დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გახსოვს? ქუთაისში...
2011/04/04 12:55:05

ნამდვილი ქუთაისი, ხშირად, მოგონებებში ცოცხლობს. მოგონებებში, რომლებიც დროს უძლებენ. ცნობილი არქეოლოგი, ქალბატონი ლონდა ჯიქია უკვე დიდი ხანია, წარსულის სადარაჯოზე დგას. ცდილობს, ქალაქის ისტორიის  ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი ფურცლებზე შემოინახოს. უკვე 83 წლისაა და, შესაბამისად, გასახსენებელიც ბევრი აქვს. ახლა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ-კონსულტანტია, ადრე კი ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ქალაქისთვის ცნობილი და ისტორიული არაერთი პირი მისი ოჯახის წევრი და ნათესავი იყო.

 

 

ბაბუის, ნიკიფორე გვანცელაძის მიერ გაჭედილი ეტლით მოუვლია აკაკის რაჭა-ლეჩხუმი, ხოლო ბიძა, ვლადიმერ გვანცელაძე, ცნობილი ენერგეტიკოსი იყო ქალაქში, მისი თაოსნობით გაკეთდა ტროლეიბუსის ხაზები და საბაგიროს გზა, მუშაობდა ასევე რიონჰესის მშენებლობაზე. ქალბატონი ლონდა რეპრესირებულთა ოჯახიდან არის, მამა, გზებისა და ხიდების მშენებელი ინჟინერი ბორის ჯიქია, 1937 წელს დახვრიტეს, დედა - ულამაზესი ქალბატონი ვერა გვანცელაძე კი გადაუსახლებიათ.

სწორედ ქალბატონ ვერა გვანცელაძე-ჯიქიას მოგონებებშია დაცული ქუთაისურ „გვირილობასთან“ დაკავშირებული ცნობები. 1, 2 და 3 მაისს ქალაქის ქუჩებში დადიოდა რომელიმე ლამაზი ქალბატონი გიმნაზიელ ქალ-ვაჟთან ერთად, გვირილებიანი კალათებით ხელში. ისინი ფულს აგროვებდნენ ჭლექით დაავადებულთათვის და ვინც შესაწირს გაიღებდა, მკერდზე გვირილას მიაბნევდნენ. ასე დამკვიდრდა ეს ტრადიცია, რომლისგანაც მხოლოდ გვირილების დარიგებაღა შემორჩა.

კიდევ ერთი ფაქტი ქუთაისურ დღეებთან დაკავშირებული, რომელსაც ქალბატონი ლონდა იხსენებს: „არსებობდა ხელოსნების გაერთიანება, ამქარი, რომელთა შენობა მდებარეობდა გრიშაშვილის ქუჩაზე, ახლა რომ „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურია, იმ ადგილას. იმ დროს „კარეტნიკების რიადს“ უწოდებდნენ.  ხელოსნები პირველ მაისობას აღნიშნავდნენ თერნის (ბოტანიკურ) ბაღში, ისინი ბაღდათებით ხელში, პურმარილით, ოჯახებთან ერთად მიდიოდნენ და იქ ატარებდნენ დროს.“  

ქალაქის ისტორიას ბევრი ლამაზი ქალი ახსოვს, აღმოსავლური თუ ევროპული სილამაზის მატარებელი. ჩემი რესპონდენტი მათ თაობათა მიხედვით ჰყოფს. პირველი ულამაზესი ქალბატონი, რომელიც მის მოგონებებს შემორჩა, ეს არის საშა ჭილაძე-ჩიქოვანი, რომელიც 16-17 წლის გოგო ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს წამოუყვანია მშობლიური სოფლიდან, ჭოლევიდან და კარგი განათლება მიუცია მისთვის, ინტელიგენტ ქალად ჩამოუყალიბებია და შემდეგ ცოლადაც შეურთავს. „საშა ჩიქოვანი ხშირად მართავდა მეჯლისებს და გამორჩეულ საზოგადოებას ეპატიჟებოდა. ერთხელაც, გამოიწერა საფრანგეთიდან რაღაც ძალიან ძვირფასი ქსოვილი, სახელად „შანტეკლერი“. შეიკერა კაბა მისგან. ერთი ლამაზი ქალი ყოფილა კიდევ ქუთაისში და საშას ჯიბრით მასაც შეუკერავს ამავე ქსოვილისგან. ეს რომ საშამ გაიგო, მისი დამცირების მიზნით, „შანტეკლერი“ კედლებზე გააკრა შპალერად იმ ოთახში, სადაც მეჯლისი უნდა გამართულიყო. დედა იხსენებდა ხოლმე, გადასახლებაში მყოფ საშა ჩიქოვანს სახის კრემები შემოსდიოდა ციხეში, მაშინ, როცა ინფორმაციის მიღებაც კი პრობლემა იყო ჩვენთვისო. გადასახლებიდან დაბრუნებული წყალტუბოში მუშაობდა, ერთ-ერთ სანატორიუმში,“ - მითხრა ქალბატონმა ლონდამ.

საშა ჩიქოვანის შემდეგ არაერთი ლამაზი ქალი ამშვენებდა ქალაქის ქუჩებს: ელენე ყიფიანი, საშა გამზარდია-აბესაძე, თინა მეფისაშვილი  - სამივენი გიმნაზისტკები იყვნენ;  თამარ სოფრომაძე, ევროპული ტიპის ლამაზმანი, დები - ლილი და თამარ ჯოხაძეები, რომლებიც თამარ მეფის ქუჩაზე, უნივერსიტეტის გვერდით, ჩინური სტილის სახლში ცხოვრობდნენ.

მათ სილამაზით არ ჩამოუვარდებოდა ნელი წულუკიძე, დაგმარა ჯავახაძე, ქეთევან გვანცელაძე. ქალბატონი ლონდა იხსენებს მისი თაობის ეშხიან ქალებსაც - ნუნუ და მაყვალა მელიებს. ნუნუ აღმოსავლური ეშხის მატარებელი და განსაკუთრებით ლამაზი იყო, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდნენ პატარა სახლში. მათი მამა, პარმენ მელია, მათემატიკის მასწავლებელი ყოფილა. ქუთაისელ ლამაზმანთა ნუსხაში იყო გენიკო საჯაია - ტანდაბალი, მაგრამ სიმეტრიული ქალი ლამაზი სახით. განთქმული მოცეკვავეები ყოფილან ის და მისი ძმა, ჩაქუ საჯაია.

ქალბატონი ლონდას ახალგაზრდობის წლები ქვეყნისთვის მძიმე პერიოდს ემთხვევა. ამ დროს მეორე მსოფლიო ომი და ომისშემდგომი გაჭირვება ლაღად ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავდა ადამიანებს. „ქალაქში იყო შუქშენიღბვა. მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო, არც წყალი შეწყვეტილა და არც დენი. ფანჯრებზე ბინტები უნდა აგვეკრა, იმ შემთხვევაში, თუ დაბომბვა დაიწყებოდა, მინის ნამსხვრევებს შეაკავებდა ეს ქსოვილი, თანაც სინათლე არ უნდა გაეტარებინა ღამით. ომის დროს ქუთაისში შეიკრიბა ფული და თვითმფრინავი გააკეთეს ქალაქის სახელზე. ხალხი ერთმანეთს გვერდით უდგა. ოღონდ გაგვემარჯვებინა, ეს იყო ოცნება და ერთმანეთისთვის არაფერი ენანებოდათ. დიდი გაჭირვება იყო. პურის მარცვალი რომ გამოილია, მთავრობამ გროზნოდან შემოიტანა მდარე ხარისხის სიმინდი. ფქვავდნენ და მისგან გამომცხვარ მჭადს ვჭამდით, ისეთი იყო, წყალი გასდიოდა. დობხოჯი ერქვა.“

ქალბატონი ლონდა ქუთაისში დაიბადა, ორი წლისა იყო, მშობლები თბილისში გადასულან საცხოვრებლად. დედის გადასახლების შემდეგ კი ის და მისი ძმა დედულში იზრდებოდნენ, დეიდებისა და ბიძების გარემოცვაში. ვერა გვანცელაძეს 9 და-ძმა ჰყოლია. ოჯახს ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე უცხოვრია, რომელსაც ადრე პეტრე-პავლეს სახელი რქმევია. ეს მათივე სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც მეფის რუსეთის პერიოდში ძალიან პრესტიჟული ყოფილა. აქ ცხოვრობდნენ თავად-აზნაურთა ოჯახები: წერეთლები, მეძმარიაშვილები, ამირეჯიბები, ემხვარი... საბჭოთა პერიოდში ეს ხალხი აქ უკვე აღარ იყო, უბანი შეიცვალა და საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩაასახლეს ხელოსნები, ფოსტის თანამშრომლები, პედაგოგები.

ქალბატონი ლონდა ქუთაისის კულტურულ გასართობებსაც იხსენებს, რომელიც პოპულარული იყო მის ახალგაზრდობაში: „ომი რომ დამთავრდა, ჩამოიტანეს ნაალაფარი უცხოური ფილმები. ქუთაისსაც ერგო რამდენიმე  და  კინოთეატრებში   („კომუნა“   და „დამკვრელი“)   უჩვენებდნენ   ფილმს „ინდოეთის  აკლდამას“.  კონცერტები იმართებოდა საზაფხულო თეატრში, რომელიც მდებარეობდა ახლანდელ ცენტრალურ ბულვარში, მესხიშვილის თეატრის მხარეს. ნაგებობა საკმაოდ შეუხედავი და შელანძღული ყოფილა, რომელიც დამწვარა ერთჯერ, შემდეგ კი დაანგრიეს. ჩამოდიოდნენ ჯაზ-ორკესტრები, თამარა ხანუმი, ბელა ბელეტსკაია, კიპარენკო და სხვები. ასევე იმართებოდა სულიკო კოროშინაძისა და ნანული აბესაძის კონცერტები. ქუთაისში იყო ერთი პიროვნება - დავით სარჯველაძე, ძალიან გემოვნებიანი და ინტელიგენტი კაცი, რომლის თაოსნობითაც იმართებოდა კულტურული ღონისძიებები ქალაქში.“

ომის პერიოდში ქუთაისს აფარებდა თავს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან ევაკუირებული დასები, მოსკოვის ოპერეტა, შორეული აღმოსავლეთიდან - ლილიპუტთა დასი, პეტერბურგის თეატრი და ა.შ. ზოგი მათგანი სასტუმრო „ქუთაისის“ შენობაში ცხოვრობდა, ზოგიც - კერძო მოსახლეობაში. მათი წარმოდგენები იმართებოდა „დეკას“, ანუ „წითელარმიელის სახლში,“ რომელიც ახლანდელი „ქარვასლას“ შენობის ადგილზე მდებარეობდა. თეატრალებამდე ეს შენობა მის მეპატრონეს, ზაქარია კოკოჩაშვილს, კომერციული ბანკისთვის ჰქონდა მიქირავებული. ერთ დროს იქ კინოთეატრი „თამარიც“ ჰქონდა გახსნილი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სახლის ბოლო მეპატრონეს, ფილიპოვს, რომელსაც აქ შესანიშნავი უნივერსალური მაღაზია ჰქონდა გახსნილი, სახლი ჩამოერთვა. 1929 წელს სახლს უკნიდან მიაშენეს სააქტო დარბაზი და სცენა, სამუშაოებს აწარმოებდა ქუთაისში დროებით გადმოყვანილი ქართული დივიზიის სამშენებლო ბატალიონი. ეს ადგილი 30-40-იან წლებში ქუთაისელი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მთავარი გასართობი იყო.

ქალბატონი ლონდა იხსენებს, რომ მიუხედავად გაჭირვებისა და ომით გამოწვეული მწუხარებისა, ხალხი თეატრს სწყალობდა და ბილეთებისთვის ფულს არ იშურებდა, თუმცა მათი მოპოვება ყოველთვის პრობლემა ყოფილა. პრემიერებისთვის ქალები სპეციალურად იკერავდნენ ახალ კაბებს, იმდენად დიდ მოვლენად მიაჩნდათ სპექტაკლზე დასწრება. ამ დროს კი ქალაქში მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე თამაშობდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც იყვნენ: შოთა პირველი, იპოლიტე ხვიჩია, ელენე წინამძღვარი და სხვები. ეს ფაქტები ქალბატონი ლონდას მოგონებათა მხოლოდ მცირე ნაწილია. წარსულის ქუთაისი მის ფიქრებში ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია