დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმონ არველაძის 90-ე ვარდობისთვე
2011/05/23 12:52:09

18 მაისს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის საოპერო თეატრში შეკრებილმა ფართო საზოგადოებრიობამ დაბადების 90 წლისთავი დიდი სიყვარულით მიულოცა მწერალს, მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, პროფესორ სიმონ არველაძეს.

საიუბილეო სავარძელში იჯდა ჭეშმარიტად ღვაწლმოსილი კაცი, რომლის მიმართ გულთბილ სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდნენ მისი ყოფილი სტუდენტები და  მოსწავლეები, მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ქალაქის ხელმძღვანელები. გაუხსენეს ლამაზად განვლილი გზა, შემოქმედებითი წარმატებები, საინტერესოდ დაწერილი წიგნები, შინაარსიანად წაკითხული ლექციები, საზოგადოებრივ ასპარეზზე მაღალმოქალაქეობრივად გადადგმული ნაბიჯები, საუკეთესო პიროვნული თვისებები - ყველაფერი, რითაც აღსავსეა ბატონი სიმონის ხანგრძლივი ცხოვრება.

იუბილარს ერთი სასიამოვნო სიურპრიზიც ელოდა - საქართველოს მწერალთა კავშირმა ბოლო პერიოდში შექმნილი ნაწარმოებებისათვის მას აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიანიჭა.

90 წლის სიმონ არველაძეს, რომელსაც წუთითაც არ შეუწყვეტია შემოქმედებითი შრომა, ფეხზე დამდგარი დარბაზი მადლიერებით უკრავდა ტაშს.

ჩვენ შინ ვეწვიეთ მხცოვან იუბილარს, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. ჭაღარა თმა, მაღალი შუბლი, ჭკვიანი თვალები - ეს პროფესორი სიმონ არველაძეა, რომელსაც ინტერვიუს დროსაც არ შორდება კეთილგანწყობილი, თბილი ღიმილი.

- ბატონო სიმონ, პირველ რიგში, იუბილეს გილოცავთ! როგორ გრძნობთ თავს?

- დიდი მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ 90 წლის გავხდი, თავს მაინც ჭაბუკად ვგრძნობ.

- თქვენი ოთხმოცდაათწლოვანი გადასახედიდან - როგორია სიცოცხლე?

- სიცოცხლე არის მარადიული მოძრაობა, პროცესი მუდმივი მოძრაობისა და განახლებისა, შემოქმედებითი სიახლის ძიებისა და სულიერ-მეცნიერულ ღირებულებათა შექმნისა. ამიტომ სიცოცხლე კაცს არასდროს მოსწყინდება. აკი რუსთაველმა თქვა:        „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი“, ოღონდ ეს სიცოცხლე უნდა იყოს არა ნაძრახი, არამედ სახელოვანი. აქვე ერთ სტროფს ჩემი ლექსიდანაც გეტყვით:

„ცხრა ათეული გასრულდა,

ცოტაღა დარჩა ასამდე

და მინდა, მაინც დავწერო

მე ამ ქვეყნიდან წასვლამდე.“

- თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურებზე გვესაუბრეთ.

- რა თქმა უნდა, პირადი და შემოქმედებითი ცხოვრებაც საფეხურებრივი, ეტაპობრივია, რაღაც სტადიებია, რომლებიც ადამიანმა თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისას უნდა გაიაროს. ეს ყველაფერი სიცოცხლესთან ორგანულადაა დაკავშირებული. ჩემი ცხოვრების ყველა საფეხური იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ ვერცერთს გამოვყოფდი.

- როცა სიმონ არველაძეს ახსენებ, შეუძლებელია, იქვე არ წარმოიდგინო ქალბატონი მარი ხვედელიძე. რას იტყოდა 90 წლის მეუღლე ქალბატონი მარის შესახებ?

- აქამდე ბევრი რამ მაქვს ნათქვამი ჩემს მეუღლეზე და ახლაც გეტყვით მე მას ლექსებს 1948 წლის აპრილიდან ვუძღვნი, ზუსტად ეს თარიღია ჩვენი პირველი შეხვედრის. ახლა - ქალბატონი და მაშინ პატარა, ზესტაფონელი ცქრიალა გოგონა მარი ხვედელიძე იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მე გახლდით ომგამოვლილი კაცი. დავბრუნდი თუ არა საარმიო სამსახურიდან, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩამრიცხეს. მაშინ 27 წლის ვიყავი, მარი - 20-ის. ომის გამო სწავლა გვიან დავიწყე, მე მეგობართან ერთად სემინარს ვამზადებდი სასწავლო კაბინეტში, გვერდით მაგიდასთან მარი შევამჩნიე და მეგობარს ვთხოვე, გაეგო, ვინ იყო ეს გოგონა. ამბავმაც არ დააყოვნა. მითხრეს, რომ მარი დასავლეთ ენებს სწავლობდა. ვიფიქრე, გერმანისტია ალბათ-თქო და გერმანულად ბარათი დავუწერე. სანამ ის შესვენებაზე იყო, ეს ბარათი მაგიდაზე დავუდე. მარიმ წაიკითხა თუ არა ეს ბარათი, გულმოსული, ცივად გავიდა სასწავლო კაბინეტიდან. შემდეგ მისი გულის მოგება ლექსებით დავიწყე და ბოლოს, 1952 წელს დავქორწინდით კიდევაც.

- ცხოვრებაში, ალბათ, ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიხართ...

- დიახ, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, მათი ჩამოთვლაც  ბევრ დროს წაიღებს, მაგრამ გეტყვით: ერთხელ, სტუდენტობაში, იოსებ გრიშაშვილს ვესტუმრეთ სახლში. მართლაც სამახსოვრო შეხვედრა იყო. მან ჩემი ლექსებიც კი შეაფასა და ძლიერ მომიწონა.

- ვიცით, რომ კვლავ განაგრძობთ შემოქმედებით შრომას. რა გეგმები გაქვთ?

- დიახ, ჩემი ბოლო წიგნი ჯერაც სტამბაშია. დღე-დღეზე ველოდებით მის გამოსვლას. ეს წიგნია „ესეისტური პრელუდიები“. მისი რედაქტორია პროფესორი ევგენი ბლიაძე. რაც შეეხება გეგმებს, ცოტა სასაცილოა, 90 წლის კაცმა გეგმებზე ვისაუბრო. თუ სიკვდილი დამაცლის, კიდევ რამეს შევქმნი.

- მთელი თქვენი ცხოვრება ერთგვარად რომ შეაჯამოთ, როგორ დაახასიათებდით ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, მწერალსა და კრიტიკოსს სიმონ არველაძეს?

- გეტყვით იმას, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სულიერი სიმდიდრეა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი, ეს ლექსი გამოდგება ჩემს დასახასიათებლად:

ახლოა ყოფნის ბოლო აკორდი,

ჩემი ცხოვრების დასალიერი.

ერთი უბრალო კალმოსანი ვარ,

არც ჰეგელი ვარ, არც - სალიერი.

მე არ მივლია ვარდით მოფენილ

გზით - ასე განვლე წუთისოფელი.

ვარ მართლისმთქმელი, ცრუ და ორპირის

მუდამ მგმობი და უარმყოფელი.

არ მწამს ავბედი, მარადმისნობა,

ვამაყობ, რომ ვარ გენით ქართველი.

ნელა მივყვები მარადისობას,

ქვეყნის წინაშე ვარ პირნათელი.

ჩვენი რედაქციის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ სიმონს 90 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

 

ირინე ჭეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია