დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ჯანსაღი პოლიტიკური აზრი არ არსებობს!
2011/05/30 12:46:44

დაანონსებული რევოლუციების ორგანიზატორებმა 21 მაისს დაწყებული აქციებით კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს ქვრთველ ხალს, რომ „ჩარეცხილ“ პოლიტიკოსებს აღარ გააჩნიათ უნარი თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს რაიმე პოზიტიური პოლიტიკური ლოზუნგები შესთავაზონ.

სტუდენტობის ჟამს, როცა გაცილებით მეტი დრო მქონდა მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად და გასაანალიზებლად, უილიამ ფოლკნერის მოთხრობა „ დათვის“ კითხვა მიყვარდა. ამ მცირე ზომის ნაწარმოებში წიგნის ავტორი მისთვის ჩვეული მაღალმხატვრული ოსტატობით აღწერს, როგორ ებრძვიან ადამიანი - მტაცებლის მიერ დაგეშილი მწევრები ბუნების მშვენებას - მარტოხელა დიდ მურა დათვს.

სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, როცა აპრილის თვის ბოლოს ერთ მშვენიერ დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომას დავესწარი. ქუთაისელი ტელემაყურებლების ერთი ნაწილი, ვინც ხშირად ადევნებს ხოლმე თვალს ქალაქის საკრებულოს სხდომებს უთუოდ შეამჩნევდა, რომ ქალაქის დეპუტატებს შორის გამორჩეულად ერთი - ბატონი მამუკა მღვდელაძე („ახლების“ პარტიიდან) ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმება       „ამა სოფლის“ წინამძღოლთა გადაწყვეტილებებს. ბატონი მამუკა ისეთი პარტიის წევრი გახლავთ, რომელსაც გაუბედავი და დაუხვეწავი პოლიტიკური ტაქტიკის გამო ქართველი ამომრჩეველი მაინცდამაინც არ სწყალობს, მაგრამ თავად პიროვნული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მისი ამომრჩევლების ნდობითა და ხმებით სხვა მის თანამოქალაქეთაგან განსხვავებით, არჩევნებში გამარჯვება შესძლო. ბატონი მამუკა მოვლენებს რეალურად აფასებს და მისი ხასიათის მთავარი თვისება, როგორც ჩანს, პირუთვნელობაა, რაც, სამწუხაროდ, „ლენინური კომუნიზმისა“ და ნინო ბურჯანაძის აკვანში აღზრდილი ქუთაისელი „ნაც მოძრაობის“ უმრავლესობის მსოფლმხედველობასა და შინაგან მორალურ კოდექსებს არ ესადაგება.

როცა ქალაქისათვის საჭირბოროტო რამდენიმე საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ბატონი მამუკა წინააღმდეგი წავიდა, ნაციონალმა ლიდერებმა მას ისიც კი დააყვედრეს, რომ თურმე მისთვის კეთილმოწყობილი სამუშაო კაბინეტი მიუციათ. (თითქოს საკუთარი ჯიბიდან ამოღებული ფულით გაერემონტებინოთ).

იმ დღეს, დარბაზში დამსწრე საზოგადოების სხვა წევრებივით, მეც უმრავლესობის მიმართ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.. ძალიან მინდოდა წამოვმდგარიყავი და საჯაროდ მეთქვა: „თქვენ ტყუით, ბატონებო, ეს ადამიანი მართალია“ დარწმუნებული ვარ, ბევრი იმ სხდომის წევრთაგანიც დამეთანხმებოდა, მაგრამ, ჩემი არ იყოს, სიტყვის თქმა ყველას „დაეზარა“.

სწორედ იმდღევანდელმა სხდომამ მაფიქრებინა, რომ ქუთაისში ჯანსაღი პოლიტიკური აზრი არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკური აზროვნება ჯერ კიდევ ახალ დროებასთან შეზავებული „ლენ-სტანბერის“ მკაცრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიით იმართება. ოპონენტებთან ნაციონალების ბრძოლის დახვეწილი მეთოდებიც ვიცით; ცდილობენ, ერთად შეკრულნი დაათითოკაცონ, დააშანტაჟონ და გაანადგურონ.

ქუთაისის ბიუჯეტში ჩადებულ 118 მილიონს თვითმმართველობის წევრები მოტაცებულ ნანადირევზე თავსდამდგარი მშიერი მწევრებივით დასჩერებიან და დატაცების მოლოდინში სიხარბისაგან თვალებაელვარებულებს კბილები უკაწკაწებთ. ვითომდაც ქუთაისში ყველა ყრუა, ყველა ბლუა და ყველა მუნჯია, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხოლოდ ერთი კაცი, მარტოხელა შავი მურა დათვივით, იბრძვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მისი თანადგომისა ყველას ეშინია. ჩვენს ქუთაისელ ნაციონალებს კი, რატომღაც, ჰგონიათ, რომ დედამიწა მზის გარშემო მარტო მათთვის ბედნიერების მოსატანად ტრიალებს.

ქუთაისელმა ამომრჩეველმა 2010 წელს მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე,თავისდასავალალოდ, მცდარი არჩევანი გააკეთა, როცა ოპოზიციის შეთავაზებულ პარტიას და განათლებულ დეპუტატებს უარი უთხრა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს „ფოჩიანი კანფეტებით“ თავიანთი უბნების ამომრჩეველთა გადაბირება და, სამაგიეროდ, ცრუ და ლამაზი დაპირებების ხათრით ირჩიეს ნაციონალი დეპუტატები, რომელთაც საკუთარი ამომრჩევლების ხმები მხოლოდ პირადი ბედნიერების მოსაწყობად სჭირდებოდათ.

რაც განსაკუთრებით კარგად გამოსდით, ეს შავის თეთრად მოჩვენების ნიჭია და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე ფიქრია, რაც არ გამოსდით, დაცემულისა და წაქცეულისათვის ხელის გაწვდენაა. ეს ყველაზე ნათლად მაშინ გამოჩნდა, როცა ნინო ბურჯანაძის გამოზრდილმა და მერიის შენობაში საიმედოდ თავშერგულმა კადრებმა დამატებითი შემოსავლების მოძიების მიზნით მათგან წაგულიანებული ბაღის გამგეები, თავიანთი შეფი ქალბატონითიურთ, დასაკლავი ცხვრებივით მოიშორეს თავიდან, თავად კი თავიანთ სოროებში, მათებურ ენაზე - „სამუშაო კაბინეტებში“ მამა აბრაამის ბატკნებივით გატრუნულები სხედან და იქიდან იმ საცოდავი ქალების დაშინებასაც კი ახერხებენ: „არ გაამხილოთ ამ საქმის სცენარი სად იწერებოდა, თორე ოჯახის წევრებსაც უკან მოგაყოლებთო!“. ჩვენი ქალაქის საგამოძიებო სისტემების მაღალი რანგის ჩინოვნიკები კი დასანახს ვერ ხედავენ, მოსასმენს ვერ ისმენენ და, მწვანე კიტრებივით, დღესაც თავი მოსწონთ იმით, რომ უსუსური დედაკაცების დაჭერით ვითომცდა ქუთაისის ბიუჯეტი ძარცვას გადაარჩინეს, ნამდვილი მძარცველი კი ჯერ არავინ დაუჭერიათ. დღეს ქართული ნაციონალური პოლიტიკა არის ასეთი: თუ ხალხის ნაშრომ-ნაოფლარს ითვისებენ და სუქდებიან, კარგი ნაციონალები არიან, ხოლო თუ ვეღარ იჯიბავენ, მაშინ ოპოზიციონერები ხდებიან.

ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად ყველა საჯარო მოხელეს მისცემდა იმდენ ხელფასს, რომ მეზობელთან პურის ფულის სასესხებლად სიარული და ბიუჯეტში ხელების ფათური არ დასჭირვებოდათ. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თავისი სიტყვა შეასრულა, მაგრამ ვერც გაზრდილმა ხელფასებმა შეძლო ხელისუფლებაში მოკალათებულთა მადის დაცხრომა. დღეს ქუთაისის ბიუჯეტი შეცდენილი ტურფა ქალივით ზის მერიის სადედოფლო ტახტზე და ყველა საჯარო მოხელეს, ვისაც მის გარშემო სიარულის უფლება აქვს, მისი მისაკუთრების უფლება გააჩნია, რითაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ნაციონალურ სიხარბეს არა აქვს საზღვრები. ამიტომაც არის, ალბათ, რომ რაც განსაკუთრებით არ სურთ და არ სჭირდებათ ხელისუფლებაში - პატიოსანი ადამიანის არსებობაა.

რაც ამათ ბოლო ექვსი წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულები უხვეტიათ და უფლანგიათ, თითო წელიწადს თითო საწარმო რომ აეშენებინათ ერთობლივად, რესტორნებისა და კაზინოების ნაცვლად, თუნდაც ინკოგნიტოდ, - თავიანთ შვილებს სამუდამო სარჩო-საბადებელს დაუტოვებდნენ, ჩვენს შვილებს კიდევ - თავის რჩენის სახსარი და არსებობის უფლება ექნებოდათ.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია