დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ბურჭულაძე: „ქურდებს - სიცოცხლე, ბოზებს - სიკვდილი!“
2011/03/28 12:28:31

18 მარტს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართულ-გერმანული პროზის ანთოლოგიის პრეზენტაცია სკანდალურად დასრულდა. წიგნში შეტანილი ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი ავტორის, ზაზა ბურჭულაძის გამოსვლის შემდეგ, იქ მყოფი საზოგადოების ნაწილმა ოპერის თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

ყოველივე ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტ მანანა ქველიაშვილის მიერ მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი რეგიონული მაუწყებლის, კერძოდ, ტელეკომპანია „მეგა TV“ ეთერით გადაიცა, ხოლო ინტერნეტ საიტ „youtube“-ით გავრცელების შემდეგ უფრო მაღალი რეზონანსი და გამოხმაურება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში, კერძოდ, „Facebook“-ში უამრავი პოსტი დაიდო და ასეულობით კომენტარი გაჩნდა, აზრთა დიდი სხვადასხვაობით. ბევრს მიაჩნდა, რომ მწერალმა შეურაცხყოფა მიაყენა დიდი ტრადიციების ქალაქს და ინტელიგენციის ნაწილი სწორად მოიქცა, რომ დარბაზი დატოვა. ზოგი თვლიდა, რომ ბურჭულაძის დამახასიათებელი მანერით გამოსვლაში არაფერი იყო განსაკუთრებული და, პირიქით, მან კარგი პიარი გაიკეთა. ზოგს დარბაზიდან გამოსულთა ტონი და „პროვინციულობა“ არ მოეწონა, ზოგიც თავად ჟურნალისტის პროფესიონალიზმზე კამათობდა. ამ ფაქტს მანანა ქველიაშვილის წამოსვლაც მოჰყვა ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიიდან. 

ამონარიდები „youtube“-ში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან: 

საღამოს წამყვანი: (ზ. ბურჭულაძის გამოსვლის შემდეგ) თავად გინდათ, წაიკითხოთ ნაწყვეტი?

ზაზა ბურჭულაძე „ქურდებს - სიცოცხლე, ბოზებს - სიკვდილი“.

გაისმის მოულოდნელობისგან გამოწვეული „ხმაურიანი ტაში“ და იქ დამსწრე საზოგადოების გარკვეული ნაწილი, პროტესტის ნიშნად, ტოვებს დარბაზს.

სიუჟეტის შემდეგი ნაწილი გრძელდება ოპერის თეატრის ფოიეში.

დარბაზიდან გამოსულთა კომენტარები:

მაგული გიორგაძე: მწერალი რომ გამოვა და იტყვის, ქურდებს მშვიდობაო და არ მინდა, ის სიტყვა გავიმეორო და, ქუთაისის ინტელიგენციას ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებს, ჩვენ იმ დარბაზში არ გავჩერდებით.

ლია გვენეტაძე: მესმის, შეიძლება, ორიგინალური იყოს ნაწარმოები... ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც არტი შევქმენით აბსოლუტურად... მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენო და ასეთი უცენზურო სიტყვები იხმარო ქალაქში... ეს არ არის სოფელი და ეს არ არის პროვინცია, ეს არის ძალიან დიდი კულტურის და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტრადიციების ქალაქი და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ძალიან თანამედროვედ ვწერთ და არანაკლებ თანამედროვედ სხვაზე, თამამად შემიძლია ვთქვა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! არ შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო ქალაქს და მიაყენო მკითხველს, პირველ რიგში.

თეიმურაზ ლანჩავა: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ არ შეიძლება ასე - „ბოზებს სიკვდილი და ქურდებს სიცოცხლე“, ჩვენ ერთიც ვიცით და მეორეც, უხამსობა არ ეკადრებათ, თორემ რა პრობლემაა.

ალეკო ბაძგარაძე: არ ეკადრება ამ ქალაქს მაგი. ეს სხვა ტრადიციების ქალაქია და არ ეკადრება.

- ეს არის შემზარავი რამე, არ ეკადრება ამ ქალაქს მაგი, ასეთი უმსგავსოება არ გაგონილა. სირცხვილია ეს, რაფერ შეიძლება ეგი, ახლა მაგის წიგნი დევიკავო და ვიკითხო მეე?

ოთარ მეტრეველი: ჩვენ სადაც ვცხოვრობდით, ეს იყო აბსურდი და ეგენი არიან კაი! ან ის მუსიკა რა იყო, ორკესტრანტი რომ წყალს სვამს, სცენაზე, თუ შეხედეთ! ასე მოწყურდა იმას? რეპეტიციაზე მეგონა თავი.

ყოველივე ამის შემდეგ

ზაზა ბურჭულაძის კომენტარი - ჟურნალისტს (მწერალს გულზე სათამაშო პისტოლეტი აქვს მიდებული): „რეაქცია მაქვს ამ ფაქტზე გადასარევი, ესე იგი უნდა მომხდარიყო, რაც მინდოდა, რომ მომხდარიყო. გავიმეორებ: ბოზებს სიკვდილი, ქურდებს სიცოცხლე, ბოზებმა დატოვეს.“

დარბაზიდან გამოსულები ინაცვლებენ თეატრის წინ და გრძელდება მათი კომენტარები:

- დათო ტურაშვილს ვცემ ძალიან დიდ პატივს, როგორც მწერალს, როგორც პიროვნებას და არ მინდა, რომ იყოს მათ გვერდით, ხოლო ესენი ვინ არიან. მინდოდა ფორმატი სხვა ყოფილიყო, რა არის ეს, კომუნისტური.

- ის, პისტალეტით რო დადგა, უკვე აშკარა იყო, რასთან გვქონდა საქმე.

- ძაან გამოვასწარით მაგათ გარეთ.

მედეა ჩოგოვაძე: იქნება და არიან, რას ერჩის იმ ბოზებს! („ყოჩაღ, მედეა!“ - აღტაცებული რეპლიკები).

- ქუთაისი - ბოზების და ქურდების ქალაქი... ეს სირცხვილია!

ჩვენ ვართ საზოგადოება. ამას რომ ვუსმენთ. პრინციპში, მე არ ვუსმენ.

მაგული გიორგაძე: აქ მოვედი დათო ტურაშვილისთვის, მე გული მტკივა, რომ დათო ტურაშვილი ამ კრებულშია, სადაც ასეთი არაკაცები არიან. დათოსთვის ეს დიდი მინუსია. დათო ტურაშვილი არ არის იმ დონის მწერალი, რომ ამათთან გაიგივდეს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ძალიან ობიექტურად წერდა, კარგად წერდა და საზოგადოებას შეაყვარა თავი, ქართველობას, და დღეს, მაგალითად, მინუსს ვუწერ.

მაგული გიორგაძე: ჯერ, წამყვანი არის გამოსული შიშველი, არც თვითონ სიტუაცია იყო მაგისი, იმისი, რომ ასეთი შიშველი გამოვიდეს. დანარჩენები კიდე, სცენაზე სვამდნენ წყალს და ქუდები ეხურათ, იღეჭებოდნენ და რაებს აკეთებდნენ, ღმერთმა იცოდეს კიდე. ეს არის მასხრად აგდება, ეს არის შეურაცხყოფა ჩემი ქალაქის და პირადად ჩემი, ვინ არიან მაგენი!

ლია გვენეტაძე: თქვენ ახალგაზრდა თაობა ხართ და უნდა იცოდეთ, მწერალი არის ერის სულიერი სახე, სულიერების მანიშნებელი. ქვეყანაში, სადაც მწერლობას, მუსიკას, მხატვრობას, ანუ იმას ებრძვიან, რაც ადამიანს ადამიანურს ხდის, ძალიან ცუდი სიტუაციაა მაშინ და ებრძვიან ძალიან ცუდი ფორმით. პირდაპირ როცა გებრძვიან, ეს არ არის საშიში, ხოლო როცა არაზნეობრივი ფორმით ებრძვიან მწერლობას, ეს უკვე ძალიან ცუდია და მოტყუებული. ძალიან განადგურებული დარჩება ერი და ქვეყანა.

სიუჟეტი გრძელდება იმ ახალგაზრდების კომენტარებით, რომლებმაც ასევე დატოვეს საღამო და ერთ-ერთი მათგანის მიერ წაკითხული ლექსით:

„იტყვიან შენზე - კაცია,

მაგრამ ფაქტია: კალამს აქვს

მდიდარი მენსტრუაცია.“

 

 ***

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და სამსახურიდან წამოსვლის დეტალებზე  ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი სოციალურ ქსელში „Facebook“-ში ამბობს:

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები youtube-ზე დავდე. ვიდეო გადაღებული იყო რეგიონალური ტელეკომპანია          „მეგა TV“-ის კუთვნილი კამერით, ჩემი და ტელევიზიის პრაქტიკანტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიერ.  სანამ youtube-ზე კადრებს ავტვირთავდი, მანამდე ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამ კადრების მიხედვით მომზადდა.

აღნიშნული  ვიდეოკადრებით დაინტერესდნენ ტელევიზიები. მათ ტელეკომპანია „მეგა TV“-ის ხელმძღვანელს სთხოვეს ე.წ. შავი მასალა მიეცა, რაზეც მან უარი განუცხადა. როდესაც სამსახურში მივედი, ტელევიზიის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ სამსახურიდან წავსულიყავი.

ჩვენს შორის, დაახლოებით, ამ შინაარსის დიალოგი გაიმართა:

„- შენ ატვირთე ვიდეო youtube-ზე?

- დიახ, ბატონო მერაბ.

- მერე, ვინ მოგცა მაგის უფლება. ეს მასალა მეკუთვნის მე, ჩემია და მისი გამოყენების და youtube-ზე ატვირთვის უფლება არ გქონდა. წადი აქედან!“

მე მშვიდად მივაწოდე მიკროფონი ტელევიზიის ხელმძღვანელს (იმ წამს დავბრუნდი გადაღებიდან), ჩავაბარე  მისი კუთვნილი ტექნიკა და წამოვედი.

ობიექტურობა მოითხოვს, აღვნიშნო: თეორიულად, ეს კადრები ნამდვილადაა ტელეკომპანიის საკუთრება. თუმცა მე ტელევიზიასთან არ მქონია გაფორმებული არანაირი კონტრაქტი. არასოდეს არავის უთქვამს ჩემთვის, რომ არ შემეძლო მასალების ატვირთვა youtube-ზე. როგორც ჩემთვის ცნობილია,  სიუჟეტები youtube-ზე სხვა ჟურნალისტების მიერაც იტვირთებოდა. მე, პირადად, სულ სამი კვირაა, რაც ტელევიზიის თანამშრომელი ვარ. ის, რომ youtube-ზე კადრების ატვირთვას ვაპირებდი, იცოდა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელმა, მათ შორის - რედაქტორმაც. უბრალოდ, მე არ ამიღია ნებართვა უშუალოდ ტელევიზიის ხელმძღვანელისაგან. ამასთან, არც არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ეს აუცილებელი იყო!

დღეს, სამსახურიდან ჩემი გაშვების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს, „მეგა TV“-ის ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ მე იქ არ ვმუშაობდი, არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა    „მეგა TV“-ს ჩემთან და,  შესაბამისად, სამსახურიდანაც ვერ გამიშვებდნენ.

მოგვიანებით თავად ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მას არ გავუშვივარ სამსახურიდან და წასვლის შესახებუბრალოდ, ისე მითხრა“ . მისივე თქმით, შემიძლია დღესვე დავბრუნდე სამსახურში.

თუმცა მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება დამეგა TV“-ში აღარ დავბრუნდები. და საერთოდაც, აწი სანამ სადმე დავიწყებ მუშაობას, პირველ რიგში, კონტრაქტს მოვითხოვ. საკუთარი უფლეის დაცვა როევძლო და ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე, როგორშიც ახლა ვარ.

ყველას აინტერესებს, როგორ მოვხვდი „მეგა TV“-ში. თებერვლის დასაწყისში ტელევიზიიდან დამირეკეს და შემომთავაზეს ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოებრივი კონტროლი“  ფარგლებში დევნილების შესახებ გადამეღო ფილმი. მე დავთანხმდი და ფილმი გადავიღე კიდეც. პროექტი თებერვლის ბოლოს დასრულდა. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა დავრჩენილიყავი საინფორმაციო სამსახურში და სიუჟეტებზე მემუშავა. რასაც ვაკეთებდი კიდეც დღემდე.

„მეგა TV“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა თოშხუამ გაზეთ „P.S.“-თან საუბარში განაცხადა:

ჩემთან და რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დირექტორი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას ჟურნალისტის გაშვების თაობაზე, მე იმ მომენტში იქ არ ვიყავი. ჟურნალისტის სამსახურიდან გაშვებაზე არ იყო საუბარი, ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მერაბ კიკაბიძემ მანანას იმ სიტუაციაში მხოლოდ ეს უთხრა: „თუ ეს არ გესმის, მომშორდი თავიდანო“. მანანას არც უცდია დიალოგში შესვლა და წავიდა. ასეთ ცხელ გულზე არ ხდება თანამშრომლის გათავისუფლება. შემდეგ არათუ მე დავურეკე, არამედ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმაც და კიდევ ერთხელ შეეცადა, აეხსნა, რომ „მე უნდა მცოდნოდა შენგან, ან კიდევ ვინმესგან, ამ მასალის გავრცელების შესახებ, რადგანაც, როდესაც მოდიან ცენტრალური ტელეკომპანიების ადგილობრივი ბიუროს წარმომადგენლები, ითხოვენ კადრებს და მეუბნებიან თუ არ მოგვცემ, იტერნეტიდან ავიღებთო, მე ჩავვარდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგანაც არ ვიცოდი, რაზე საუბრობდნენ, მე ვიყავი არაინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდებოდა“.

მიმართვის ეს ფორმა არ იყო იმაზე აღმატებულ ხარისხში, ვიდრე საერთო ჟურნალისტური და ასევე მედიაორგანიზაციის ინტერესები. რაც შეეხება იმას, მუშაობდა თუ არა მანანა ჩვენთან ოფიციალურად, გეტყვით, რომ ჟურნალისტსა და ტელეკომპანიას შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. სამწუხაროდ, არ იყო წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებული. მე ვფიქრობ, ეს იყო ჩემთვისაც კარგი გაკვეთილი, მერე რა, რომ კანონმდებლობა მაძლევს ამის საშუალებას, წერილობითი ან სიტყვიერი ხელშეკრულება გავაფორმო ჟურნალისტთან. თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიამ იზარალა, რადგანაც არ დაიცვა და ვერ დაიცვა, რაც უნდა დაეცვა.

რაც შეეხება მასალის გავრცელებას, ეს მასალა მართლა იყო ტელეკომპანიის საკუთრება და მის გარეშე არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტის საშუალებით, თუმცაღა გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო.

კიდევ ერთი - ცენტრალური ტელეკომპანიებისთვის მასალის გადაცემის საკითხი. ერთი შემიძლია ვთქვა: ვინც როგორი ფორმით მოვიდა, ისე წაიღო ინფორმაციები.

***

23 მარტს კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწერალ ზაზა ბურჭულაძის მიერ 18 მარტს, ქუთაისის ოპერის თეატრში ქართულ-გერმანულ ანთოლოგიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა მწერალს და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს მოუწოდა, გამოფხიზლებულიყვნენ.

გუშინ მოვკარი თვალი ქუთაისის ოპერის ახალ შენობაში ჩატარებულ ღონისძიებას. მართალი გითხრათ, მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი გამონათქვამებით, რომლებიც იქ ჩვენი ლიტერატურული წრის წარმომადგენლებმა დაუშვეს. ზოგიერთი, პრაქტიკულად, ისე არის დაკავებული საკუთარი თავი ტკბობით, რომ ვერ შეამჩნია ის ცვლილებები, რომლებიც მოხდა ქვეყანაში, ზოგიერთი ჩარჩა წარსულში და ვერ შეამჩნია, როგორ შეიცვალა ქუთაისი, საქართველოც. არავინ მისცემს მათ საშუალებას, ზევიდან ქვევით უყუროს, აბუჩად აიგდოს, დაამციროს და რომელიღაც ძველი ეპოსის სტერეოტიპებით ელაპარაკოს. გასულიყვნენ გარეთ და გაეხედ-გამოეხედათ, ქუთაისის ახალი ცენტრისთვის თვალი შეევლოთ და, რაც მთავარია, კარგად ჩაეხედათ თვალებში ქუთაისლებისათვის და მიმხვდარიყვნენ, რომ ასეთი ტონით საუბარი მათთან და საერთოდ, არავისთან არ შეიძლება. დროა ეს ხალხი გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რომ ეს დრო დამთავრდა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პენ-ცენტრმა სპეციალური განცხადება მიუძღვნა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული:

21-ე საუკუნეში საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა მიუთითებდეს ამა თუ იმ მწერალს, რომელი მშენებარე თუ დასრულებული შენობ-ნაგებობების დანახვა და დაფასებაა აუცილებელი.
ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის გამონათქვამებს გაცილებით დიდი გავლენა აქვს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვშიშობთ, რომ მსგავსმა  განცხადებებმა,  შესაძლოა, ზიანი  მიაყენოს, როგორც მწერალ ზაზა ბურჭულაძეს, ასევე მის სხვა კოლეგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში პრეზიდენტი პოლიტიკური ტრიბუნიდან აღარ შეაფასებს, დაახასიათებს და დაახარისხებს მწერლებს, ასევე არ მიაყენებს მათ შეურაცხყოფას ნაციონალური მაუწყებლობებიდან“.

 

***

და ბოლოს, თვით იმ კაცის შეფასება, „ბოზებმა დატოვეს დარბაზიო“, 18 მარტს რომ განაცხადა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზაზა ბურჭულაძემ განმარტა, რომ ქუთაისში მხოლოდ იხუმრა და იმედი ჰქონდა, საზოგადოება ამას ხუმრობითვე აღიქვამდა.

ზაზა ბურჭულაძე: „პრეზიდენტის განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო. ვერც ვხვდები, რა უნდა ვთქვა, იმდენად ჩვეულებრივი იყო - ადამიანი ჩაის როგორ სვამს და ხელებს როგორ იბანს, ამაზე ხომ არ საუბრობენ, არა?! დაახლოებით ასეთი საყველპურო სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე შეხვდებოდნენ იმიტომ, რომ ქუთაისი თავისი იუმორით განთქმულია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ადეკვატური რეაქცია იქნებოდა, იყო კიდევაც ადეკვატური რეაქცია - ნაწილმა, რომელმაც დარბაზი დატოვა, იმათაც თავისებურად გამოხატეს იუმორი“.

ეტყობა, „ხსნადი კაფკას“ ავტორმა პრეზიდენტის მძაფრი განცხადების შემდეგ, მალევე განიცადა „მეტამორფოზა“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია