დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სუფთა ქალაქი და ლუკმა-პურისთვის დამაშვრალნი
2011/04/11 14:06:45

თქვენც გინახავთ, ალბათ, ნახატი, რომელსაც ერთი მხრიდან თუ შეხედავ, ლამაზი გოგონას სახე აქვს, მეორე მხრიდან კი მოხუცი შემოგცქერის, დანაოჭებული და ნაღვლიანი თვალებით. ცხოვრებაც ასეა, ყველა მოვლენას თუ მოქმედებას, ფაქტს თუ უფაქტობას დადებითთან ერთად უარყოფითი შეფასება შეიძლება მოვუძებნოთ.

 

წარმოიდგინეთ ქუთაისი დილის 8 საათზე: ბაზრის  მიმდებარე ტერიტორია, ლუკმა-პურისთვის გატანჯული, სიმწრით მოწეული პროდუქტით დატვირთული გლეხები და ტროტუარზე თუ გზისპირას მუყაოს ქაღალდზე დაწყობილი ყველით, მწვანილით, ხილით, ბაზარში ნაყიდი და ბაზრის გარეთ გამოტანილი, მტვრითა თუ მანქანის გამონაბოლქვით „დავიტამინებული“ საკვები პროდუქციით მოვაჭრეები, თოვლში, ქარსა და წვიმაში ოჯახში კაპიკების შესატანად მთელი დღე ფეხზე დგომით რომ ჩამომწყდარან.

იგივე ტერიტორია ისევ წარმოიდგინეთ, ოღონდ საღამოს 8 საათზე: პროდუქტის ნარჩენებით, პარკებით, ნაგვით სავსე... იგულისხმეთ დაბინძურებული საკვებით მოწამლული ქალაქის მცხოვრებლებიც.

ჩემს მიერ წარმოდგენილი სურათიდან ვერ გაარჩევთ, რომელია კარგი თუ ცუდი. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ცუდია, ან ერთი მაინც. ეს უკვე მკითხველის გადასაწყვეტია.

თუმცა, ფაქტია, რომ ეს პრობლემა  რამდენიმე წლის განმავლობაში  „აქილევსის ქუსლად“ რჩება ჩვენს ქალაქში. ახლა ნელ-ნელა გვარდება, მაგრამ როგორ?

ამ თემასთან დაკავშირებით, ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსს ირაკლი სოფრომაძეს ვთხოვეთ კომენტარი.

„ქალაქში თითქმის აღმოფხვრილია გარე ვაჭრობის პრობლემა. ძალიან რთული იყო. გამოვყავით ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად მორიგეობენ, შემოვლას ატარებენ, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე. ხუთკაციანი ჯგუფია. მათ ევალებათ, რომ არ იყოს გარე ვაჭრობა ქალაქში. ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობენ აკრძალულ ადგილებში, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას - არ დატოვებენ ტერიტორიას,  გვაქვს უფლება, ჩამოვართვათ პროდუქცია, რომელსაც ყიდიან. ამ პროდუქციას ვაბარებთ „ქუთაისის ბავშვთა დღის ცენტრში“ და „ხანდაზმულთა პანსიონატში“. ყველაფერი გვაქვს შეტანილი აქტში, რომ ვინმემ არ იფიქროს, სახლში მიაქვთო. ამას კანონის ფარგლებში ვაკეთებთ. გარემოვაჭრეები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბაზარში გადასახადი თანხა არა გვაქვსო.

მაგალითად, საავტომობილო ქარხნის დასახლებაში, ბაზარში იყო ასეთი შემთხვევა. ჩვენ ვთხოვეთ ბაზრის დირექციას, მოვაწყვეთ ისე, რომ სხვა თუ იხდიდა 3 ლარს, ეს გარემოვაჭრეები გადაიხდიდნენ 1 ლარს, მაგრამ მაინც არ შედიოდნენ.  რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ საერთოდ აღვკვეთეთ გარე ვაჭრობა იმ ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ცენტრალურ ადგილებს, „პასაჟებში“ საკვები პროდუქტი  აღარ იყიდება. ტანსაცმლის და სხვა ნივთების გამყიდველებს აქვთ უფლება, იქ იდგნენ, რა თქმა უნდა, დროებით,  სანამ მოვნახავთ ამ ხალხის სადმე გადაყვანის ალტერნატივას.

პრობლემა ის არის, რომ გარემოვაჭრეები არ შედიან ბაზარში, რადგან მიჩვეული არიან მთელი ცხოვრება, იყიდის და გაყიდის იქვე. არ უნდათ შიგნით დაჯდომა, იმას ვერ ხვდებიან, რომ  რამდენიმე ჩამორთმევის შემდეგ, ზარალი თავად მიადგათ“.

რა თქმა უნდა, ყველას უხარია ლამაზ და სუფთა ქალაქში ცხოვრება, მით უმეტეს, რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი ხდება და, ფასადების შეღებვის გარდა, უფრო მეტის გაკეთება დასჭირდება ხელისუფლებას. მაგრამ რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც დამალულად ყიდის ორ კონა მწვანილს და თუ შეისწრეს, იმ მწვანილსაც წაართმევენ და შინ ხელცარიელი დაბრუნდება?

გივი, 70 წლის: „ყველაზე მეტად ჩვენ გვიჭირს, ხალხო, გლეხებს. მე  მოვხუცდი და ბევრი მუშაობა არ შემიძლია, მარტო ბოსტანს ვამუშავებ და მწვანილის გაყიდვის უფლებასაც არ გვაძლევენ. სად მაქვს მე ფული, ბაზარში დავდგე და გადასახადი ვიხადო? ვიმალები ჩემთვის, ხან კი მართმევენ და ვარ ასე გაძაღლებული. ამასაც თავი უნდა დავანებო, აპა, არ მაჩერებენ და... ერთი ლუკმის შოვნის საშუალება მქონდა და ეგიც მომისპო ამ მთავრობამ. კი ვიცი, შვილო, არ არის ლამაზი, მარა მიჭირს და რა ვქნა?“

სამწუხაროდ, წესრიგის დამცველებსა და გარემოვაჭრეებს შორის კონფლიქტიც ხდება, რაც ხშირად უწმაწურ მიმართვებში, წყევლა-კრულვასა და გინებაში გადადის. ნამდვილად არავისთვისაა სასიამოვნო, შუა ქალაქში დედისტოლა ქალების მაგინებელი და შვილისტოლა  ბიჭების მაწყევარი ხალხის ნახვა... აუცილებელია ოქროს შუალედის მოძებნა, როცა არც გარე მოვაჭრეები იქნებიან დაზარალებულები და არც ჩვენი ქალაქი იქნება ბინძური.

ნახატი გამახსენდა ისევ... მაგრამ იმ ნახატს ერთი ნაკლი აქვს: შუალედი არ არსებობს მასში, ვერ ნახავ ნახევრად ლამაზ, ან ნახევრად ულამაზო სახეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია