დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ჩემს „ხერხემალს მალები აკლია“?
2011/05/16 12:23:56

სტუდენტური „დისკოზი“ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში

 

ადრე სტუდენტობა ოქროს ხანა ყოფილა, ჩემი სტუდენტობა კი „ჯართის ხანაა“ მხოლოდ. ხუმრობა იქით იყოს და, მართლა ასეა. ბევრი იფიქრებს (დედაჩემიც ასე ფიქრობს), რომ ინტრიგანი ვარ. მაგრამ, აქვე გაითვალისწინეთ, როცა მშობლებმა „კომბოსტოში მიპოვეს“, თან ინსტრუქციაც მახლდა, დაახლოებით ასეთი ტექსტით: „უყვარს სიმართლე და სამართლიანობა. მოარიდეთ უსამართლო გარემოს...“ მაგრამ ჩემმა დედიკომ და მამიკომ არ დაუჯერეს ინსტრუქციას და ახლა ყოველდღე ისმენენ ჩემს წუწუნს იმის გამო, რომ სწავლის საშუალება თბილისში არ მომცეს და აქ დამტოვეს.

მოკლედ რომ გითხრათ, ვსწავლობ აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსზე და მაქვს ყველაფერში 100 ქულა, რაც გულს მიხეთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნუ, დამსახურებულად რომ მქონდეს, ვინ ოხერი დაეძებს, მაგრამ უსამართლობას რომ ვერ ვიტან, ეს უკვე იცით, ამიტომ ვერ ვიტან ჩემს 100-ებსაც. გარდა 100-ებისა, კიდევ ბევრ რამეს ვერ ვიტან ჩემს უნივერსიტეტში (აქ ადამიანებს არ ვგულისხმობ, ყველა მათგანს პატივს ვცემ, როგორც პიროვნებებს, მაგრამ არა როგორც პროფესიონალებს): გაცდენილ ლექციებს, თანაც ბევრჯერ გაცდენილს, ხან ჩვენი, ხან კი - ლექტორის მიზეზით; თანამედროვე ლიტერატურის არქონასა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შეუძლებლობას; სტუდენტურ გაზეთს, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის და რომლის რედაქტორსაც ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს სტუდენტების ნამუშევრების გასწორებისას.

კიდევ, ისეთი ლექტორები არ მომწონს, ლექციაზე პირველად შემოსულები რომ გეუბნებიან, ამ საგანს თქვენთან ერთად ვისწავლიო და მერე ჩვენთან ერთად სწავლის ნაცვლად ყველა საკითხს რომ განვიხილავთ - ოჯახურიდან დაწყებული, საქვეყნოთი დამთავრებული;

კიდევ ჩვენს თვითმმართველობას ვერ ვიტან (ასეთი გვაქვს კი საერთოდ რამე?), ყალბი ღიმილით, თვალებში ირონიაჩამდგარი წევრებითა და მათი მეთაურით, რომელსაც ამბიცია კი აქვს, ერქვას პრეზიდენტი, მაგრამ რატომ უნდა ერქვას და რა ევალება, არც იცის. სანაცვლოდ ეხერხება მაამებლობა და ძალიან დამჯერიც უნდა იყოს „ძლიერთა ამა ქვეყნისათა.“ სხვანაირად ვინ აღირსებდა კარებთან გაკრულ აბრას წარწერით: აქ „იღწვის“ თვითმმართველობის პრეზიდენტი ესა და ეს. არ დაგავიწყდეთ, რომ 100 000 ლარი აქვს ჩვენს თვითმმართველობას დასახარჯი წლის განმავლობაში (კი ატარებენ რაღაც უსარგებლო ღონისძიებებს, მაგალითად, სილამაზის კონკურსს, მონაწილეების გარეშე...), ესეც ჯილდო „დამჯერი ბიჭებისთვის.“

ჰო, კიდევ ის ლექტორები არ მიყვარს, გამოცდას ხასიათის მიხედვით რომ ატარებენ: ხან მკაცრად, ხან - ლმობიერად და თავიანთი გულკეთილობის დემონსტრირებას ყველასთვის ერთნაირად ჩამოწერილი უმაღლესი ქულებით ცდილობენ, თანაც არც სამეცადინოს გვაძლევენ და არც გამოკითხვით იწუხებენ თავს.  ჩემო პატივცემულებო, რასაც თქვენ აკეთებთ, რბილად რომ ვთქვათ, დათვური სამსახურია და მაგრად რომ ვთქვათ, პროფესიული პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, რომელიც კანონით ისჯება თუ არა, არ ვიცი. კარგი იქნებოდა, ისჯებოდეს. კიდევ ისეთი ლექტორი არ მიყვარს, საკუთარი წიგნების ყიდვას რომ გვაძალებს, მერე მედიისა და პოლიტიკის ნაცვლად, იმ საკუთარი წიგნებითვე „იმიჯოლოგიას“ რომ გვასწავლის და თან გვეუბნება, ეს საგნები ერთი და იგივეა, უბრალოდ, თქვენ ვერ ამჩნევთო. ძალიან კარგად ვამჩნევთ და ვხედავთ ყველაფერს, ბატონებო. რა გგონიათ, ვინც თავს იბრმავებს და იყრუებს, მართლა ყრუ ან ბრმაა? უბრალოდ, ასეთი ადამიანები საცოდავები არიან, რადგან პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ. მეც ვიცი, რომ „საცოდავი“ ვარ და თქვენ მიმახვედრეთ ამას. საერთოდ, არ მიყვარს (ძალიან ბევრი „არ მიყვარს“ და „არ მომწონს“ გამომივიდა) ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გაურბიან და ფანტაზიის უნარი მათთან ახლოსაც კი ვერ გაიჭაჭანებს. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩემი ლექტორებისა ასეთები არიან. თამამად ვამბობ ამას და არავისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება.

მაგრამ იყვნენ ლექტორები, რომლებიც პატიოსნად და მთელი შეგნებით ეკიდებოდნენ საქმეს. ძალიან ობიექტურებიც იყვნენ, მომთხოვნებიც და ცოდნის მომცემებიც. თქვენ, ვისაც გეკუთვნით ეს სიტყვები, ჩემო „მასწავლებლებო“, იმედია, მიხვდებით (კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ). 

აქვე უნდა განვიხილო სტუდენტების წვლილი ამ აბსურდში. მთავარი დამნაშავეები სწორედ ჩვენ ვართ, ჩვენ, ვინც ვყიდულობთ დიპლომს და არა -  ცოდნას. მერე, აბსურდიდან გაჩენილი აბსურდული ამბიციებით ვყელყელაობთ და იმის უნარი არ გვაქვს, რომ პრობლემაზე მუდმივი წუწუნის ნაცვლად, რაღაც გავაკეთოთ მის გადასაჭრელად, თუნდაც შედეგის არ მომცემი, მაგრამ მაინც რაღაც, რომ ყველამ არ წამოგვაძახოს: თქვენ ხართ ჟურნალისტები, პროტესტი ვერ გამოგიხატავთო? თუმცა, რა ენაღვლებათ ქუჩაში ან „ბირჟაზე“ მდგომ ჩემს კურსელებს? ან გათხოვილებსა და ოჯახებზე „გადაგებულებს“? ან მე, ვინც ვიპოვე ჩემი სუსტი თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება და ახლა დრო მენანება ლექციაზე მისასვლელად და, იცით, რატომ? ახალს მაინც ვერაფერს გავიგებ და არც პასუხს მომთხოვს მერე ვინმე, რატომ არ დადიხარო. გულწრფელად რომ გითხრათ, ხანდახან აღარც მახსენდება, როდის ვიყავი ბოლოს უნივერსიტეტში, ან როდის მქონდა ბოლოს სამეცადინო, მერე სინდისი მჯენჯნის და მივდივარ ისევ... იქ კი, ცხრილში ჩაწერილი სამი საათის ნაცვლად ერთი ან ორი მიტარდება და მერე ჩემს თავს ვეუბნები, სულელი ხარ, რას მორბოდითქო.

ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ჩემს სპეციალობაზე არ არის, ბევრი სხვა ფაკულტეტის სტუდენტისგან გამიგონია იგივე. არადა, ჩვენი რექტორი ახალი დანიშნულია და მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს. მე სიმკაცრეს ვგულისხმობ და არა - დიქტატურას. ხომ ამბობენ, ახალი ცოცხი კარგად გვისო, მაგრამ ჩვენთან არც ახალი გვის და არც ძველი. ყველაფერ ამის შემდეგ მიჩნდება სურვილი, რომ საზღვარგარეთ ვისწავლო, მაქსიმალურად კარგ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე, დავბრუნდე საქართველოში და ჩემი სტუდენტებისთვის ვიყო უბრალოდ ნინო. მათ ვასწავლო ის, რასაც მე არავინ მასწავლის (მაგრამ როგორმე მოვახერხებ ამ დანაკლისის შევსებას) და მათ ზემოთქმულის მსგავსი რამეები არ თქვან ჩემზე, როგორც მასწავლებელზე.

ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული ცოდნა, როგორც ვიცით, პროფესიული განვითარების ხერხემალია. ამიტომ, ჩემო თანაკურსელებო, ჩემო ლექტორებო, ჩემო რექტორო და ჩემო ბატონო მინისტრო დიმიტრი შაშკინო, თქვენ ხართ დამნაშავეები იმაში, რომ ჩემს „ხერხემალს მალები აკლია.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია