დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ხეები ზეზეულად კვდებიან...
2011/05/16 12:44:17

როგორ ეხმაურება ქუთაისის თვითმმართველობა პატრიარქის კურთხევას: „დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო!“

 

 

7 მაისს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო, უქმე დღეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ხეივანი მთლიანად განადგურდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ხეების მოთხრა - გადატანის სამუშაოებს  ქალაქის მერი გია თევდორაძე კურირებდა, ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და პროცესს უშუალოდ ადევნებდა თვალს.

აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარდა. აღნიშნულ ადგილზე ველობილიკები გაკეთდება, რომლის სიგანეც 2,5 მეტრი იქნება, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 9 000 000 აშშ დოლარი გამოყო. კრედიტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავს. წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ხსენებულ ქუჩაზე გაკეთდება სკვერი, დაიდგმება სკამები, მოსაცდელები, მოეწყობა გზის აღმნიშვნელი ნიშნები, ასევე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე გარეგანათება.

თვეების წინათ ველობილიკების მშენებლობის შესახებ რომ გვაცნობეს, ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მის ეკოლოგიურობას უსახელებდნენ საზოგადოებას და ამით თავს იწონებდნენ. ამაზე არც არავინ დაობს, მაგრამ პარადოქსი არაა, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისათვის ეკოლოგიურად სუფთა ბუნებას რომ გაანადგურებ? როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას გასაკეთებელი და გასაკვირვებელი მართლაც ბევრი აქვს. იქნებ ვინმემ ამიხსნას, რომელ ევროსტანდარტებში ჯდება აყვავებული ხეების გვიან გაზაფხულზე მოთხრა და სხვაგან გადარგვა? თუ არ იციან, სოფლის მეურნეობაში ჩახედულ, მცოდნე ადამიანს დაეკითხონ, - რა თქმა უნდა, თუკი ასეთი თავის გარშემო ჰყავთ, რადგან ცნობილია, რომ, რატომღაც, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სხვისი აზრის გათვალისწინებას ცუდ ტონად თვლიან.  

აღმაშენებლის გამზირზე უკვე განადგურებული ხეივანი 16 წლის წინათ გაშენდა. ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორი ზარ-ზეიმით დაარგვევინეს პირველი ხე სახელოვან მწერალ ოტია იოსელიანს, მისი ხელით იყო ნასათუთევი თითოეული მორჩი... დღეს კი ასე ნალოლიავები, უკვე ხეებად ქცეული ნერგები თავიანთი ქმედების გასამართლებლად (გვიან გაზაფხულზე აყვავებული ნერგის გადარგვა არ შეიძლება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, უბრალოდ, არ გაიხარებს) ქალაქის გარეუბნებში გადააქვთ... ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ხეები „ჩამოაქვეითეს“, მაგრამ, რა დანაშაულის გამო შეეწირა ასეულობით ხე ველობილიკების მშენებლობას, იმ ველობილიკების, რომელსაც, კაცმა არ იცის, რამდენი ქუთაისელი გამოიყენებს, ან, საერთოდ, გამოიყენებს კი?

ხეივნის განადგურებას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი განცხადებით, ხეების გაჩეხვის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია.

მწარე სინამდვილეა, მაგრამ ხშირად ამართლებს გამონათქვამი: „ხალხი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს“. ამ აზრის სიდიადეში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებთან გასაუბრებას შევეცადე. გამოკითხულთა დიდი ნაწილი პასუხისგან თავს იკავებს, არა შიშის, არამედ - უინტერესობის გამო. ელოდებიან, როდის იტყვის მათ ნაცვლად სხვა, ან, სულაც, სათქმელს მალავენ და ამ ყველაფრის შემდეგ სურვილი აქვთ, ვინმემ ანგარიში გაუწიოს მათ.

თემური, 43 წლის, აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრები: „რა შეფასება შეიძლება ამას მიეცეს? ეს არის საშინელი ფაქტი, გული ორმაგად მწყდება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხეები განადგურდა, მეორეც, იქ რამდენიმე ჩემი დარგული ხე იყო, ჩემი ხელით დავრგე და გული დამწყდა, ასე რომ მოსპეს და გაანადგურეს. ამის შესახებ ჩვენ არავის გავუფრთხილებივართ, რომც გავეფრთხილებინეთ, რა შეიცვლებოდა?“

ლამარა კაპანაძე: „შეიძლება, უკეთესი რამ გაკეთდეს, მაგრამ ცუდი არც ეს იყო, მით უმეტეს, რა საჭირო იყო ასე მხეცურად განადგურება! მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაღაცას რომ აკეთებ, ხალხს ხომ უნდა აუხსნა, რა არის? რატომ უჭრი გახარებულ ხეებს, იქნებ მისაღებია და პროტესტს არავინ გამოთქვამს? მაგრამ საქმეც ეგ არის, თავიანთი საქციელის დამალვას რომ ცდილობენ, რადგან სწორედ ეს არის დანაშაული.“      

ნანული წიქორიძე: „შეიძლება კარგ რამეს აკეთებენ, მაგრამ ხეებიც არ იყო ცუდი, თანაც ქალაქში ისედაც ცოტა ნარგავებია და მისი განადგურება არასწორია, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა, თუმცა ვიცოდით, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო.“  

აღსანიშნავია ისიც, რომ ხეების გაჩეხვას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის გადაწყვეტილება გარემოს დაცვის რეგიონული სამმართველოების გაუქმების შესახებ. ხომ არ იყო ეს გამიზნული ქმედება და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, რადგან არცერთ არასამთავრობოს  და არცერთ ოპოზიციურ პარტიას მოსალოდნელი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია? აქვე უნდა დავძინო ისიც, რომ ზემოთ ხსენებული საკითხი განსახილველად არ გაუტანიათ ქალაქის  საკრებულოს სხდომაზე და მის შესახებ არც პროექტი არსებობს.

ზაზა ხელაძე, იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის (ასა) ხელმძღვანელი: „ალბათ, ამის შესახებ ინფორმაცია არც არავის ჰქონდა. ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება ჩაკეტილი და უმოძრაოა. არის შემთხვევა, რომელსაც აქვს ახსნა, ამ ხეების მოჭრას კი რა გამართლება აქვს, რა მოტივაცია იყო? რის გამო აიღეს მასზე ხელი, რისი ბრალი იყო - თავად ხის, გარემოსი, ეკონომიკის თუ პოლიტიკის? რაღაც ახსნა ხომ უნდა არსებობდეს? მოქმედება არის რაღაც აზრის შედეგი, ამ მოქმედებას კი ჩვენ ვერავითარ აზრს ვერ ვუძებნით.

ორფუსის კონვენციის თანახმად, გარემოს დაცვაში არასამთავრობოები სახელმწიფოსთან წარმოდგენილნი არიან, როგორც მხარეები, მე კი, როგორც მხარე, დავზარალდი. იმედია, ადგილობრივი თვითმმართველობა ინებებს და გაგვაცნობს, აგვიხსნის, რატომ მოხდა. ჩვენც ამის შემდეგ დავწერთ ახსნა-განმარტებას. თორემ ესეც დარჩება ისევე უყურადღებოდ, როგორც სხვა დანარჩენი აღებული ობიექტები! სინამდვილეში, ეს არ არის აღებული და არც ფული გაუფლანგავთ, უბრალოდ ფულის გარკვეულ მასას წვავენ. ეს არის დიდი დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ადამიანის მისწრაფება საქართველოში არის, გაამართლოს თავისი გეორგიანობა არა ხის მოჭრით, არამედ - ხის დარგვით. ეთქვათ ჩვენთვის, აეხსნათ და საზოგადოებამ, როგორც დარგო, ისევე მოთხრიდა და გადაიტანდა, დასარგავი ადგილების მეტი რა არის ჩვენს ქალაქში?

ძალიან დიდი ბოდიში ჩემს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც ჩემი არჩეული არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა თავხედურად გამოუვიდა. რა მოგებას ვპოულობთ ამით? - ერთი ხე შევცვალეთ მეორეთი, ხუთი წლის შემდეგ ისევ შევცვლით და ამით რა გამოვა? ევროკავშირის ძირითადი პრინციპია: სტაბილურობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, მომხდარი კი რომელს ემსახურება? ე.ი. ჩვენ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხელმოწერილ დებულებას აბუჩად ვიგდებთ. თვითონ არ სცემენ თავიანთ თავს პატივს.“

გიორგი შავგულიძე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალაქის საკრებულოს წევრი: „ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით, მაგრამ საყურადღებო ფაქტია - სექტემბერში ჩვენ გავაპროტესტეთ ქალაქში ველოსიპედიზაციის საკითხი. როდესაც გამოცხადდა, რომ ქალაქში ევრაზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტით გაკეთდებოდა ველობილიკები, მაშინ არავის უთქვამს, რომ ეს მოხდებოდა ეკოლოგიურად სუფთა ბუნების განადგურებით. რატომ უნდა გადაიზარდოს თვითმმართველობა თვითნებობაში? - რაც დღეს ხდება. მე მგონი, როგორც ოპოზიციამ, ასევე საკრებულოს წევრებმა არ იცოდნენ, რაც ხდებოდა. ქუთაისი არ არის ზღვისპირა ქალაქი, რომ პალმები დარგო, ქალაქს შესაფერისი სახე უნდა ჰქონდეს, ეს ხეივანი გაკეთდა მთელი რუდუნებით. საყურადღებოა ისიც, რომ ეს კეთდება მაშინ, როდესაც დასვენების დღეები იყო. ვის ვემალებით, რას ვმალავთ, რატომ ვაკეთებთ ფარულად? აქედან ჩანს, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან, არ გაკეთდა ისე, რომ დაენახათ ჟურნალისტებს, ხალხს, რათა არ გამოეხატათ პროტესტი, ახლა კი აღარაფერი ეშველება იმ ხეებს.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა: ხე, რომელიც ხელს არ უშლის არავის, არ უნდა მოიჭრას. თუ ერთი ხის მეორეთი ჩანაცვლება გვინდა, ადგილის მეტი რა არის, რომ არ შევეხოთ და არ გავანადგუროთ ბუნება? აი, ეს არის ჩემი სათქმელი. მე მრცხვენია იმ საკრებულოში ყოფნა, სადაც პროგრამა, პროექტი არ არსებობს.“

ალექსანდრე შენგელია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდიუმის წევრი: „წმიდა გიორგის თავის კვეთის მომდევნო ორ უქმე დღეს, 7 და 8 მაისს, მავანთა უმსგავსმა საქციელმა ქალაქს საქვეყნოდ მოსჭრა თავი და საზარელი დანაშაული დაატრიალა: პირწმიდად ამოძირკვა, გაანადგურა რამდენიმე ასეული უძვირფასესი ჯიშის ხე, რომლებიც 16 წლის წინათ  ცოცხალი კლასიკოსის - ოტია იოსელიანის უშუალო  ხელმძღვანელობითა და მოსახლეობის დიდი ძალისხმევით მომხიბლავ ხეივნად გაშენდა დავით აღმაშენებლის გამზირზე.

აქაურები და არა მარტო ისინი - მთელი ქალაქი შეძრა ამ უბედურებამ. ბევრი შინ ეწვია ბატონ ოტიას, სხვები ჟურნალისტებსაც გვევედრებოდნენ: „გვიშველეთ, როგორმე გადაგვირჩინეთ ხეივანიო“. მე პირადად ვესაუბრე ბატონ ოტიას, ის შეწუხებულია და გამოსავალს ვერ ხედავს ამ მდგომარეობიდან, რამეთუ შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ეს გენიოსი შემოქმედი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქუთაისის და, საერთოდ, საქართველოს სიყვარულით.

ვერაფერი ვუშველეთ, რადგან ამ სამარცხვინო საქმისათვის შემთხვევით არ შეურჩევიათ უქმე დღეები და ავი ტაროსი.

პირველ დღეს აოხრებული ხეივნიდან საგანგებოდ მობილიზებულ სატვირთო მანქანებს უწყალოდ დაჩეხილ-დახერხილი გაჰქონდათ ხეები. მეორე დღეს, 8 მაისს კი, როცა მავანი მიხვდა, რომ ძალზე შორს შეტოპა და ამდენი ხის ამოძირკვას არც მას და არც მის ამფსონებს არავინ აპატიებდა, დაზიანებულ, მაგრამ ძირიანად ამოთხრილ ხეებს ეზიდებოდა, აქაოდა, სხვაგან ჩავრგავთ და გავახარებთო. მოსალოდნელი „ბუნტით“ შეშინებულები, ნახაზებითაც მოვიდნენ აოხრებულ ხეივანში და მოსახლეობას დაჰპირდნენ, ამოძირკვულის ნაცვლად აქ პალმებს გავაშენებთო. თუმცა ამ უთავბოლოდ წამოწყებულ და სრულ საინფორმაციო წყვდიადში მყოფ ტრაგედიას უკან მიდევნებულმა სანთელმა გზა ვეღარც ამჯერად გაუნათა. აღშფოთებული და სულით-ხორცამდე შეძრული მოსახლეობა უზომოდ დაგვიანებული განმარტების შემდეგაც ვერაფრით მიხვდა, რით ჯობია ქუთაისს არც თუ მთლად შეგუებული  და ზამთრობით საგულდაგულოდ შესაფუთი პალმა შვილივით ნალოლიავებ ენდემური ჯიშის ხეებს და მის გასანადგურებლად, ქალაქის მწირი ბიუჯეტიდან რატომ დაიხარჯა საკმაოდ სოლიდური თანხა, თანაც უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში - იმ დროს, როცა დამკვეთი ვალდებულია, მუშა - მოსამსახურეს, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით მეტი გადაუხადოს. შეძლებს კი ქუთაისი პალმების მოვლას ისე, რომ არ დააზარალოს ისედაც მწირი ბიუჯეტი? გეტყვით, რომ ჩემი პროტესტი არის საშინლად მკაცრი!“

მამუკა მღვდელაძე, „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალაქის საკრებულოს წევრი: „ცუდი ფაქტი მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო! ამხელა მწვანე საფარი სეზონისათვის შეუფერებელ დროს გადაიტანეს. მეორეც, საკრებულოს თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით ერთი წინადადებაც არ უთქვამს, არც განცხადება გაუკეთებია. ამხელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქში არ უნდა კეთდებოდეს ერთი პიროვნების, ან ერთი, რომელიმე ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ. შეიძლება კარგი საქმე კეთდება, წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, განცხადება მაინც გაკეთებულიყო, ააფეთქეს მემორიალი და არც მაშინ უთქვამთ რამე,რომ ძეგლი გადაჰქონდათ. და ჩვენი პროტესტის შემდეგ თითქოს დაეკითხნენ საზოგადოებას. ადგილობრივ ბიუჯეტში არის თანხები გამოყოფილი, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელდეს ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები და გადაწყვეტილებები, ყველანაირი პირობაა საზოგადოების ინფორმირებისათვის, მაგრამ ეს არის დახურული რეჟიმი - რასაც თვითონ თვლიან კარგად, ის უნდა იყოს ყველასათვის კარგი.

მე ვაპირებ, უნდობლობა გამოვუცხადო საკრებულოს და მის თავმჯდომარეს, ასევე ვაპირებ მწვანეთა მოძრაობასთან გასაუბრებას და არის მოსალოდნელი ,რომ საერთაშორისო დონეზე ვუჩივლებთ  ქალაქის ხელისუფლებას. უკეთესიც რომ გაკეთდეს, ფაქტი რჩება ფაქტად, ხელისუფლებამ აღარ ჩათვალა საჭიროდ ხეები და მოჭრა! აბა, ვინმემ გაბედოს და თავის ეზოში ერთი ხე მოჭრას შეთანხმების გარეშე! ამათ კი ყველაფრის უფლება აქვთ, 500 ძირი ხე, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის ინიციატივით დაირგო, მოჭრეს და გადაყარეს წყალში. სხვას თუ არა, ბატონ ოტიას მაინც შეთანხმებოდნენ. შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს თეატრი აქ არ უნდა იდგას, არავის დაეკითხებიან, დაანგრევენ და გადაყრიან. ეს არის საშინელება.“    

 

***

აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარისათვის ქალაქის მერს მივმართეთ, მაგრამ პრესსამსახურმა კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ანდრო მაღლაკელიძესთან გადაგვამისამართა.

ანდრო მაღლაკელიძე, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: მოგეხსენებათ, რომ აღმაშენებლის გამზირზე ქვეყნის ხელისუფლებამ გვაჩუქა ველობილიკების პროექტი. სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. არსებულ გამყოფ ზოლში, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ცუდი, მაინც იყო ხარვეზები, ელემენტარულად, არ იყო გადაადგილებისათვის საჭირო ბილიკი და მოსახლეობას მწვანე ზოლზე უწევდა გადასვლა, იმ პროექტს კი, რომელსაც ვახორციელებთ, ნამდვილად არ მოუხდებოდა ის სკვერი.

კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ხეები გადარგული იქნა სულხან-საბას გამზირზე, მაისურაძის ქუჩაზე და კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწილი კი მოსახლეობამ, მათივე თხოვნით, თავიანთ ეზოებში დარგო. ჯამში, სულ იყო 180-მდე ხე, მათ ნაცვლად ჩვენ ვრგავთ 300-მდე იშვიათი ჯიშის პალმას, გაკეთდება ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის, მოიკირწყლება ქვაფენილით, პალმები მიწიდან განათებული იქნება სხვადასხვა ფერის შუქებით, დამონტაჟდება სკამები და ყვავილებისგან გაკეთდება გულები. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ, იქნება ძალიან ლამაზი. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი (ბუნებრივია, შეიძლება, არც მოეწონოთ), გაითვალისწინონ, რომ ჩვენ ის ხეები არსად გადაგვიყრია, უბრალოდ, სხვაგან გადავრგეთ.

- რატომ გადაიტანეს ხეები მალულად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რამაც გამოიწვია პროტესტის გრძნობა?

- მე ვარ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი და კონკრეტული საქმის შემსრულებელი, ჩემი მოვალეობაა, რა საქმესაც დამავალებენ, ის გავაკეთო. რაც შეეხება შეთანხმებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საქმე შეთანხმებული იყო საკრებულოსთანაც და ყველამ ძალიან კარგად იცოდა. რატომ უჩნდება ვინმეს პრეტენზია ინფორმაციის არქონის გამო, ეს მე არ ვიცი.    

 

***                  

ქუთაისში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი მოვლენა ჩუმად და მალულად კეთდება. იქნებ მავანმა მიზანმიმართულ მანიპულაციად შეაფასოს წერილში მოყვანილი ფაქტები მაგრამ, მათგან განსხვავებით, არსებობს ხალხი, ვისაც კარგი მეხსიერება აქვს!

მარტივი ლოგიკით რომ ვთქვათ, როდესაც რაღაც არასწორად არის გაკეთებული, მისი ჩამდენი უნდა დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: ვინ აგებს პასუხს აღმაშენებლის გამზირის ხეივნის გაშენების გამო? თუკი ის თავის დროზე არასწორად იყო გაკეთებული, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მივეჩვიოთ ჩვენი შეცდომების დანახვას და, მინიმუმ, ბოდიშის მოხდას მაინც? ვინ აანაზღაურებს უსაფუძვლო დანახარჯს, რომელიც რამდენიმე წლის უკან ქალაქის ბიუჯეტმა განიცადა? ეს ყოველივე ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ველობილიკების არგამართლების შემთხვევაშიც არავინ აგებს პასუხს დღეს ჩადენილი ქმედების გამო?

არაფერია საკამათო იმაში, თუ კარგს საუკეთესოთი ჩაანაცვლებ, მაგრამ, როდესაც ქალაქში ამდენი მოუწესრიგებელი ადგილია, ცოტა არ იყოს, უცნაურია იმ მცირედის განადგურება, რაც უკვე  გაკეთებულია! მაგრამ ქუთაისელები ხომ მიჩვეულნი არიან ერთსა და იმავეს მრავალჯერ გაკეთებასა და საზეიმოდ გახსნას.

მაშინ ,როდესაც დედაქალაქსა და მის შემოგარენში ხეების დარგვასა და გარემოს გამწვანებაში ხელისუფლების მონაწილეობას ასეთი ზარ-ზეიმით გვიჩვენებენ ტელევიზიებით და გვეუბნებიან: „დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო!“ - რატომ ხდება, რომ ჩვენს ქალაქში ასეულობით ხე იჭრება, თუნდაც იმ მიზნით, რომ ისინი იშვიათი ჯიშის პალმებმა ჩაანაცვლოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია