დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენი გიგა
2011/04/27 12:21:42

მის ბიოგრაფიას უბრალოდაც რომ გადახედავ, ირწმუნებ, პროფესიონალიზმის რა დიდი გზა განვლო კომერციული ტელევიზიის მონტაჟის რეჟისორობიდან - ტელეკომპანია „რიონის“ ტექნიკურ და შემოქმედებით დირექტორობამდე. სულ პატარა ბიჭი იყო, მამის - ცნობილი ჟურნალისტის, ბადრი კაპეტივაძის გვერდით რომ გადადგა პირველი ნაბიჯები ტელეჟურნალისტიკაში და, სამწუხაროდ, ასევე სრულიად ახალგაზრდამ, მაგრამ უკვე დიდმა პროფესიონალმა, 35 წლის ასაკში, მოულოდნელად დატოვა წუთისოფელი.

 

ბოლო წლებში ტელეკომპანია „რიონმა“ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა თანამშრომელი დაკარგა. გიგა კაპეტივაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ კი თითქოს გვირგვინი დაადგა ამ ტრაგედიათა სერიას. 

როგორი ძნელი აღმოჩნდა იმასთან შეგუება, რომ უკვე წარსულის ნაწილად იქცა გიგა - პროფესიონალი, ხელმძღვანელი, მეგობარი, პიროვნება...

 

გრიშოვიჩი (გია ვაშაკიძე): „15 წლის იყო გიგა, როცა ტელევიზიაში მივედი. მან მამასთან - ბადრი კაპეტივაძესთან ერთად დააარსა საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია. გიგა იყო პირველი კომპიუტერული პროგრამისტი, ქმნიდა გადაცემების ქუდებს, მან პირველმა შემოიტანა მოძრავი ტიტრები და დანერგა კომპიუტერული ტიხრების გამოყენება გადაცემებში. იყო საოცრად ანალიტიკური გონებისა და ერუდიციის მქონე ახალგაზრდა. ჰქონდა საქმისადმი პროფესიული მიდგომა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. გიგამ დააარსა ტ/კ „რიონთან“ მე-2 სამაუწყებლო არხი, რომელიც გადიოდა დეციმეტრულ დიაპაზონზე. შექმნა საკუთარი საავტორო პროგრამები და გადაცემები. ძალზე გულთბილი, მეგობრული და ყურადღებიანი, იყო გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომით, უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით გატაცებული იყო ფეხბურთითა და სპორტული ექსტრემით. მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშებში. მუდმივად ზრუნავდა ტელეკომპანიის განვითარებასა და აღორძინებაზე.“

ელისო ქაროსანიძე: „თითქმის არავინ იცის, რომ პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შექმნის იდეა ბადრის კი არა, გიგასი იყო. თამილა იგონებდა ხოლმე, როგორ მოვიდა ერთხელ შინ გიგა, ხელში რუსული გაზეთი ეჭირა, რომელშიც მოთხრობილი იყო ვოლგოგრადში შექმნილი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შესახებ და შესთავაზა, მამა, გავაკეთოთო. დღეს თუ ვინმემ იცის ტელევიზია, გიგაც სწორედ იმათ შორის იყო, საუკეთესო „ტელევიზიონშჩიკი“ გახლდათ. განსაკუთრებული აზრი ჰქონდა, ნოვატორი იყო ყველაფერში. ძალიან ბევრს კითხულობდა, უამრავ ინფორმაციას იღებდა და სულ სწავლობდა ამ კუთხით, მერე კი, ცდილობდა, დაემკვიდრებინა. სულ იყო ახლის ძიებაში. ასე მგონია, სხვა ქვეყანაში რომ ეცხოვრა და შესაბამისი პირობები ჰქონოდა, ნამდვილად ძალიან დიდ საქმეს გააკეთებდა.“

ლევან მშვენიერაძე: „გიგა არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, ჭირსა და ლხინში დიდი თანადგომა იცოდა. მე მას ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიცნობდი, ერთი უბნელები ვართ, ტელევიზიაში გატარებულმა წლებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. უწინარესად, უფრო მეგობრები გვეთქმოდა ვიდრე - თანამშრომლები. მიჭირს ახლა მასზე წარსულში საუბარი. არაჩვეულებრივად კეთილი, ღირსეული, თბილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, აღარ დასცალდა თავისი დიდი ნიჭისა და გამოცდილების ბოლომდე წარმოჩენა.

ეკა ფხაკაძე: „როდესაც გიგაზე ვფიქრობ, თვალწინ ყოველთვის „რიონის“ ძველი შენობა მიდგას, ჩვენ - ახალგაზრდები, გიგა - მოზარდი, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე... ბავშვობიდან ტექნიკა კარგად ესმოდა და ხშირად გვეხმიანებოდა. ძალიან ამაყობდა, როდესაც „რიონის“ რამდენიმე გადაცემამ პირველ სატელევიზიო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ბავშვობიდან ზუსტად იცოდა, რომ ტელეჟურნალისტი იქნებოდა. ხშირად ეთერში წამყვანის როლში იყო, თუმცა კადრსმიღმა მუშაობა არასოდეს ეთაკილებოდა. უფრო მეტიც, კარგად აცნობიერებდა, რომ სწორედ ისინი ქმნიან სატელევიზიო პროდუქციას, ვინც ეთერში არ ჩანან. შეეძლო, რამდენიმე ღამე ტელევიზიაში მუშაობაში გაეთენებინა. გიგა გაიზარდა, ჩვენ ერთად აღარ ვმუშაობდით, ბევრი რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც, მაგრამ გიგა ნამდვილად არ შეცვლილა. განსაკუთრებული, თბილი შეხვედრა იცოდა. ახლაც მგონია, სადმე მოულოდნელად შემხვდება და გულწრფელი ღიმილით მომესალმება, თითქოს გუშინ დავშორდით ერთმანეთს...“

ედიშერ მუშკუდიანი: „ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, გიგა არაჩვეულებრივი მეგობარი და პროფესიონალი იყო. წლების მანძილზე ერთად ვმუშაობდით. ტელეკომპანია „რიონი“, რომელიც გიგას მამამ, ბადრი კაპეტივაძემ დააარსა, ჩვენთვის, იქ მომუშავე თითოეული ადამიანისათვის, ჭეშმარიტად მეორე ოჯახი იყო. ვიზრდებოდით შემოქმედებითად, გვიყვარდა ერთმანეთი. იქიდან წამოვედი, მაგრამ ჩვენი სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა არასოდეს წაშლილა. გიგასთან მუდამ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მაკავშირებდა. მან ღირსეულად განაგრძო მამის ტრადიცია, ძალიან ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. რა სამწუხაროა რომ ასე მოულოდნელად შეწყდა მისი სიცოცხლე და შემოქმედება!“

მაია ყუფარაძე: „ის, რაც პირველი შოკის დროს გავიფიქრე, როცა გიგა გარდაიცვალა, იყო აზრი, რომ მის ცხოვრებას ერთდროულად ახლდა შესაშური ბედი და ტრაგიკული ეპიზოდები, ოღონდ ისიც ისე მკვეთრად, როგორი გამოკვეთილი, ინდივიდუალურიც თავად იყო.

რაც ყველაზე მეტად მომწონდა მასში: არ უყვარდა ფამილარული ურთიერთობები. მეგობრებს იძენდა გულით და არა - პრაგმატული მოსაზრებებით, უყვარდა შემოქმედებითი, აქტიური, ენერგიული და საინტერესო ცხოვრება. ყოველთვის ჰქონდა თანამდებობის შესაძლებლობა, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სტატუსს.

გიგას ინოვაციურ აზროვნებაზე ბევრი იტყვის, მე კი გიგა გავიცანი 20 წლის, როგორც პატარა და დიდი ბავშვი და ჩვენი ურთიერთობა შეწყდა იმ დროს, როცა გიგას უკვე ვხედავდი, როგორც დიდ და მაინც პატარა ბავშვს.

გიგა! უბრალოდ, მაგრამ გულით შემიძლია თქმა: ძალიან, ძალიან, მენატრები!“

ზეინაბ ხაჩიძე: „გიგას ნიჭი, გონება, კრეატივი ყოველთვის იყო განსაკუთრებული. სტანდარტებში არ ჯდებოდა. მეც მასთან ურთიერთობის მთელი ოცი წლის მანძილზე სწორედ ის მომწონდა, რომ გიგა ასეთი განსაკუთრებული, არასტანდარტული იყო. მუდამ ვგრძნობდი მის სითბოს, მეგობრობას, თანადგომას. ხშირად მიფიქრია, რომ გიგა არ იყო ისე რეალიზებული, როგორც ეკადრებოდა მის ნიჭსა და გონებრივ შესაძლებლობებს.“

ქეთი ბერძენიშვილი: „სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. თმახუჭუჭა და თვალებში ჭინკებიანი იყო. ყველაფრით ინტერესდებოდა: „შნურები“, კაბელები, მიკროფონები, მიქშერი, სამონტაჟო პროგრამა, ვიდეო კამერა.... ენთუზიაზმით სავსე იყო გიგა. მონდომებული, მამას ედგა გვერდით და პირველ რეგიონალურ ტელევიზიას აკეთებდა საქართველოში.

გიგა კაპეტივაძის სახელს არაერთი ინოვაცია უკავშირდება ტელეკომპანია „რიონში“ . პირველი კომპიუტერი სწორედ გიგამ დაამონტაჟა და პროგრამებითაც უზრუნველყო. ყველა სიახლეს ხალისით და ერთგვარი აზარტით ეკიდებოდა. რამდენიმე წელი ვიმუშავეთ ერთად. მერე, როცა ტელევიზიიდან წამოვედი, ყოველ შეხვედრაზე ახალ-ახალ იდეებს მაცნობდა. უყვარდა საქმეზე საუბარი და თავმოწონებაც მისი გაკეთებულით. ტექნიკურ საკითხებში ნიჭიერს, იუმორის განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა.

რამდენი გეგმა და იდეა დარჩა შეუსრულებელი. რა ახალგაზრდა აღარ გვყავს გიგა. ვწუხვარ! მინდა ქალბატონ თამარს და გიგას მეუღლეს გაძლიერება და სულის სიმტკიცე ვუსურვო, შვილებს - ნათელი მომავალი და ბედნიერება.“

დათო ლიკლიკაძე: „გიგას ამქვეყნად არყოფნას ვერ ვითავისებ. დიდი დრო დამჭირდება, ალბათ, ეს საშინელი ფაქტი საკუთარ თავს  დავუდასტურო. რაღაცნაირად, მგონია, გიგა თავისი იდეებით და ნოვატორული აზრებით სხვა ქალაქშია დროებით... ჩვენთან დაბრუნება კი არა და არ სურს...ჯერ ისიც კი არ ვიცი, სიცარიელე დაგვიტოვა თუ არა. არადა, ეს სიცარიელე თანდათან რომ საცნაური გახდება, ამასაც ვგრძნობ.

მე მომენატრება მისი არაჩვეულებრივად კეთილი თვისებები, მისი ბუბუნა ხმა, სიცილი მთელი სხეულით... მისი მიმტევებლობა, გვერდით დგომა. მე აუცილებლად მომენატრება მისი გულუბრყვილო იუმორი და მერე ამ ამბების ჩემეულად შეთხზვა, რომელიც მას უფრო ახალისებდა.

დიდი ბავშვი...აი, ასეთად დარჩა იგი ჩემთვის და ყოველთვის დარჩება ჩემი თაობის ბიჭებისთვის. ბევრი კარგი თვისების გამო და უფრო კარგი მოგონებების გამო, მე იგი მუდამ მემახსოვრება და კარგა ხანს არ მივცემ თავს იმის გაცნობიერების უფლებას, რომ მისი არყოფნა დავადასტურო.“

 

***

უმძიმესი ტვირთი ერგოთ გიგას დედას და მეუღლეს, მის უპირველეს თანამოსაგრეებს - ქალბატონ თამილა ღვინიანიძეს და ქალბატონ ხატია ბაბუნაშვილს! ამ გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, კვლავ გიგას საყვარელ სივრცეში, ტელეკომპანიის სათავეებთან ღირსეულად უნდა განაგრძონ საყვარელი ადამიანის ნასათუთევი და ნალოლიაევი საქმე.

ხოლო ის, რაც ახალგაზრდა კაცმა, გიგა კაპეტივაძემ, თავის მშობლებთან ერთად გააკეთა რეგიონული ტელეჟურნალისტიკის განვითარებისათვის, მას მუდამ დაუტოვებს განსაკუთრებულ ადგილს თაობათა მეხსიერებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია