დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თუკი ქვეყანაში დემოკრატიაა, რატომ ვერ ვხედავთ?
2011/04/18 12:20:26

გასულ კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. შემდეგ მონაცემები შეიცვალა (?!) და ეს მაჩვენებელი 44%-მდე დავიდა. თუმცა, არც ეს რიცხვი იძლევა დამშვიდების საბაბს. ვინაიდან 2337 ადამიანის 50-44% მიიჩნევს, რომ ჩვენთან დემოკრატია არ არსებობს, ხელისუფლებას დაფიქრება მართებს, სანამ ქვეყანას „დემოკრატიულ შუქურად“ გამოაცხადებდეს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. 

 

მაინც, ცნობისთვის, მოვიშველიოთ დემოკრატიის განმარტება: ეს არის პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ასხვავებენ უშუალო დემოკრატიას (ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანოების უშუალოდ არჩევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის მეშვეობით და ა.შ.) და წარმომადგენლობით დემოკრატიას (გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირების დანიშვნა ხალხის მიერ არჩეული ორგანოების მიერ და ა.შ.). უინსტონ ჩერჩილის კლასიკური განსაზღვრებით, დემოკრატია მმართველობის საკმაოდ ცუდი ფორმაა და მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური სისტემა კიდევ უარესია.

საინტერესოა, თუკი ქვეყანაში არის დემოკრატია, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ მას? თუ განსაკუთრებული, „მესამე თვალი“ გვჭირდება, რომ მისი არსებობა შევამჩნიოთ? ვინ იტყვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა? ან თუ არის, ვისთვის არის? მხოლოდ უბრალო, რიგითი მოქალაქეებისთვის? „ფულიანები“ და „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ კი მაინც თავიანთ ნებაზე „დაპარპაშობენ,“ ისე, რომ მათი გამკითხავიც არავინ არის, ჯერჯერობით. გნებავთ, ხალხის მონაწილეობა განვიხილოთ მმართველობის პროცესში, თუმცა, განსახილველიც არაფერია უბრალო მიზეზის გამო: ხალხი არ, ან ვერ ერევა მმართველობის განხორციელებაში; არც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს და არც მათ აღსრულებაში.

ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განაპირობებს არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის გამართული მუშაობა. არ მინდა, სურათი ბნელი ფერებით დავხატო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათი მუშაობა ვერ უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას, ამ ეტაპზე მაინც. მასმედიის საშუალებების უმრავლესობა „გაყვითლდა,“ თავისუფალი სიტყვა და აზრი მათი მეშვეობით ვერ გამოიხატება და სერიალების ეპოქაში ვცხოვრობთ, მართლაც გაწელილი და უშინაარსო სერიალივით მოსაბეზრებელ რეალობაში. არსებობენ სახელისუფლებო და ოპოზიციურად განწყობილი მასმედიის საშუალებები, რომელთა მეშვეობით სიმართლისა და ნეიტრალური ინფორმაციის გაგება ნაკლებად შესაძლებელია. აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმაც დაგვიწუნა ქართული „დემოკრატიის შუქურის“ ნათება და ვერც მასმედიას დაუკრა ტაში მათი საქმიანობის გამო. თუმცა, ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია, სამაგიეროდ, აფიშირება გაუკეთეს იმას, რომ რუსებმა ქართული რეფორმები მოიპარეს. ის კი არავის უთქვამს, ჩვენ რომ ევროპელებსა და ამერიკელებს მოვპარეთ.

თუმცა, მხოლოდ ხელისუფლების ჭრილში ნუ განვიხილავთ დემოკრატიის ცნებას, ისიც ვთქვათ, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს. ხშირად, დემოკრატია ზღვარგადასულ თავისუფლებად მიიჩნევა, რომელიც უზნეობაში გადადის. მაგრამ, ჩვენ ხომ დასავლეთიდან კარგზე მეტად ცუდის გადმოღება გვიყვარს. ამ შემთხვევაშიც ასე ხდება, ალბათ. იმედია, რამდენიმე წლის შემდეგ ცუდი დაილექება და ფსკერზე დავა, მაგრამ ზუსტი პროგნოზების გაკეთება ამ მხრივ მეტად საფრთხილო საქმეა და თითქმის შეუძლებელიც. 

გთავაზობთ ქუთაისელთა მოსაზრებებს დემოკრატიის მათეული აღქმისა და ქვეყანაში მისი არსებობის შესახებ:

ბაჩუკი ხეცაძე, სტუდენტი: „დემოკრატია რთული თემაა და ბევრ საკითხს მოიცავს. ჩემთვის კი დემოკრატია, ანუ თავისუფლება, ასოცირდება შემდეგ რამესთან: ზრდილობის ფარგლებში, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე ვთქვა, რაც მინდა, როცა მინდა და სადაც მინდა. არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია? ძნელი სათქმელია, მე ჯერ ისეთი რამ არ მითქვამს, რაც სკანდალური იქნებოდა, რომ გამომეცადა, არის თუ არა დემოკრატია.“

მაკა ჩინიჯიშვილი, ჟურნალისტი: „დემოკრატიაა, როცა ადამიანების უფლებები დაცულია და ყველას აქვს თანაბარი  შესაძლებლობები. დემოკრატიაა, როცა თავისუფალი აზრის გამოთქმა დასაშვებია და ა.შ. თუმცა, დემოკრატიის სახელით სარგებლობაც არ შეიძლება. მე ყოველთვის მაწუხებდა კითხვა: სად გადის ზღვარი დემოკრატიასა და ეროვნულობას შორის? ჩვენ ბევრი გვაკლია დემოკრატიამდე, თუმცა, არსებობს წინსვლებიც ამ მხრივ. დემოკრატია უნდა შექმნა, უნდა ააგო და უნდა მოარგო შენს ეროვნულობას იმიტომ, რომ ერის, ქვეყნის ნაციონალური ნიშა არ დაიკარგოს.“ 

სალომე ხურციძე, მოსწავლე: „დემოკრატია ხალხის  მმართველობაა. ჩვენ იდეაში დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს, ნუ, იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ასეთად ჩამოვყალიბდებით.“

ლეილა ფხაკაძე, დიასახლისი: დემოკრატია თავისი არსით თავისუფლებას ნიშნავს, თუმცა, სხვა საკითხია, როგორ აღიქვამს მას ხალხი თუ ხელისუფლება. არ შეიძლება, „დემოკრატიის“ სახელით შენიღბო ყველა შენი ქმედება, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ხშირია ჩვენს რეალობაში. ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში სრულად არის დაკნინებული. თუნდაც, სიტყვის თავისუფლება პირდაპირი გაგებით არ ისჯება და არ იზღუდება, მაგრამ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, არც გამოიხატება.“

გიორგი მარგველაშვილი: „ჩემთვის დემოკრატია დამოუკიდებელი არჩევანის, მედიის, სასამართლოს არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან ასოცირდება. სამწუხაროა ის, რომ საქართველო საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიის კლანჭებიდან დღესაც ვერ გამოძვრა და ჩვენთან არჩევანის თავისუფლება თითქმის არ არსებობს. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ ხალხზე უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფალთა სკამების გადანაწილება. კი გვინდა, დავემსგავსოთ ამერიკულ „თავისუფლების შუქურას,“ მაგრამ, როდესაც სასამართლოსა და მედიას პირადად ქვეყნის პირველი პირი აკონტროლებს, საუბარი დემოკრატიაზე ილუზიაა.“

ასე რომ, თუ დასავლური გეზი ავიღეთ და „ნატოში“ შესასვლელ კარს ვეძებთ, იმ პრინციპებითა და ღირებულებებით ვიცხოვროთ, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ოღონდ შევქმნათ ქართული დემოკრატია ქართველებისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია