დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ომარ ლანჩავა: „შესაძლოა, საჯავახოში ანტიკური ხანის ქალაქური, ან დაბური დასახლება იყოს“
2011/05/16 12:56:18

სოფელ საჯავახოში, თავის ნაკვეთში, ავთანდილ ლორია რაღაც სიძველეს, კერძოდ, ნამარხ ქვევრს წააწყდა. ამის შესახებ გაზეთი „სამტრედიის მაცნე“ 2011 წლის 30 აპრილის №12-ში წერდა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამტრედიელმა ხელოვნებათმცოდნემ, ნინო ნინუამ დაათვალიერა ლორიების ოჯახში ნაპოვნი სიძველე და მის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, პროფესორ ომარ ლანჩავას აცნობა. ჩვენ ვეწვიეთ ბატონ ომარს და ახალ აღმოჩენაზე ვესაუბრეთ.

ომარ ლანჩავა: ხელოვნებათმცოდნემ, ქალბატონმა ნინო ნინუამ გაგვიწია მეგზურობა და სოფელ საჯავახოში ჩავედით. იქ ყოფილი ფერმის ტერიტორიაა და ეს ადგილი ბატონ ავთანდილ ლორიას შეუძენია,  ახლა კი იმ ადგილას მეუღლესთან ერთად ეწევა მეურნეობას. რამდენიმე კვირის წინ, მიწის დამუშავებისას, აღმოუჩენია ქვევრსამარხი. ეს აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვის მე-3, მე-2 საუკუნით თარიღდება. ალბათ, 2.300 წლის წინ, ქვევრში დაკრძალეს მიცვალებული. სამწუხაროდ, ქვევრი, სანამ მას ბატონი ავთანდილი იპოვიდა, ვიღაცას უნახავს და, შეიძლება ითქვას, გაძარცულია კიდეც. ამოტრიალებული ქვევრის შიგნით არც ადამიანის ჩონჩხი ჩანდა და არც არაფერი იყო მთელი. მხოლოდ კერამიკის ნატეხებს წავაწყდით. ჩვენთვის სასიხარულოა ის, რომ იქ პირმოტეხილი ფიალა და მძივის ერთი მარცვალი აღმოვაჩინეთ. ქვევრი მიუთითებს იმას, რომ ეს არის ელინისტური ხანის სამარხი. მდინარე რიონის მარცხენა სანაპირო, დაბლა გომი, დაფნარი, საჯავახო, ვანამდე ჩათვლით, ერთი ჯაჭვივითაა დაგრეხილი, ვანის ქვეყანას ეძახდნენ. ეს არის ანტიკური ხანის ინტენსიურად დასახლებული ტერიტორია. მოგეხსენებათ, რომ ერთ დროს ვანი ყვაოდა და წარმატებული საქალაქო ცენტრი იყო. დიახ, თუ დავაკონკრეტებთ, ეს უკავშირდება, საერთოდ, მესხი ტომების ცხოვრებასა და შემოსვლას დასავლეთ საქართველოში. ეს  ისტორიოგრაფიაში ძალიან ცნობილი საკითხია და მის შესახებ გამოკვლევა არსებობს.  ისინი, კერძოდ, რიონის მარცხენა მხარესაა და შემდეგ, ნელ-ნელა, შიდა კოლხეთში შემოდიან. აქვე გეტყვით, ქუთაისი, სოფელი მაღლაკი, ოდილაური, უკანეთი, ქვიტირი, ფარცხანაყანები ქვევრსამარხებითაა ცნობილი. დასავლეთ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის ქვევრსამარხებია აღმოჩენილი. იმის თქმა მსურს, რომ რაც საჯავახოში აღმოჩნდა, ერთი შემთხვევა არ არის. იქ ნამოსახლარი რომ არის, ღელე ჩამოედინება და მათ შორის არის ამფორის ფრაგმენტები. მთლიანად, ჩატეხილი ამფორა ვიპოვეთ და წამოვიღეთ ისიც. ასევე, აღმოვაჩინეთ უამრავი კრამიტი. ვფიქრობთ, სახლები კრამიტით იყო დახურული. ლორიების საკარმიდამოს არანაირი აყრა არ ემუქრება. იქ, უბრალოდ, მინდორია და სამუშაოების ჩატარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილზე სადაზვერვო სამუშაოებია ჩასატარებელი. კარგად უნდა დადგინდეს, ზუსტად რა ტიპის დასახლებასთან გვაქვს საქმე. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ძალიან დიდი სამოსახლო და, შესაძლოა, საჯავახო ანტიკური ხანის ქალაქური, ან დაბური დასახლება იყოს. აუცილებლად, დეტალებში შევისწავლით ტერიტორიას. ეს რას ნიშნავს, იცით? კოლხეთის არქეოლოგიურ რუკაზე, გაჩნდა კიდევ ერთი ახალი პუნქტი, კერძოდ - ანტიკური ხანის ნამოსახლარი საჯავახოს ტერიტორიაზე. ამას, თავისთავად, ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია