დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თანამედროვეობას ამოფარებული სიძველე
2011/05/30 12:50:17

საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე, 26 მაისს, ქუთაისის ცენტრში, „ოქროს ჩარდახში“, ღია ცის ქვეშ, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ჩვენება გაიმართა. წარმოდგენილი იყო დიზაინერების ეკა აბულაძის, ხათუნა ჭიჭინაძის, მაგდასა და სალომეს ნამუშევრები.

საღამოს რვა საათზე დანიშნული ჩვენება რამდენიმე წუთით გვიან დაიწყო, თუმცა ნამდვილად ღირდა ლოდინი. საღამო ქართული ხალხური სიმღერით გაიხსნა, შემდეგ კი გემოვნებიან გათანამედროვებულ ტრადიციულ ქართულ სამოსელში ჩაცმული მოდელები საზოგადოების წინაშე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და დამსწრეებისგანაც არ აკლდათ აპლოდისმენტები.

ჩვენებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე და საზოგადოებისთვის ცნობილი და არა ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამთა თურმანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

- ეს ღონისძიება ჩატარდა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით,ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტების პოპულარიზაცია თანამედროვე ტანისამოსში. ეს არის ერთგვარი ხიდი წარსულსა და დღევანდელობას შორის. სიმბოლურია, რომ ღონისძიება გაიმართა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენება ერთგვარი მოგზაურობა იყო წარსულში, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადაგვეფასებინა, ვინ ვართ და რა არის ჩვენი ტრადიციები. ამგვარი ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა, ამ პროექტის ავტორი არის ქალბატონი თინათინ მაჭავარიანი.

ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთ დიზაინერს ეკა აბულაძეს:

- ძალიან ლამაზი საღამო იყო, ვფიქრობ, ეროვნული სამოსის ჩვენება ყოველთვის ღირსეულია. ეს კოლექცია ძალიან მცირე დროში, ათ დღეში შეიქმნა, მართლა საინტერესო იყო და, მგონია, ხალხიც კმაყოფილი უნდა იყოს ამ ლამაზი დღით.

„ოქროს ჩარდახის“ სადად, ძველი ქართული შტრიხებით მოწყობილი ეზო წლების უკან დაგაბრუნებდათ,გემოვნებიანი ქართული მუსიკა,განათება, ჩოხებში გამოწყობილი ახალგაზრდები...

ჩვენ დამსწრე ახალგაზრდებს გავესაუბრეთ, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მათში ამ ჩვენებამ.

გიგა, 20 წლის: ლამაზი საღამო იყო, მომეწონა ის გემოვნებიანი სამოსელი, რომელიც მოდელებს ამშვენებდათ, მე ოცი წლის ვარ და, სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ, ძველ დროში ვიმოგზაურე, ძალიან მაგარი იყო, მომეწონა. მოხარული ვიქნები, თუ მსგავს ლამაზ საღამოებს კიდევ აჩუქებენ ქუთაისს და ქუთაისელებს.

ანი, 18 წლის: საერთო ჯამში მომეწონა. როგორი ორიგინალური სამოსის ჩვენებაც იყო, ისეთივე ორიგინალური საღამო გამოვიდა, კმაყოფილი ვარ.

ჩვენება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და ეს საათი ნამდვილად არ მოგცემდათ მოწყენის საშუალებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია