დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პრომეთეს მღვიმეში“ ჩამარხული თუ გადანახული ფული
2011/04/04 12:41:21

პრეზიდენტის მიერ მონათლული და სახელგადარქმეული ყუმისთავის, იგივე „პრომეთეს“ მღვიმის სილამაზეზე და უნიკალურობაზე ბევრჯერ გვსმენია. სამთავრობო ტელეარხების მეშვეობით მღვიმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი გამოიყო. ვინაიდან მღვიმე ტერიტორიულად წყალტუბოს ეკუთვნის, ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევენ.

 

დავით დვალი, ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

„მივესალმებით იმას, რომ „პრომეთეს მღვიმე“ კეთდება და იქნება იმ სტანდარტების, რომ მოიზიდოს ტურისტები და გაჩნდეს ინტერესი მის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. მაგრამ ჩვენი პროტესტი მოყვა იმას, რომ „პრომეთეს მღვიმის“ ტერიტორია, ადმინისტრაციულად, არ შედის ქუთაისის საზღვრებში, ეს არის წყალტუბოს რაიონი. შესაბამისად, ჩვენთვის ბუნდოვანი დარჩა,  რატომ  უნდა  დახარჯული-ყო  ეს  თანხა  ქუთაისის ბიუჯეტიდან?  ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს თანხების ხარჯვა ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ რაიმე სხვა სამუშაო აქვს გასაკეთებელი და მიიღებს გადაწყვეტილებას, ანუ „დელეგირებას“ ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, დელეგირებასთან ერთად ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება შესაბამისი თანხა.

ჩვენ გაგვცეს ასეთი პასუხი: „ვინაიდან ქუთაისი ხდება ტურისტული ზონის ცენტრი, ამ ტურიზმის მასშტაბებში მოიაზრება „პრომეთეს მღვიმე“, გონივრულია და სჯობია, რომ ეს თანხა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იმიტომ, რომ წყალტუბოს მღვიმეში ჩამოსული ტურისტი წამოვა და დარჩება ქუთაისის სასტუმროშიო.“ შეიძლება, ეს მარკეტინგულად სწორი იყოს, მაგრამ სამართლებრივად გაუმართლებელია. ანუ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული თანხის გამოყოფაზე, თავისი შინაარსით უკვე იყო უკანონო. შეიძლება ადამიანური კუთხით სამართლიანი იყოს, გონივრულად თვლიდე, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო უკანონო. ჩვენ, როდესაც დავსვით შეკითხვები, ფინანსური სამსახურის უფროსმა გვითხრა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობას გააჩნია ეს უფლებაო და მოგვაწოდა ეს ფურცელი: მე-16 მუხლის, მე-2 ნაწილის „გ“- პუნქტი, სადაც წერია:

„ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი, მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“...

როგორც დავით დვალმა განაცხადა: „ეს არის სრული ამონარიდი, ეს კანონი შემდეგშიც გრძელდება:

...ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;“

„ანუ იმ შემთხვევაში, თუ ხდებოდა ქუთაისიდან ამ თანხების გამოყოფა, პროექტის ერთობლივი დაფინანსების შესახებ, როგორც მინიმუმ, უნდა ყოფილიყო კანონის მე-16 მუხლის ზუსტად ამ „გ“ - პუნქტის მიხედვით, რომელიც ნახევრად მიაწოდეს მოსახლეობას საკრებულოს სხდომიდან. უნდა ყოფილიყო, კანონით, როგორც მინიმუმ, ორ ქალაქს შორის, ორ თვითმმართველობას შორის ხელშეკრულება, ანუ ხელშეკრულებით დამტკიცებული ერთობლივი პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გონივრული იქნებოდა თანხების ხარჯვა, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ეს არ მოხდა. ანუ ქუთაისის ბიუჯეტმა გაისროლა 35 ათასი ლარი. წყალტუბოს ბიუჯეტს რომ გაეკეთებინა ეს დაფინანსება, იქნებოდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. ქუთაისმა გადაიხადა თანხა იმ საქმეში, რომელიც არ შედის მის კომპეტენციაში, და რომელსაც ვერ ამართლებს ეს ამონარიდი.  შესაბამისად, საკრებულომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იყო იურიდიულად არასრულყოფილი. სხდომაზე, ამ საკითხზე ერთ-ერთმა კოლეგამ, გიორგი უკლებამ, მითხრა, მმართველი ძალიდან და აღიარა შეცდომა - „ბატონო დავით, ხანდახან, როცა ოპერატიულად გადასაწყვეტია საკითხი, იურიდიული სკურპულოზურობისთვის დრო არ გვრჩებაო“. - ეს იყო არაპირდაპირ იმის აღიარება, რომ იურიდიულად ეს საკითხი წესრიგში არ არის. ასეთი პასუხით პოზიციის დაცვა გასაგებია, მე მას ბრალს ვერ დავდებ, რადგან განათლებით არ არის იურისტი, სხვა სფეროს სპეციალისტია და, შესაბამისად, არ ევალება გიორგის, ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა მისცეს საკითხს. მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობას, მერიას ჰყავს თავისი სამსახური, რომელიც უნდა აკეთებდეს დასკვნებს ამ კუთხით. იმიტომ, რომ საკრებულოს ვერც ერთი წევრი ვერ იქნება ყველა დარგის სპეციალისტი, მაგრამ სწორი მენეჯმენტი უნდა აწარმოოს და სწორად შეარჩიოს სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც სწორ დასკვნებს გააკეთებენ და შეცდომაში არ შეიყვანენ ხალხს. თეთრი ხიდისთვის დახარჯული 200 ათასი ლარი, ეს 35 ათასი ლარი... - აი, ეს არის სწორედ ბიუჯეტის არაგონივრული და არამიზნობრივი ხარჯვა.

წყალტუბოს მერიიდან თუ გამოიყო თანხა, მე არ ვიცი. ვინ გაიღებს სრული რეაბილიტაციისთვის თანხებს, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, იმედს ვიტოვებ, რომ ეს თანხა ქუთაისის ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა, თორემ მართლა კრახულ სიტუაციაში ვიქნებით. ეს არ იყო ქუთაისის გადასახდელი თანხა, ეს ფული უფრო მიზანმიმართულად შეიძლებოდა დახარჯულიყო თავად ქუთაისში, ანუ შეგვიძლია გავზარდოთ ქუთაისის ადმინისტრაციული საზღვრები და მოვაქციოთ ჩვენს საზღვრებში „პრომეთეს მღვიმე“.  ეს არასრულყოფილად მომზადებული დოკუმენტი გახლდათ. რომ ყოფილიყო შეთანხმება ორ თვითმმართველობას შორის, ამ დოკუმენტს აგვიფრიალებდნენ, მაგრამ ეს დოკუმენტი არ არსებობს.“ - განაცხადა დავით დვალმა.

მეორე მხარის აზრის დასაფიქსირებლად თვითმმართველობის წარმომადგენელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს ვესტუმრეთ.

ამირამ ხვადაგიანი: „35 ათასი ლარი გამოიყო პროექტისთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თანხა დიდია „პრომეთეს მღვიმესთან“ დაკავშირებით? ეს არის საპროექტო სამუშაოებისთვის, მილიონობით თანხა დაჯდება მისი გაკეთება. „პრომეთეს მღვიმეს“ ასე ნუ ახსენებთ. ეს არის ქუთაისის ტურისტული ზოლის განვითარება.  სათაფლია, გელათი, მოწამეთა, - ქუთაისის ტურისტული ზონა მოიცავს ამ ყველაფერს. ტურისტი რომ ნახავს ამ საოცრებებს, ეს ყველაფერი ქუთაისის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული. რომ ვამბობთ, ქუთაისს ექნება საკმარისი ბიუჯეტი, სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ,

ერთ-ერთმა ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგამ თქვა, როგორ არის ეს ქუთაისთან დაკავშირებულიო. მე ყველა ადამინს ვთხოვ აზროვნებას, ანალიზს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ქუთაისის ტურისტული ზონა, ქუთაისის ხვალინდელი დღე, განვითარება. ტურიზმი არის ერთ-ერთი სფერო, რომელიც სერიოზულ შემოსავლებს მისცემს  ჩვენს ქალაქს და ქვეყანას.

- წყალტუბოს თვითმმართველობამ თუ ჩადო თანხა ამ პროექტში? 

- წყალტუბოც ჩადებს, ქუთაისიც ჩადებს და კიდევ გეუბნებით, ეს არის საპროექტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა. ნებისმიერ სფეროში ანალიზია საჭირო, რომლის გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება წარმოუდგენელია. ეს ადგილები მთელი ქვეყნის ტურიზმთან არის მიბმული. ბაგრატი, ნახეთ, როგორ კეთდება, სათაფლია, მოწამეთა ძალიან გალამაზებულია. ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ, რომ ეს ყველაფერი გაგვაჩნია, ამაზე კითხვაც არ უნდა დაისვას.

- კანონის მიხედვით გეკითხებით, კანონში წერია, რომ....

- კანონში წერია, რომ ქვეყანა... სად წერია, რომელ კანონში? ორ მუნიციპალიტეტს შეთანხმების საფუძველზე შეუძლია საერთო საქმისთვის გამოყოს თანხა.

- წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან თუ გამოიყო თანხა?

- ჩვენ შეთანხმებული ვართ წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან, შემდგომ შეთანხმებული ვართ არამარტო წყალტუბოსთან, არამედ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამ მღვიმეს ვერც ქუთაისის ბიუჯეტი ეყოფა და ვერც წყალტუბოსი. უბრალოდ, ჩვენი მიზერულ თანხები, რაც შეგვეძლო, საპროექტო სამუშაოებისთვის ჩავდეთ. 

- მთლიანად რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა?

- აუცილებლად, რადგან ძალიან დიდი თანხაა საჭირო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია