დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინაპართა გმირობა მათ სამაჩაბლოში გაიმეორეს
2011/02/14 12:23:43

აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილემ, ამ 17 წლის მანძილზე, ასე თუ ისე, მოვახერხე, საზოგადოებისათვის მიმეწოდებინა ობიექტური და რეალური ცნობები აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე პროცესების შესახებ...

სამაჩაბლოში 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის მონაწილეობა პირადად ვერ მოვასწარი... თავდაცვიდან შეტევაზე გადასული ქართული ჯარის არნახულ მხედრულ მამაცობას და წინსვლას, მთელი მსოფლიოს ჩარევით, ზღვარი დაუდეს და შეაჩერეს, ხოლო დამპყრობელ ხალხთან სამდღიანი იძულებითი ბრძოლები დიდი მსხვერპლით დამთავრდა... თანამედროვე ქართველთა ისტორიაში კი დარჩა ქართული მიწისათვის თავგამეტებული ჯარისკაცების დიდი ისტორია: „ქართველი ჯარისკაცები სამაჩაბლოში სრულად ფლობდნენ ბრძოლის ველს“ - ასე აფასებდნენ მაშინდელ საბრძოლო ოპერაციებს „იზვესტიას“, „ნოვაია გაზეტას“, „ვრემიას“, „ტრუდის“ რუსი ჟურნალისტებიც კი.

რუსული ჯარის მოქმედებებს სამაჩაბლოში 58-ე არმიის (გენერალ ლებედის ყოფილი არმია) მეთაური, ყველაზე გამოცდილი რუსი სარდალი ანატოლი ხრულოვი ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, უცხოელებს უფრო მეტად უკვირდათ ქართველი კომანდორების წარმატება. თავად რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა აღიარა: „საქართველოს შეიარაღებული ძალები - ეს არის თანამედროვე, კარგად მობილიზებული დაჯგუფება, რომელიც თანამედროვე იარაღითაა აღჭურვილი...“

რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია, ვეფხია ჯიშკარიანი, მამუკა სამაკაშვილი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაიღუპნენ - აფხაზეთის ბრძოლის ველზე გამოზრდილებმა, სამაჩაბლოში ზუსტად გაიმეორეს წინაპართა ჩადენილი გმირობები.

2008 წლის 8 აგვისტოს, სახმელეთო ჯარების 3-4 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის მებრძოლი რომან უგრეხელიძე, საბოლოო დავალების შესასრულებლად, თავის ბატალიონთან ერთად, სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მოწინააღმდეგე მხრიდან მძიმე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა რომანის ტანკს. ცეცხლის პირველივე ტალღა მას შეეჯახა, ცეცხლი გაუჩნდა ტანკის შიდა სალონს, რის შედეგადაც რომანმა ვერ შეძლო ტანკიდან ამოსვლა და იგი ტანკთან ერთად სალონში ჩაიწვა. მისი მისამართით მიმდინარეობდა ინტენსიური სროლები, ამიტომ თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს რომან უგრეხელიძის დამწვარი გვამის ამოღება. „ტანკს მთლიანად ეკიდა ცეცხლი და მასთან მიახლოება შეუძლებელი იყო...“ - ამ წინადადებით მთავრდება ჩვენი ჯარისკაცების სახელზე სამხედრო ნაწილში გაცემული საბრძოლო მოკვლევა...

ასევე, საბრძოლო დავალების შესასრულებლად იქნა მივლინებული ცხინვალის რეგიონში 2008 წ. 9 აგვისტოს სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის, 22-ე მსუბუქი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური მამია ფანცულაია. სოფელ ხეთაგუროვში ბრძოლის ველზე დაიჭრა ვიტალი კუჭუხიძე, რომლის გამოსაყვანადაც პოზიციებზე შევიდნენ სამხედრო მოსამსახურეები მამია ფანცულაია და ლევან თეფანია. მტრის ტყვია მამიას მოხვდა თავში და მკერდში, რის შედეგადაც იგი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო, თეფანია კისრის არეში დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე, გზაზე გარდაიცვალა.

2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში, ვეფხია ჯიშკარიანი მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. მეთაურის ბრძანების საფუძველზე, ვეფხია თანამებრძოლებთან ერთად, საბრძოლო პოზიციების შეცვლის მიზნით, იმავე სოფელში გადაადგილდებოდა შეიარაღებული მხარის მიერ საარტილერიო ჭურვებით განხორციელებული დაბომბვის შედეგად ალმოდებული ავტომანქანიდან ვერ შეძლო გადმოსვლა და მისი სხეული ჩაიწვა იმავე ავტომანქანაში.

მამუკა სამაკაშვილი სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის მეკავშირე იყო. 2008 წლის 9 აგვისტოს მამუკა თავის თანამებრძოლებთან - დიმიტრი ჯაილოვთან და ედნარ დიასამიძესთან ერთად გადაადგილდებოდა სპეციალური სამხედრო ავტომანქანით, ისინი ამოწმებდნენ საგუშაგოებს, რა დროსაც ნახეს რუსეთის საჯარისო დანაყოფების მიერ საავიაციო დაბომბვის შედეგად დაჭრილი მოსამსახურეები. დახმარების აღმოჩენის მიზნით, მათ დაჭრილი მებრძოლები გადაჰყავდათ სენაკის საავადმყოფოში. განმეორებითი საავიაციო დაბომბვის შედეგად, სენაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მძიმედ დაიჭრა და ადგილზევე დაიღუპა მამუკა სამაკაშვილი თავის ორ თანამებრძოლთან ერთად.

რომან უგრეხელიძეს ობლად დარჩა ქალ-ვაჟი ნათელა და თორნიკე, მეუღლე ნანი ცქვიტიშვილი კი დღენიადაგ ცრემლით ათენებს და აღამებს... ამ ოჯახისაგან მტერმა ყველაზე ძვირფასი და ღირსეული რამ მოითხოვა... სოხუმის სიყვარულითა და მონატრებით, რომანი სამაჩაბლოში დაუთმობელ და შეულეველ მიწას საკუთარი ტანკით იცავდა და... იგი იმავე ტანკთან ერთად ქართულ მიწაში ჩაიფერფლა...

მამია ფანცულაიას კი ახალშექმნილი ოჯახი დაატოვებინა სამშობლოს დაცვის მოვალეობის გრძნობამ. დაბადებიდან მამით ობლობა ერგო წილად ანა ფანცულაიას, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, მის ვაჟკაც მამას მტრის ტყვია მკერდში მოხვდა. ძალიან ახალგაზრდა მაია ცინაძე უმამოდ დაბადებული შვილის დედობას ტკივილსა და წუხილში ატარებს. სამშობლოს დაცვის მოვალეობის გრძნობამ არ გაუშვა ვეფხია ჯიშკარიანი. კრიტიკულ ვითარებაში მას საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე არ უფიქრია. ბოლომდე ჩაიფერფლა საქართველოს სამსახურში. ახლა, მისი მეუღლე ირმა ტაბატაძე მეუღლის სამხედრო ნაწილში, დაღუპული ვეფხიას ნაკვალევზე აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას, ხოლო, მისი ვაჟები - ლაშა და გიორგი მეფისებური სიდინჯით მიუყვებიან მომავალი ცხოვრების გზას. განსაკუთრებულია მათთვის ქართული მიწა, სადაც ჩაიწვა და ჩაიფერფლა მათი მეომარი მამის სხეული.

მამუკა სამაკაშვილი კი ძალიან ახალგაზრდა, ჯერაც უცოლშვილო, დაუოჯახებელი შეხვდა თავის ტრაგიკულ ბედს. ჩემი შვილი წინასწარ გრძნობდაო მოახლოებულ უბედურებას, - ასე ჰყვება ერთადერთი ვაჟის შესახებ თვალზე ცრემლშეუმშრალი, ასევე, ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ქალბატონი მზია სამაკაშვილი... „ყოველდღე ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი ჩემი მამუკას სიცოცხლეს“...

რა დიდებული და საამაყოა, ერს ჰყავდეს ასეთი გმირები, ოკუპანტების წინაშე ქედუხრელნი და უშიშარნი! მაგრამ რა ძნელია, შეეგუო მათი სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულს! მათ ბრძოლის ველზე წინაპართა გმირობები გაიმეორეს, ამიტომ იძახდა განრისხებით რუსი ოფიცერი: „ცოტაც და... ქართველები ბრძოლით მოსკოვში ჩამოვიდოდნენ“... მოსკოვში ქართველები სამტროდ არასოდეს ჩასულან, ბრძოლა მხოლოდ ოკუპანტებმა დაგვაჭირვეს, ვაჟკაცებმა კი მთავარსარდლობის ბოლო განკარგულებამდე იბრძოლეს...

 

ციალა კოპალიანი,

ჟურნალისტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია