დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის პერიოდს 2015 წლამდე აცხადებს!
2011/02/14 12:03:54

11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრადიციული მოხსენებით მეშვიდედ წარსდგა პარლამენტის წინაშე. მან სოფლის მეურნეობაზე, განათლების სიტემაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა. უმრავლესობამ პრეზიდენტს სიტყვა ტაშითა და ფეხზე წამოდგომით 33-ჯერ შეაწყვეტინა.

ჩვენ კომენტარისა და სარედაქციო შეფასებების გარეშე გთავაზობთ ნაწყვეტებს პრეზიდენტის გამოსვლიდან და პარლამენტართა კომენტარებს.

მიხელ სააკაშვილის განცხადებით,  მისთვის აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების განცდა ფასების მატებასთან დაკავშირებით. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ინფლაცია და ფასების ზრდა მტკივნეულად აისახება მის ეკონომიკაზე.  მაგრამ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მოსახლეობა დაიცვას ინფლაციისგან. „ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, მარტიდან ჩვენ დავარიგებთ 30-ლარიან ვაუჩერებს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მცირე შეღავათი. ამასთან, ეს იძლევა საშუალებას, არამარტო სახელმწიფო დაეხმაროს საზოგადოებას, არამედ საზოგადოების წევრებიც დაეხმარონ ერთმანეთს.“ პრეზიდენტის განცხადებით, გაძვირებულ ფასებთან ბრძოლის საუკეთესო გზა ეკონომიკაში ფულის ჩადებაა. მან უკმაყოფილება გამოთქვა სოფლის მეურნეობაში მიმდინარე მოვლენებით და მისი განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. „ჩვენ ვიწყებთ მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმოსავლიანი ჯიშების დანერგვას საქართველოში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 150 მილიონი ლარი გამოიყოფა. პრეზიდენტის განცხადებით, 2013 წლისათვის საქართველო ხორბლის წარმოების რაოდენობას 35%-მდე გაზრდის. „2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება იქნება მინიმუმ გაორმაგებული“.

სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. „უმუშევრობა არის ის, რაც კლავს სიცოცხლის ხალისს და ხვალინდელი დღის იმედს უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის. არაფერი ჩაითვლება წარმატებულად საქართველოში, სანამ ჩვენ წელში არ გავტეხთ ამ საშინელებას - უმუშევრობას. ამიტომ ვაგრძელებთ ინვესტიციებს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი უმუშევრობასთნ ბრძოლის გზად ტურიზმისა და ენერგეტიკული სფეროს განვითარებას მიიჩნევს. მისი ინფორმაციით, 2015 წლისთვის 17 ახალი ჰესი იქნება სააქართველოში აშენებული, ხოლო 13 ჰესი უკვე მშენებარე მდგომარეობაშია. მან აგრეთვე დააანონსა ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გახსნაც,

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობისთვის მთვარობის წევრების ხელმიუწვდომლობაზეც ისაუბრა. „ყოველ კვირას გექნებათ მთავრობასთან პინკ-პონკის თამაშის საშუალება, იმისთვის, რომ მთავრობა მუდამ ფორმაში და მუდამ საპარლამენტო კონტროლის ქვეშ იყოს. პარლამენტი კი, თავის მხრივ, ხალხის კონტროლის ქვეშ. დემოკრატიული წარმატება იყო არა მარტო შედეგი ახალი კონსტიტუციის სახით, არამედ ის პროცესი, რომლის საშუალებითაც ამ შედეგამდე მივედით", - განაცხადა სააკაშვილმა. უბრალო მოქალაქეებიც  უნდა გრძნობდნენ, რომ მათი ტკივილი კარგად ესმით მთავრობაში. პრეზიდენტმა ეკონომიკის სფეროსა და ბიზნესის თავისუფლებაზეც ისაუბრა: „ეკონომიკა უნდა იყოს ყოველგვარი მონოპოლიების, გარეშე. ალბათ, გსმენიათ, ვინ მიგაკარებს ამ სფეროს, ყველაფერი დანაწილებულია. ის ამას აზის, ეს ამას აზის!.. ვერავინ საქართველოში ვერაფერს დააჯდება, ამას ვამბობ ძალიან მკაცრად და ეს არის ჩვენი პრინციპი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   

პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასა და ნაფიცი მსაჯულების შემოღებას ისტორიული პროგრესი უწოდა. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია, თუ როგორი  მტკივნეულია დევნილებისთვის  საცხოვრებელი ადგილების უკვე მეორეჯერ შეცვლა. ახალ კერძო სახლებში გადასვლით მათ უკეთესი პირობები შეექმნებათ. მათი გადასახლება ფოთში, წყალტუბოში განპირობებულია იმით, რომ ეს ადგილები უნდა განვითარდეს. სწორედ ისინი იქნებიან ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შემქმნელები.

სააკაშვილმა ასევე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  „ჩვენ საქართველოს დანაწევრებას ვერ შევეგუებით“. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისა.

გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა მოდერნიზაციაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, საქართველო უნდა გამოვიდეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რიგიდან და უნდა გახდეს ახალი ევროპული ქვეყანა. ამას ამერიკისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მხარდაჭერაც ადასტურებს. მოდერნიზაციისას მნიშვნელოვანია არამარტო ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ თითოეული ქართველის მიერ საბჭოური კომპლექსის მოხსნა. „ისინი უნდა გახდნენ  თანამედროვე, განათლებული, კონკურენტული, მსოფლიო მოქალაქეები და საქართველოს პატრიოტები. მნიშვნელოვანია, არ გააჩნდეთ არასრულფასოვნების კომპლექსი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ოპოზიცია უკმაყოფილო ჩანდა. მათ ასეთი კომენტარები გააკეთეს:

გიორგი თარგამაძე: „მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტია, ქვეყანაში უფრო გამყარდა მონოპოლიები, თუკი მას სურს, მონოპოლიებს ებრძოლოს, ორი წელია, რაც ჩვენი კანონი დევს პარლამენტში და ველით მის მხარდაჭერას. არ შეიძლება, დადებითად არ გამოვეხმაურო ინიციატივას 150 მილიონის სოფლის მეურნეობაში ინვესტირების შესახებ, მაგრამ ურემი უკვე გადაბრუნდა. თუმცა კარგია, რომ ამ გადაბრუნების შემდეგ მაინც დავინახავთ  კარგ გზას. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა და ბიზნესი უნდა იყოს ერთი გუნდი, ეს მისმა ჩინოვნიკებმა პირიქით გაიგეს, რომ ნაციონალური მოძრაობის გუნდის წვერი უნდა იყოს ყველა ბიზნესში. ჩვენ ასეთი ხელისუფლება არ გვინდა. მუბარაქიზაცია საქართველოშიც გარდაუვალია...“

გურამ ჩახვაძე: „ედპ-სთვის მიუღებელია ლოზუნგი „რაც უფრო ცუდადაა საქმე, მით უკეთესია“. ამიტომ ვართ ეროვნულ-დემოკრატები პრინციპულად წინააღმდეგი როგორც პოლიტიკური რადიკალიზმის, ისე პოპულიზმის. ამიტომ მოგიწოდებთ ეროვნულ-დემოკრატები, შეცვალეთ კურსი იმ სფეროებში, სადაც ჩავარდნაა, რადგან ჩვენი შანსი სამშვიდობოზე გასვლის – პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად წარმატებული საქართველოა.“

გიორგი ცაგარეიშვილი: „თქვენ არასდროს საუბრობთ, რომ ყოველი მეორასე ჩვენი თანამოქალაქე პატიმარია; პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა; საკუთრების უფლების დაცვით საქართველო 116 ადგილზეა, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი – 104-ზე. თქვენს ერთ-ერთ მთავარ  „მიღწევად“ ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, შიმშილის ზღვარზე იმყოფება. სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის, მიზანმიმართულმა გაჩანაგებამ გამოიწვია, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა ყიდულობს, უფრო სწორად, ვეღარც ყიდულობს ჩინურ ნიორს 9 ლარად, თურქულ პომიდორს – 5 ლარად, სომხურ სტაფილოს – 2 ლარად, ხოლო პური, რომელიც მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტია, დღითიდღე ძვირდება.“

ჯონდი ბაღათურია:  „პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა ვირტუალურ წარმატებებზე და კეთილდღეობაზე, რომელსაც მარტო თავად და მისი მთავრობა განიცდის. პრეზიდენტი ვერ ხედავს ხალხის მდგომარეობას იმიტომ, რომ მას არ ესმის ხალხის ხმა, ამიტომ დღეს „ქართული დასისგან“  მოისმინა ეს სათქმელი, რაც საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო მისთვის.“

 

ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტის გამოსვლით ერთსულოვნად კმაყოფილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები.

პავლე კუბლაშვილი: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ არგუმენტირებული კრიტიკა. წლევანდელი გამოსვლა იყო მრავალმხრივი. პრეზიდენტმა  ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, სამომავლო გეგმებზე,  როგორ უნდა მივიღოთ გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკა. განვითარებული ქვეყნის შექმნა - ეს არის ჩვენი მიზანი და, თუ ჩვენს ოპონენტებს ეყოფათ იმის ნებისყოფა, რომ მოუსმინონ ყურადღებით ამ ამბავს, მაშინ კითხვები გაცილებით ნაკლები იქნება.“

გიორგი გაბაშვილი: „პრეზიდენტმა ზუსტად ისაუბრა იმ გზებზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ყველა რთული მდგომარეობიდან, ეს არის ის გზავნილი, რომელიც მისგან მოდიოდა და რომელიც მიგვიყვანს წარმატებისკენ.  ბუნებრივია, ოპოზიცია იქნება რადიკალურად განწყობილი. თუმცა მზად ვართ დებატებისთვის.“

პრეზიდენტის გამოსვლას ერთი საათი დაეთმო, რის შემდეგაც  გაიმართა   დებატები უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.  პარლამენტის ყველა წევრს თანაბარი დრო ჰქონდა დათმობილი სიტყვით გამოსვლისათვის. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ძირითადად ყურადღებას ქვეყნის შიდა პროცესებზე ამახვილებდნენ. მათი გამოსვლის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა დევნილების გამოსახლება, კომუნალური გადასახადების გაზრდა და პროდუქტებზე ფასების ზრდა.

მარიამ მებურიშვილი

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია