დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლევან კახიძის რვასულიან ოჯახს თვით პრეზიდენტიც ვერ დაეხმარა?
2011/04/27 11:58:55

„მერიაში შესულს, უკვე „გამარჯობასაც“ კი მეუბნებიან...“

 

დაახლოებით 12 წლის უკან, როდესაც ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გაგრძელებაზე ადიდებულმა რიონმა ათამდე ოჯახი დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა, ქალაქის ხელმძღვანელობამ მათ უმრავლესობას მიწის ნაკვეთები, სამშენებლო მასალები და კომპენსაციის სახით 5000 დოლარი გადასცა, თუმცა ლევან კახიძის ოჯახი დაკმაყოფილებულთა რიცხვში ვერ მოხვდა. სტიქიის დროს კახიძეების ოჯახი სახლს აშენებდა, პროექტიც მზად ჰქონდათ და სამშენებლო მასალებიც მოტანილი. მაგრამ მომავალი სახლის მშენებლობის იდეა, რიონის ადიდებულმა ზვირთებმა გაიყოლა... 

ოჯახში ახლა უკვე რვა სული ცხოვრობს და მეთორმეტე წელია... ხან ნაქირავებ, ზოგჯერ კი, სამოწყალოდ, სხვის სახლში არიან შეხიზნული. ოჯახის უფროსმა ლევან კახიძემ „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა:

„ჩვენი მიწის ნაკვეთი და სამშენებლო მასალები სტიქიამ რომ ჩარეცხა, მაშინ ჩვენი ქალაქის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი იყო. შაშიაშვილის მერე დავდივარ მერიაში ნორმალური პასუხის მისაღებად, თუმცა - ამაოდ. მერე განცხადება დავწერე კახა ქორიძის (თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი. ავტ.) სახელზე. რამდენჯერმე რომ მივედი მასთან პასუხის მისაღებად, ასე მითხრა: მამიდაჩემიო (თუ დეიდაჩემიო, ზუსტად აღარ მახსოვს), უბინაო არის და საზღვარგარეთ არის წასული მისი შვილებით, იმუშავებს და იყიდის ბინასო. დიდი მადლობა ჭკუის დარიგებისთვის-მეთქი. მასწავლა გზა-კვალი. ამნაირები არიან სახელმწიფო სამსახურში. ვერ მივედი პრეზიდენტამდე, თორემ ყველაფერს მოვუყვებოდი. ქალაქის მერთან შეხვედრაზე, გიორგი თევდორაძესთან რომ ვიყავი, მერმა იმნაირი დღე აყარა ქორიძეს,  - „რა უნდა ამას აქ? უბინაო ხალხი ჩემთან რატომ შემოგყავსო?“. ქორიძემ უთხრა, რატომ შემომყავს და, ჩემმა პასუხმა ვერ დააკმაყოფილა მოქალაქე და თქვენ რა პასუხს გასცემთო. საშინელი სიტუაცია შეიქმნა: ქალაქის მერი ამბობს, მე არ მეხებაო, კეთილმოწყობის სამსახურმა - მე არ მეხებაო, ბინათმშენებლობამ - მე არ მეხებაო. მაშინ, ვის მივმართო? რა საჭირო არის უბინაო ადამიანთან იურისკონსული? რაში მჭირდება მე იურისკონსული? ქურდი ვარ, ნარკომანი ვარ თუ რა? ახლა, ბოლოს, პარასკევს ვიყავი ნარგიზა ჩოგოვაძესთან. არა გვაქვს, გენაცვალე, და რა ვქნათო? ბოლოს პრეზიდენტს რომ გადავეცი წერილი, ჩემს პრობლემასთან დაკავშირებით, პასუხი მოგვივიდა, რომ დააკმაყოფილეთო.  და მერიაში მითხრეს, ერთჯერად დახმარებას გადმოგცემთ 500 ლარამდეო. 500 ლარი ეყოფა რვასულიან ოჯახს? ხელფასი არა მაქვს, არც პენსია და არაფერი. ჩემნაირი გაჭირვებული კიდევ რამდენია, ვინ  იცის.   მერიაში   შესულს   უკვე   „გამარჯობასაც“  მეუბნებიან,  მაგრამ  თან არც რცხვენიათ, ისეთი პასუხით გამოგისტუმრებენ, ვითომ ბინის გასაღები უკვე ხელში გეჭიროს. მაგათთან ჩემს მტერს მიეცა საქმე!“

ახლა ლესელიძის 103-ში ვართ. ბინის პატრონმა მითხრა, სამ-ოთხდღეში ბინა დამიცალე, ან ქირა გადამიხადე ან წადითო. რა ვქნა, არ ვიცი, სად წავიდე?

სულ ბოლოს დავწერე განცხადება: თუ ქუთაისში რაიმე საშველი არ გამოჩნდება და რადგან თქვენ, სახელმწიფო მოხელეები, ვერაფერს მიკეთებთ, დავწერ პრეზიდენტის სახელზე განცხადებას, როგორც ქუთაისიდან დევნილი, რომ იქ მაინც მომცენ რაიმე თავშესაფარი. აბა, რაც ჩემი გამაჩნდა, წამართვა წყალმა და არ მეკუთვნის არაფერი?! თუკი არ მეკუთვნის, ხომ უნდა მითხრან, რომ არ გეკუთვნის და არ იაროო!!! ჩვენს ქუჩაზე სხვა ვინც იყო დაზარალებული, ყველა დააკმაყოფილეს, მიწებიც მისცეს და სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებაც თვითონ გაუკეთეს და 5000 დოლარიც მისცეს. იმათ კოლექტიურად იჩივლეს და დააკმაყოფილეს. მეც მინდოდა იმათთან ერთად საჩივრის შეტანა, მაგრამ იმათ დამთავრებული სახლები აქვთ, ჯერ იმათ დავაკმაყოფილებთ და შენ მომავალ სიაში შეგიყვანთ და სახლის მასალების ტრანსპორტირებასაც გაგიკეთებთო. იმის მერე კი აგერ 12 წელი გავიდა და კიდევ უსახლკაროდ ვარ. არადა, მათზე ადრე, სანამ წყალი წაიღებდა ყველაფერს, წინასწარ მქონდა მერიაში განცხადება შეტანილი, რომ გაემაგრებინათ ჯებირები. მაგრამ არავინ მოსულა რამის გასაკეთებლად, მერე კი მართლა წაგვიღო წყალმა სახლები“.

***

კახიძეების ოჯახმა, სტიქიიდან დღემდე, არა ერთხელ მიმართა ქუთაისის საბინაო ფონდის აღრიცხვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურს განცხადებით, თუმცა ყველა მათი განცხადების პასუხების შინაარსი თითქმის ერთნაირად უიმედო და მოვალეობის მოხდის მიზნით, ზედაპირულადაა დაწერილი.

16. 10. 2009 წლის ?948 განცხადებაში, სადაც საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის უფროსმა კახა ქორიძემ მიმართა ქუთაისის მერის პირველ მოადგილეს ზაზა ნუცუბიძეს, წერია: მოქალაქის მიერ განცხადებაში მოყვანილ მოთხოვნას, საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილების შესახებ, სამწუხაროდ, ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიას თავისუფალი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია.

რაც შეეხება ლევან კახიძის განცხადებას, მიწის ნაკვეთის და სამშენებლო მასალების კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ პრობლემის დარეგულირება სცილდება საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხების ნუსხას.

12.11.2009 წლის ?1034, 10.03.2010 წლის ?262, და 03.12.2010 წლის ?1601 განცხადებების პასუხებიც იგივე შინაარსისაა.

21.03.2011 წლის ?კ-11984 განცხადების პასუხში კი წერია:

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, გაასხვისოს საკუთარი, დამატებითი ქონება კონკურსის, აუქციონის და იჯარაგამოსყიდვის ფორმით. დამატებით ქონების გასხვისებისა და გასხვისების შესაბამისი ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, ასევე 2007 წლის 28 სექტემბრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  ბრძანება ? 1-1/1476 „ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-12 მუხლი განმარტავს, რომ პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს უფლება უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფო ქონება“.

ამ ხელოვნურად გართულებულ და გაურკვეველი პასუხიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია. ან კი რომელ აუქციონზეა საუბარი, როცა მიწა, ფაქტობრივად, არ არსებობს. იმ ადგილას ახლა რიონი მიედინება.

განცხადების დასასრულს წერია:

რაც შეეხება სახლის მშენებლობისათვის სამშენებლო მასალების ანაზღაურების მოთხოვნას, არის ხანდაზმული და ამის გამო ვერ იქნება ანაზღაურებული სამშენებლო მასალების ღირებულება, თუმცა შესაძლებელია ქალაქ ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს გარკვეული თანხა ერთჯერადი დახმარების სახით.

როგორც ოჯახის უფროსისგან მივიღეთ ინფორმაცია, ეს ერთჯერადი დახმარება დაახლოებით 500 ლარამდეა. თუმცა, გადაეცემათ თუ არა ეს თანხა, ჯერჯერობით, ესეც გაურკვეველია. როგორ და რაზე უნდა იმყოფინოს რვასულიანმა ოჯახმა 500 ლარი?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია