დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი დემოკრატები“ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
2011/05/31 14:16:58

ორშაბათის ბიუროს სხდომაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წამომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა  26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. საკითხის დაყენებისთანავე დეპუტატმა შენიშვნა მიიღო მიხეილ მაჭავარიანისგან. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ამგვარი საკითხის დაყენება უნდა მოხდეს რეგლამენტის 55-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დაყენებას, ფრაქციის ან პარლამენტის 1/5-ის მხარდაჭერა  სჭირდება.

 „ჩვენ ყველანი ვართ დაზარალებულნი, ჩვენ ყველანი ვართ შეწუხებულნი. საქართველოს პარლამენტი არის ის დაწესებულება, რომელმაც უნდა დაარქვას ყველაფერ იმას სახელი, რაც მოხდა,“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა ბიუროს სხდომაზე. იგი მოითხოვს ამ საქმეში გარეული ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხის  დაყენებას და მათ თანაზომიერ დასჯას.

ცაგარეიშვილის ამ განცხადებამ დებატები და ბიუროს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციას მხარდაჭერას სთხოვს. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, ვამბობთ, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. ამ მხრივ ის იზიარებს ახალი მემარჯვენეების პოზიციას, რომ სახალხო დამცველს მიეცეს საშუალება ობიექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგი აწარმოოს.

ბიუროს შემდეგ გივი თარგამაძემ 26 მაისს მომხდარ დარბევასა და ბადრი ბიწაძის დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გივი თარგამაძე: „არის ლაპარაკი მასობრივ დასახიჩრებულებზე და დაკავებულებზე. თუ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ ხელს არაფერი უშლით, რომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, ან დამოუკიდებელი ექსპერტები აიყვანონ. როცა დაკავებულებზეა საუბარი, მათთან წითელი ჯვარი შედის და ნახულობს, ამ ორგანიზაციას კი ყველა ენდობა. ამას გარდა, არსებობს ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მოკვლევით არის დაკავებული.“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა გავრცელებული ინფორმაცია ბადრი ბიწაძის საქართველოდან გაქცევის თაობაზე სიმართლე იყოს.  მისი განცხადებით, პროკურატურა გირაოზე აყენებს შუამდგომლობას და დაკავება აუცილებელი არ არის.  გივი თარაგამაძე ირაკლი ალასანიას პარტიის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადების დაყენებას სპეკულაციურ ნაბიჯად მიიჩნევს. „გაუბრალოებული ენით რომ გითხრათ, უნდათ თქვან, რომ ყველა ცუდია და მარტო ალასანიას პოლიტიკური ძალაა კარგი", - განაცხადა თარგამაძემ.

მიხეილ მაჭავარიანმა გიორგი ცაგარეიშვილს მოუწოდა, კომისის შექმნის შესახებ საკითხი წესების დაცვით  დააყენოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს მას პარლამენტი. „თუ ეს არ იქნება რეგლამნტის მიხედვით დაყენებული, ბუნებრივია, ვერც სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გახდება თქვენი მსჯელობის საგანი. ისე, სჯობდა, თქვენს კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებთან მაინც გაგევლოთ კონსულტაცია,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ცაგარეიშვილის მისამართით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია