს ამ 26 მაისის მერე, ყურადღება ხომ უნდა გადავიტანოთ ერთი საგნიდან მეორეზე?

მაგრამ, რატომ არ გახმაურდა ის ფაქტი, რომ შერონ სტოუნი რუსეთიდან ჩამოვიდა, სადაც პუტინის მიწვევით იმყოფებოდა და კიდეც განაცხადა, რომ უყვარს რუსეთი და ყველაფერი, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული?! როგორც ჩანს, ჩვენც იმპერიის შემადგენლობაში მოგვიაზრებდა მთელი ამ ვიზიტის მანძილზე. მიშა კი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა, ალბათ. თან, ამ ბოლო დროს პუტინისა და სააკაშვილის დუელი უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს, დელფინის შემდეგ შერონის ჯერი დადგა. ისმის კითხვა: ვინ ან რა იქნება შემდეგი?

ნუ იფიქრებთ, რომ ზედმეტად კრიტიკოსი ვარ, არ გამეხარდა, ჩემი ქვეყანა რომ გამოჩნდა სასიკეთო კუთხით და ა.შ. უბრალოდ, რა საჭირო იყო ეს ცირკი? და რა ფინანსები დაიხარჯა ამ ყველაფრისთვის? რატომ არავინ ასახელებს კონკრეტულ ციფრს? და რასაც დაასახელებენ, აუცილებლად შემცირებული მასშტაბის იქნება, სანაცვლოდ კი „საქველმოქმედო ვახშამზე“ შემოსული მილიონ ნახევარი მივიღეთ ომში დაზარალებულთა ოჯახებისთვის. ესეც ჩვენი უკუდო ამპარტავნობა!

რაც შეეხება თავად ფილმს, მე არ მინახავს და მის გაკრიტიკებას არც ვაპირებ.

„ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ აირჩია და ვინ დაუკვეთა ეს ფილმი, რომელსაც თავიდან „ჯორჯია“ ერქვა, მერე კი „აგვისტოს 5 დღე“ ეწოდა. ფილმი დასრულდა. 18 მაისს კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე (და არა კინოფესტივალზე!), სასტუმროს კინოდარბაზში უჩვენეს „პროქართული ფილმი“, რომელმაც, საეჭვოა, ახალი მეგობრები შესძინოს საქართველოს. მეგობრები კი არა, უნიჭობას შეუძლია, ის ხალხიც ჩამოგვაშოროს, ვინც უყოყმანოდ გვიჭერდა მხარს    „ქართულ-რუსულ“ ომში. პრინციპში, ფილმში „აგვისტოს 5 დღე“ აგვისტოს ომიც კარიკატურას ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სურათის რეჟისორს ბავშვობაში    „ტანკობანას“ თამაში უყვარდა და ახლა შანსი მიეცა ისევ დაიკმაყოფილოს თავისი ვნება „ბატალურ კინოზე“ - ვერტმფრენებით და ტანკებით, სისხლიანი სახეებით, გაბედული ქართველებით, ამერიკელებით და ბოროტი, შეუგნებელი რუსებით. დაუმატეთ ამას კიდევ ერთი გაუგებარი „იაღლიში“ - ინგლისურად მოსაუბრე ქართველებს და რუსებს აქ უცხოელები თამაშობენ, მაგრამ შიგადაშიგ ქართულად და რუსულად უხდებათ საუბარი. აქ იწყება ნამდვილი კომედია! ფილმის ერთ-ერთი გმირი, წარმოშობით მაროკოელი კანადელი, მსახიობი ემანუელ შრიკი ისეთი ქართულით თამაშობს სურათის ერთ-ერთ მთავარ გმირს, თათიას, რომ მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის ნაცვლად გეღიმება. ხოლო როცა ფინალში სააკაშვილი-გარსიას გვერდით მსახიობ გივი სიხარულიძეს დაინახავ რომელიღაც პრეზიდენტის როლში, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რაღაც ძალიან სასაცილო ფილმს უყურებ,“ - ეს არის ამონარიდი კინომცოდნე გოგი გვახარიას სტატიიდან „უნიჭობის მავნებლობა“. არა მგონია, მე მასზე უკეთ შემეძლოს ფილმის არსში წვდომა და ამ მხრივ აბსოლუტურად ვენდობი გოგი გვახარიას გემოვნებას. თუმცა, ჩვენი კულტურის მინისტრი ფრიად აღაშფოთა კინომცოდნის ასეთმა შეფასებამ და ლამის არაპროფესიონალიც კი უწოდა. ამ ყველაფერთან ერთად კობა ნაყოფიამ, ფილმის პროდიუსერმა, ყველას მოღალატის იარლიყი მიაწება, ვისაც „აგვისტოს 5 დღის“ მიმართ უარყოფითი მოსაზრება გაუჩნდა. ერთის მხრივ პატრიოტიზმისა და მეორეს მხრივ ხელისუფლებისადმი მლიქვნელობის ახალი განსაზღვრება მივიღეთ თვალის დახამხამებაში.

ერთი-ორი სიტყვით მინდა საქველმოქმედო ვახშამზეც გიამბოთ, სადაც დასწრება 5000 დოლარი ღირდა. შეკრებილი იყო „ელიტა“ და „ნაღები ქართული საზოგადოება.“ ზოგი სტვენით გამოხატავდა ემოციებს, ზოგი ცეკვავდა და იყო მხიარულება. პრეზიდენტმაც ორ ენაზე მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ფილმის რეჟისორი რენი ჰარლინიც სიყვარულს გვეფიცებოდა. რენის უთქვამს, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოაო და ახლო მომავალში მას, სავარაუდოდ, ორმაგ მოქალაქეობასაც მიანიჭებენ. მაგრამ როგორ იქნება საქმე შერონის შემთხვევაში? თუ მანაც მიიღო ჩვენი მოქალაქეობა, „ჩრდილოელი დათვის“ ღრიალის თავი ვიღას აქვს. ნუ გაგვწირავ, რა, შერონ!

ჰო, მართლა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა შერონ სტოუნის ქართული სახელ-გვარი: შორენა ქვათაძე (სტოუნ ქართულად ქვას ნიშნავს). გიხაროდენ, ჰოლივუდელებო, ამიერიდან თქვენც გყავთ თქვენი შორენა!

ცუდია, როცა ქართველობა ასეთ თამაშობებს სერიოზულად აღიქვამს, შერონთან გადაღებული ერთი სურათი ისეთ ბედნიერებას ანიჭებს, როგორსაც მთელი ცხოვრება ვერ განიცდის. გამოდის, რომ არც ისე კარგადაა საქმე, როგორც ჩვენს შესახებ „ჰოლივუდში“ ჰგონიათ.

რამაც ნამდვილად გააკვირვა საღად მოაზროვნე საზოგადოება - იყო შერონის ვიზიტი პატრიარქთან. აბსოლუტურად სუბიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ხელისუფლების მცდელობა შერონის რეპუტაციის რეაბილიტაციისთვის და, ალბათ, საპატრიარქომაც „საქვეყნო საქმე“ გააკეთა.

მე კი წერას ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელ იმედას სიტყვებით დავასრულებ: „მე თუ მკითხავთ, გოიმობისა და უნიჭო პროვინციალიზმის ზეობაში ვართ, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს ხელისუფლებისა და მასმედიის იდიოკრატიზმი და გონებაშეზღუდულობა.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია