დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეიძლება თუ არა, მამა შვილზე უმცროსი გახდეს?
2011/02/07 14:06:27

დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა, მექანიკოსმა, ფიზიკოსმა, ასტრონომმა და ფიზიოლოგმა რენე დეკარტმა მსოფლიოში პირველად გამოთქვა აზრი მოვლენათა ფარდობითობის შესახებ. მან მიუთითა, რომ მოძრაობა არაფრით განსხვავდება უძრაობისაგან, თუ არ იქნება მითითებული ის ათვლის წერტილი, ანუ ის ადგილი, საიდანაც დაკვირვება ხდება. იგი ასევე შეეცდება ინერციის კანონის ჩამოყალიბებას.

დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ დეკარტეს მოსაზრებები ბრწყინვალედ დაადასტურა დიდმა გერმანელმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა. მან საბოლოოდ დაადგინა, რომ სინათლის სხივის სიჩქარე ზღვრული სიჩქარეა, ე.ი. არცერთ სხვა სიჩქარეს არ შეუძლია, დაეწიოს ან გაუსწროს სინათლის სხივის სიჩქარეს, ხოლო დრო, სივრცე და მოძრაობა ფარდობითი ცნებებია. თურმე დრო ყველგან გააჩნია. დროის მსვლელობის სიჩქარე თურმე დამოკიდებული ყოფილა მოძრაობის სიჩქარეზე, ანუ რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ნებისმიერი სხეული, მისთვის მით უფრო ნელა გადის დრო.

აქედან გამომდინარე, თუ კოსმოსურ ხომალდს ექნება სინათლის სხივთან ძალზე მიახლოებული სიჩქარე, ამ ხომალდში მყოფ კოსმონავტს არასოდეს ელის სიბერე, რადგან ასე სწრაფად მოძრავ ხომალდში შენელებულად იწყებს მიმდინარეობას დრო და ყველა ფიზიკური პროცესი თვით სიცოცხლის ჩათვლით. მკითხველს შევახსენებთ, რომ სინათლის სხივი წამში სამასი ათას კილომეტრს ფარავს, ანუ დედამიწას 1 წამში 7,5-ჯერ შემოუვლის. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: 20 წლის ორი ტყუპიდან (A და B) მეორე ანუ B, კოსმოსური ხომალდით გაემგზავრა მენახირის თანავარსკვლავედში ვარსკვლავ არქტურისაკენ, V=0,99c სიჩქარით. ეს სიჩქარე სინათლის სხივის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარეა, ხოლო მანძილი ვარსკვლავ არქტურამდე 40 სინათლის წელია, ანუ სინათლის სხივს ამ ვარსკვლავამდე მისაღწევად 40 წელი დასჭირდება. A-ს აზრით, როცა მეორე ტყუპი B დედამიწაზე დაბრუნდება, იგი იქნება 100 წლის, რადგან 20 წლის იყო, როცა გაემგზავრა, 40 წელი იქით მგზავრობას მოანდომა, 40 კი-აქეთ. B-ს თვალთახედვით, ყველაფერი სხვანაირადაა. კოლოსალური სიჩქარით მქროლავ ხომალდში მისთვის დრო შენელებულად გავიდოდა და მისი მგზავრობის დრო იქნებოდა არა 80, არამედ 11 წელიწადი. ამდენად, დედამიწაზე დარჩენილ ტყუპ ძმასთან შედარებით იგი 69 წლით უმცროსი აღმოჩნდებოდა. თეორიულად ხომალდს შეიძლება მივანიჭოთ ისეთი სიჩქარე, რომ მასში ათი წლის გასვლის შემთხვევაში გაუსწროს დროს, მამა გახდეს შვილზე უმცროსი, ასე თითქმის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაც შეიძლება, მაგრამ რიგიანად განხილვისას ეს პერსპექტივა მაინც „საპნის ბუშტს“ ჰგავს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანი ვერ ეგუება ხანგრძლივი აჩქარებით გადატვირთვას, ხომალდს კი ასეთი სიჩქარით გასაქანებლად დიდი დრო დასჭირდება.

კიდევ უფრო ცუდადაა საქმე ენერგიის ხარჯვის თვალსაზრისით. არ არსებობს ისეთი საწვავი, რომელიც ამ სიჩქარით გააქანებს ხომალდს.

დიდი სიჩქარით მოძრავი საგნის მასა წარმოუდგენლად იზრდება, ხოლო სინათლის სიჩქარისას უსასრულოდ დიდი ხდება. ასევე ყოველი საგანი, რომელიც ასე დიდი სიჩქარით მოძრაობს, მოძრაობის მიმართულებით მოკლდება, ხოლო სინათლის სხივის სიჩქარისას საგნის სიგრძე მთლიანად ისპობა და უტოლდება ნულს.

სამწუხაროდ, ყოველივე ეს ძნელი წარმოსადგენი და ძნელი გასაგებია, რადგან ჩვენ არ გვინახავს და არ გვქონია კავშირი ზემაღალი სიჩქარით მოძრავ სხეულებთან. ექსპერიმენტატორი ფიზიკოსები თანამედროვე ზემძლავრ დამჩქარებლებში აკვირდებიან მოლეკულების მოძრაობას, რომელთა სიჩქარე მხოლოდ 20 კილომეტრით თუ ჩამორჩება სინათლის სიჩქარეს. ექსპერიმენტის გარეშე კი დროის და სივრცის ანალიზის გაგება შესაძლებელია მხოლოდ ნიდერლანდელი ფიზიკოსის ჰენდრიკ ანტონ ლორენცის ფორმულების საშუალებით.

 

ლანდაუს, რუმერის და ანდრია რაზმაძის წიგნების მიხედვით

მოამზადა ალეკო ნემსაძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია