დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უკომპლექსო“ ბავშვები
2011/06/13 13:06:17

„ნუ აქცევთ ბავშვს კერპად, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოითხოვს,“ - ეს გამონათქვამი ამომიტივტივდა გონებაში მაშინ, როცა ერთი ბავშვის ჩვეულებრივ „თამაშის“ პროცესს შემთხვევით შევესწარი თბილისში.

დაახლოებით 5 წლამდე ასაკის ეს პატარა არსება უკვე საშინლად მოძალადეობრივ ხასიათს ავლენდა გარშემომყოფების მიმართ. ჯერ მისი თანატოლები არ მიუშვა საქანელებთან, არც სათამაშოები ათხოვა, მერე ნაყინის გამყიდველ ხანშიშესულ ბებოს წინ გადაუდგა და ზუსტად ამ სიტყვებით მიესალმა: „პრივეტ, ბებია.“ გაოცებისგან პირი დავაღეო, რომ იტყვიან, ზუსტად ასე დამემართა. ბავშვი გამყიდველს თავისი სათამაშოს ნაყინში გაცვლას სთავაზობდა!.. და მთელი უბედურება ამ ფაქტში ის არის, რომ დედა იქვე, ახლოს, მის მეგობართან თუ უბრალო ნაცნობთან საუბრით იყო გართული და ბავშვისთვის საყვედური კი არა, შენიშვნაც არ უთქვამს. რეგიონებში  ბავშვები თითქმის უფრო „დაკომპლექსებულები“ არიან. მაგრამ, მაინც ხშირია მსგავსი ფაქტი. მაგალითად, ერთ დღეს ავტობუსს ველოდებოდი. იქვე, ახლოს, ორი ქალბატონი საუბრობდა, ერთი ახალგაზრდა იყო, მეორე კი - შუა ხნისა. ჩამოიარა  ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც თავისი შვილი მოჰყავდა, დაახლოებით 4 წლის. ბავშვი ფეხშიშველი იყო და მოსაუბრე ქალბატონებმა აღნიშნეს ეს ფაქტი. დედა ფეხსაცმელების საპოვნელად წავიდა, უყურადღებოდ მიტოვებულმა პატარა გოგონამ კი, ამასობაში ამ ქალბატონებს მუშტები დაუშინა. რამდენიმე წუთით გრძელდებოდა ბავშვის თავგასულობა, თუმცა დედას დაბრუნების შემდეგ შვილისთვის არც შენიშვნა მიუცია, არც საყვედური, ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსად.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა მიამბო, შევარდნაძე რომ ხელისუფლების სათავეში იყო, ერთ-ერთი ქუთაისელი ჩინოვნიკის პატარა შვილს რა აღარ უკადრებია პრეზიდენტისა და მისი უახლოესი გარემოცვისათვის

- ხან აგინა, ხან წიხლები დაუშინა და სანაცვლოდ მამისგან საყვედურიც კი არ დაუმსახურებია, იმ მიზეზით, ბავშვი არ დაკომპლექსდესო...

ხშირად, ჰგონიათ, რომ ზრდილობიანი და ოდნავ მორცხვი ბავშვი აუცილებლად კომპლექსიანია და მომავალში არასრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდება, რაც მშობლების შეცდომად მიაჩნიათ.

სკოლამდელი ასაკი ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ ასაკში ბავშვის ფსიქიკა აღზრდის მეშვეობით აგრძელებს განვითარებას, მისი ზეგავლენით იზრდება და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ხდება დროებითი კავშირების მარაგი. ახალი დროებითი კავშირების განვითარებაზე და ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს წინა ეტაპებზე დაგროვებული გამოცდილება. მისი ქცევა და მოქმედება ხდება უფრო გააზრებული. საკმაოდ სწრაფად და ადვილად წარმოიქმნება დადებითი პირობითი რეფლექსები სკოლამდელ ასაკში. მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება „პირობითი შეკავების (დამუხრუჭების)“ განვითარებაში. ბავშვები სწავლობენ თავშეკავებას უფროსების მიერ აკრძალული ან თანატოლებში მიუღებელი ქცევისაგან. იზრდება ემოციათა მრავალფეროვნება და მათი სირთულე. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ამ პროცესში მშობლების აქტიური მონაწილეობა, სწორი და ადამიანური მაგალითის მიცემა ბავშვისთვის და მისი აღზრდა არა მარტო შეგონებებით, არამედ - პრაქტიკული გზით.

თუმცა, რა უნდა მოვთხოვოთ მშობლებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან ლუკმა-პურის საშოვნელად, მათ მცირეწლოვან შვილებს კი ბებია-ბაბუები ზრდიან. ხანდაზმულებს კი, როგორც მოგეხსენებათ, მკაცრი აღმზრდელობითი პოლიტიკის გატარება ძალიან უჭირთ შვილიშვილისადმი ზედმეტი მზრუნველობისა და სიყვარულის გამო.

ხშირია შემთხვევაც, როცა მშობლები ადგილზე არიან, თუმცა, შვილებს დიდად არ ეტყობათ მათი არსებობა. როგორც ზემოთ აღნიშნულ მაგალითებში გიამბეთ, ასეთ მშობლებს ან საკმარისი განათლება არ აქვთ, ან არ უნდათ „შვილს გული ატკინონ.“ ასე იზრდებიან „უკომპლექსო,“ „თავისუფალი“ და მოძალადე ბავშვები, რომლებისთვისაც მთავარია საკუთარი თავი და ნაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოება.

ერთ-ერთი მიზეზი ბავშვის ზედმეტად გათამამებისა მშობლების ლოიალური და „უიმე, დედიკო გენაცვალოს“ დამოკიდებულებაა. ცუდია, როცა ბავშვს იმ პრინციპით ზრდიან: „ოღონდ შენ არ იტირო და რასაც გინდა, იმას გავაკეთებთ.“

ჰოდა, ასეთი ბავშვები სწორედ ისეთები იზრდებიან, როგორებიც ახლა მრავლად არიან ჩვენი სახელმწიფო დაწესებულებების სათავეებში. არც ხალხთან წესიერი ურთიერთობა ეხერხებათ და მხოლოდ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად აქტიურად იბრძვიან. აი, რა შედეგი  მოაქვს  „უკომპლექსოდ“  და   „თავისუფლად“  გატარებულ ბავშვობას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია