დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი ჟურნალისტების პროტესტი - ადგილობრივ ხელისუფლებას
2012/07/16 13:14:52

 

„პოლიტიკოსებო, მიეცით ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება!“ „თავისუფალი მედია - შეზღუდვების გარეშე!“ - ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ 13 ივლისს ქუთაისის თვითმმართველობის წინ ჟურნალისტები. ადგილობრივი მედიის 30-მდე წარმომადგენელმა დაგმო ის, რომ ბოლო დროს მერიის შენობაში და ასევე საკრებულოს სხდომებზე ჟურნალისტებს არ უშვებენ.

 

„კანონის უხეში დარღვევაა, როცა საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებ და გასასამართლებელ საბუთად იმას დაასახელებ, სხდომათა დარბაზში ადგილი არააო. ასევე საგრძნობლადაა გაუარესებული, ზოგადად, მერიის აპარატისა და ჟურნალისტების ურთიერთობა. ჩვენთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია მსგავს პირობებში მუშაობა.“ - ამბობს გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი ნინო ჩიტიაშვილი. 

„ვითხოვთ, მედიასაშუალებებს მოგვეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის უფლება! მერია უკვე დიდი ხანია „მუშაობს“ ადგილობრივი მედიის კონტროლზე და მის დიფერენციაციაზე, რაც გაუმართლებელია. თუკი მერია შეზღუდვებს დააწესებს, ეს უნდა იყოს განმარტებული და ამის შესახებ ჟურნალისტებმა წინასწარ უნდა ვიცოდეთ.“ - აცხადებს „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი თეკლა მორგოშია.

ჟურნალისტებთან ერთად, აქციაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და ჟურნალისტებს არ უნდა ექმნებოდეთ პრობლემა დასწრებისა და ინფორმაციის გამოტანა-გავრცელების კუთხით. იურისტები ჟურნალისტებთან ერთად საკითხის სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას აუცილებლად ვგეგმავთ.“ - აცხადებს საია-ს იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე.

მშვიდობიანი აქციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვას მუყაოს ქაღალდზე დაწერილი ის  დევიზები და მოთხოვნები გადასცეს, რომლითაც აქციას წარმართავდნენ. დაცვის წევრები გააფრთხილეს, რომ ქაღალდზე დაწერილი სლოგანები და მოთხოვნები იმათთვის გადაეცათ, ვინც ჟურნალისტებს შენობაში შესვლისათვის ხელოვნური ბარიერები შეუქმნეს.

ჟურნალისტების მიერ წამო-ყენებულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე, მან ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს მერიაში შემოსასვლელად არანაირი ბარიერები არ ექმნებათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია