დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ისევ მომრავლდნენ ხელგამოწვდილი ადამიანები
2011/05/03 14:18:58

ქალაქი ნელ-ნელა ისევ ემგვანება შევარდნაძის ეპოქის დროინდელ ქუთაისს, სადაც ცენტრალური ქუჩების ყოველ 10 მეტრში სამათხოვროდ გამოსული ხეიბრები და პენსიონერები იდგნენ.

ზოგი რამდენიმე საათით გამოდის სამოწყალოდ ხელგამოწვდილი, რათა იმდღევანდელი პურის ფული იშოვოს, ზოგსაც მათხოვრობა პროფესიად გადაუქცევია, წასასვლელი არსად აქვს, თუ ვინმე ჰყავს ოჯახში, ყველა სარჩენი და უმუშევარია... ზოგიც შუადღემდის მერიის მისაღებში ზის, შუადღის შემდგომ კი - ქუჩაში, რომელიმე ბორდიურზე და დახმარებას ითხოვს.

არ ერიდებიან თოვლს, წვიმას, სიცივეს, გაუსაძლის პირობებს, ოღონდ იმდღევანდელი სიცოცხლე როგორმე გადაათრიოს მეორე დღემდის.

აი, ასე გამოიყურებიან ისინი - ქუჩის მოქალაქეები...

ქრისტინე თოფურია, 23 წლის, უსახლკარო, უმუშევარი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, მესამე შვილზე ფეხმძიმე. ქუჩაში, პირდაპირ თოვლიან ბორდიურზე მჯდომი, თავის პატარებთან ერთად თებერვლის თოვლიან დღეს ვნახე.

- თაბუკაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ, დედის ოჯახში, რომელსაც თავად ჰყავს ხუთი შვილი და ამჟამად მეექვსეს ელოდება, - მიყვება ქრისტინა, - მართალია, ჩემს პატარებს მამა ჰყავთ, მაგრამ უმუშევარია და შვილებს ვერ არჩენს. ექვსი წლის გიორგის ადგილზე დაკავება ძლივს მოვახერხე, ვიღაც ღვთითმადლიანს ლარი ეჩუქებინა და იქვე მდებარე საცხობისაკენ გარბოდა სამი ფუნთუშის შესაძენად. საკუთარი ჭერი და კუთხე არ გაგვაჩნია. მერიის საბინაო განყოფილებაში გაზაფხულზე მპირდებიან - შემოდგომაზე მოგცემთო. შემოდგომა რომ მოვა, გაზაფხულისათვის მიბარებენ. მართალია, სოციალურ დახმარებას ვღებულობთ, თვეში 100 ლარს, მაგრამ თუ ეს დახმარება ადამიანის საარსებოდ საკმარისია, მაშინ თავად რატომ არ ცდილობენ თვეში 100 ლარით იარსებონ? ეგ თანხა მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე გვყოფნის საარსებოდ. ქალაქის მერის სახელი და გვარი არ ვიცი, არ გამიგონია, მარტო ის ვიცი, რომ ყველას ყველაფერს უკრძალავს... კახა ქორიძის სახელი ვიცი, ყველას ყველაფერს პირდება, მაგრამ, მე მგონი, დაპირებებს ვერც კი ასრულებს.

ნანი ახალაძე - 70 წლის, პენსიონერი. ამ ადამიანს დაკვირვებული თვალი ქალაქის ცენტრში, თითქმის ყველგან შეამჩნევს. ხანდახან მერიის წინ მდებარე ბაღშიც ცდილობს ერთმანეთთან ტკბილად მოსაუბრე გოგო-ბიჭების  „დაყაჩაღებას“.

- მე, შვილო, მარტოხელა მოხუცებული ვარ, ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, სამი ოთახი მქონდა, ბინა ბიძია-ბიცოლამ თავიანთი ვალების გამო გამიყიდეს, სხვაგან გიყიდითო, - შემპირდნენ, მაგრამ მომატყუეს. დღეს მათთან ვცხოვრობ სოფელ ოფურჩხეთში, იქ რა უნდა ვაკეთო, ქალაქში ჩამოვდივარ და დღიური ლუკმისთვის ვმათხოვრობ.

- მადლიერების სახლში არ დადიხართ?

- იქ როგორ ვივლი, იქ საჭმელს კი არა, „ბალანდას“ აჭმევენ.

- არა, ქალბატონო, ცდებით, იქ ახლა ძალიან კარგი კვებაა. მე გირჩევთ იქ წახვიდეთ, თქვენი ბინაც მოითხოვეთ სასამართლოში. რახან ისევ აქ ხართ ჩაწერილი, თქვენი ნათესავები ვალდებულნი არიან, ერთი ოთახი ისევ უკან დაგიბრუნონ, - ვუთხარი და დავემშვიდობე.

ვენერა ბანძელაძე - 72 წლის. საკმაოდ სანდომიანი, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონია. ასეთი ქალები სიცოცხლით არიან სავსენი, მიუხედავად ასაკისა, დღესაც შეუძლია, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით თავი ირჩინოს.

- რატომ მათხოვრობთ, ქალბატონო ვენერა?

- სამი შვილის დედა ვარ, ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობთ. უმუშევრები არიან ყველანი. რა უნდა ვქნათ, თავი რითი უნდა ვირჩინოთ? ჩვენ ქალაქში სოციალურად დაცულიც და დაუცველიც, ყველა ერთნაირად დასაცავია, იმათ გარდა, ვინც ქალაქის მერიაში მუშაობს. რამდენი ხანია, ქუჩის მეეზოვეების ადგილს ვითხოვთ და ჩვენს ქალაქში ისეც პრესტიჟული სამსახური გახდა, სამუშაო ჩვენი ოჯახის ვერცერთმა წევრმა ვერ იშოვა, მიუხედავად დიდი სურვილისა, ამიტომაც ვმათხოვრობ, დღევანდელი პურის ფულს ვშოულობ. დასაწერ თემას ეძებ? მაშინ იმაზე დაწერე, რომ იმ ქუჩის მეეზოვეებსაც რაღაც ექვსიოდე თვეს ამუშავებენ, მერე გაათავისუფლებენ, ახლებს მიიღებენ და ასე აგვარებენ დასაქმების პროგრამას ჩვენს ქალაქში.

თამარა ბებოს თითქმის სისტემატურად ხედავს გამვლელ-გამომვლელი ხან ტელეკომპანია „რიონის“ შენობის კუთხესთან, ხან მიწისქვეშა ჩასასვლელთან, ხანაც - პირველ საჯარო სკოლასთან, მარტის თვის ბოლოს, წვიმიან, სუსხიან დღეს, მე პირადად, ცენტრალური ბაზრის შესასვლელ ჭიშკართან, პირდაპირ სველ ტროტუარზე მიმჯდარი და მიძინებული ვნახე. შეიძლება, სულაც არ სძინავს, მაგრამ მუდამ თავჩაღუნული კი ზის და მოწყალებას ელოდება.

- ბებო, შვილები არ გყავს?

- შვილები არ მყავს, შვილო, შვილიშვილები მყავს. 80 წლის მოხუცებული ქალი ვარ, მშვიდი ცხოვრება მინდა, მაგრამ სად არის? შვილიშვილები როგორ მარჩენენ, ყოველ ცისმარე დილას მარტო იმას ელოდებიან, როდის მოვკვდები, რომ ჩემი საწოლი გავათავისუფლო. აი, ამიტომ ვზივარ მათხოვრად, ქუჩა მარჩენს და მინახავს.

ეს წარმოსადეგი, ინვალიდი მამაკაცი ხშირად შემხვედრია „კეჩის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

- ბატონო, ასეთი რა გაგიჭირდათ?

- მე აქ სამათხოვროდ არ ვზივარ, გენაცვალე, ამ გაყოლებაზე რაც მაღაზიებია, ყველა ჩემია, მე ვიტალი მქვია, მაგრამ შენ ვინა ხარ, კითხვებს რატომ მისვამ? ქუთაისი დიდი ჭაობია, გენაცვალე, აქ ვერაფერს მიაღწევს კაცი, მე რომ შენ ყველაფერი გითხრა, რასაც ვფიქრობ და რაც თავში მიტრიალებს, დაგიჭერენ და მოგკლავენ, კუკურია თვალება თუ გაგიგონია, ან თუ გინახავს?

- კი გამიგონია, მაგრამ არ მინახავს.

- ჰო, ქურდები ვეღარ იპარავენ, სამაგიეროდ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გახდნენ ბიუჯეტის „ზაკონი ქურდები“, ამიტომაც მომრავლდნენ ქუთაისში მათხოვრები, შვილო, გაიგე?

 

ლელა ფხაკაძე

(ავტორის ფოტოები)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია