დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
2012: მითი თუ რეალობა?
2011/02/07 14:05:02

„შეინანე, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა!“ - გვაფრთხილებს სახარება და მეორედ მოსვლისათვის გვამზადებს.

მოხდება თუ არა, სინამდვილეში, მეორედ მოსვლა? - ეს კითხვა კაცობრიობას უხსოვარი დროიდან აწუხებს. მორწმუნეებს ამის სწამთ და ემზადებიან კიდეც მარხვითა და ლოცვით, ნაკლებმორწმუნენი და ათეისტები კი არც ამას და არც მსგავს მოსაზრებებს არ აღიარებენ.

არიან პიროვნებები, რომლებიც ყოველგვარ მოვლენასა თუ ფაქტს ფულის კეთების საშუალებად აქცევენ და არც ეკლესიის მოსაზრებებს დაგიდევენ: წერენ წიგნებს, იღებენ კლიპებს, ფილმებს, რაც ხშირად დავის საგანი ხდება.

ერთ-ერთი ბოლო ფილმია „2012“, რომელიც 2009 წელს გადაიღო რეჟისორმა როლანდ ემერიხისმა. ფილმი მოგვითხრობს მაიას ტომის კალენდრის მიხედვით 2012 წლის 21 დეკემბრისათვის ნაწინასწარმეტყველები კატასტროფის შესახებ. 2012 წელს მზის სისტემის პლანეტები ერთ მწკრივში მოექცევიან, რაც გამოიწვევს გლობალურ კატაკლიზმებს: მძლავრ მიწისძვრებს, ცუნამებს, ვულკანების ამოფრქვევას, რაც ქვეყნებსა და კონტინენტებს ნანგრევებად აქცევს.

ფილმზე მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. კრიტიკოსთა ნაწილი არ დაეთანხმა იმას, რომ ფილმში ასახული მოვლენები შესაძლო მომავალია. მიუხედავად ყველაფრისა, ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა და მის შემქმნელებს 2009 წლის ნოემბერში უკვე მოუტანა, დაახლოებით, 235 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი

რას ფიქრობენ ფილმის და, საერთოდ, მეორედ მოსვლის შესახებ რიგითი ქართველები?

მარი ჩინჩალაძე: „ჩემი აზრით, არ უნდა იღებდნენ მსგავს ფილმებს, რადგან გარშემო ხალხი ისედაც დაძაბულია, მატერიალურად თუ სოციალური პრობლემების გამო და მათი ფსიქოლოგიურად დათრგუნვაც საჭირო აღარ არის. არავინ იცის, რა მოხდება სინამდვილეში, მაგრამ ისედაც შეშინებული მოსახლეობის უარესად პანიკაში ჩაგდება მიუღებელია“.

ხათუნა. 27 წლის: „ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ მაიას ტომების კალენდრის მიხედვით ეს თარიღი დაადგინეს მეორედ მოსვლის დღედ! ხალხი მიეჩვია რაღაცის მოლოდინში ყოფნას და ვერ ხვდება, რომ ერთადერთი გამოსავალი ღმერთთან სიახლოვეშია და არა - მსგავსი ფილმების შინაარსის დაჯერებაში. ამ ფილმს თუ დავუჯერებთ, ღმერთს მხოლოდ მდიდარი და „ცუდი“ ადამიანების გადარჩენა სურს, რადგან, სცენარის მიხედვით, ე.წ. ხომალდებზე მოსახვედრი ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირს!“

 

გაგა, 22 წლის: „როდესაც ეს ფილმი ვნახე, ბევრ რამეზე დავფიქრდი, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. შეიძლება, მართლაც მოახლოებულია მეორედ მოსვლა, ჩვენ კი თავის გადასარჩენად არაფერს ვცდილობთ - ლოცვას ვგულისხმობ. რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ აპოკალიფსი მართლაც მოხდება, რადგან გარშემო იმდენი ცოდვები ტრიალებს, ადამიანებს მოგვიწევს ამაზე პასუხისგება“.

პაპუნა, 40 წლის: „ფილმი არ მინახავს, თუმცა მის შესახებ რაღაცეები მსმენია. შეიძლება, მოვლენები ზუსტად ისე არ განვითარდეს, როგორც ამ ფილმში, მაგრამ მეორედ მოსვლაზე საუბარი ბიბლიაშიც ხომ არის. აქედან გამომდინარე, ეს თითქმის ახლოსაა რეალობასთან. გამოგიტყდებით, აქამდე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ კაცობრიობა პასუხს ვაგებთ საკუთარ ცოდვებზე. შეიძლება ცოტა არარეალურია, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველო გადარჩება“.

- რას ფიქრობს ფილმის რეალურობის და მეორედმოსვლის შესახებ ეკლესია? ამ თემაზე სასაუბროდ სოფელ ზარათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოანეს (მიხელიძე) მივმართეთ.

მამა იოანე: „იყო ქრისტეს ერთხელ მოსვლა, ადამიანის საცხოვნებელი გზის სასწავლებლად“, და სინანულში ცხოვრებით უნდა შევხვდეთ მის მეორედ მოსვლას. როდესაც უფალი ადამიანს განიკითხავს, ანუ განსჯის, „შეინანე,  რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“, რადგან უსინანულოდ განწმენდა არ იქნება, განუწმედელად კი უფალთან მოხვედრა არ იქნება. სახარებაში წერია: „იქნება აღდგომა მართალთათვის სასუფეველში და ცოდვილთათვის სატანჯველში, ჯოჯოხეთში“. მართალი და უცოდველი არცერთი ადამიანი არ ვართ, გარდა იმისა, ვინც შევინანებთ. ამ შემთხვევაში გაგვამართლებს ღმერთი მეორედ მოსვლის ჟამს. მეორედ მოსვლა აუცილებელია, იმიტომ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მარადიულობისათვის, ღმერთმა მიანიჭა წუთისოფელი ცოდვის გამო, და რომ დაუბრუნოს მარადიულობა, აი, ამ სინანულის შემდეგ, ამ განკითხვის შემდეგ ხდება საბოლოო გაყოფა: ადამიანების ნაწილისა - ნეტარებაში, უფალთან, ნაწილისა - ჯოჯოხეთში, მარადიულ სატანჯველში. ამის ჟამი მოახლოებულია! როდესაც ნოეს დროს წყლით დაიფარა ქვეყანა, ბიბლია ასე გვამცნობს, რომ „კაცობრიობა გაირყვნა, მხოლოდ ნოე იყო ღვთის წინაშე მართალი“. დღევანდელ დღესაც, მაპატიოს ღმერთმა, მაპატიოს ყველამ, მაგრამ გარყვნის პირზე ვართ მისული. ეს თვალითაც იგრძნობა. ადამიანი იმდენად ამქვეყნიურ ცხოვრებაზეა გადასული, რომ სულიერ ცხოვრებაზე ნაკლებად ფიქრობს. ამას ჰქვია სულიერი გარყვნა. ეს ზნეობრივადაც ჩანს, თვალითაც და მოქმედებითაც. სახარება გვასწავლის: „შურისძიება ჩემი საქმეაო“. ასე ამბობს ღმერთი. დღეს კი ყველანი გადასული არიან შურისძიებაზე, იმაზე, თუ ერთმანეთს რა მოუგოს, რა და რით არ შეარჩინოს, ამიტომაც მეორედ მოსვლის დროს ძალიან ახლოსაა იმის თქმა, თუ ზუსტად როდის მოხდება, არავის შეუძლია, რადგან ბიბლია გვეუბნება:  „ვინც ეს თქვას, როდის იქნება მეორედ მოსვლა, იგი ეშმაკისგან არისო“.

მართლმადიდებელმა არც მსგავსი ფილმები უნდა ნახოს და არც მათ დაუჯეროს, რადგან რაც მას სჭირდება, ყველაფერი სახარებაში სწერია.

არავის აქვს იმის საფუძველი, თქვას, როდის მოხდება, რადგან მეორედ მოსვლის ჟამი, შეიძლება, შორს იყოს, იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს „გამართლებულის“ შესახვედრად.

დღევანდელ დღეს, მადლობა ღმერთს, რომ საქართველო აღორძინების გზაზეა სულიერად, მაგრამ ეკლესიურად ჯერ კიდევ მხოლოდ ხუთი პროცენტი ცხოვრობს და ამ ხუთმა პრცენტმაც კი არ იცის, რა არის ნამდვილი ქრისტიანობა: „გიყვარდეს მტერი შენი“.

ძველი აღთქმა არის წინასწარმეტყველება, რომ იქნებოდა სახარებისეული მოსვლა, ქრისტეს მოსვლა და ახალი აღთქმა უკვე ყველაფერს ნათელს ჰფენს. უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება, მომთმენნი, სჯულის დამცველნი და მეორედ მოსვლას უნდა შევხვდეთ სიმშვიდით. „მხოლოდ მშვიდთა დაიმკვიდრეს ქვეყანაო“. სიმშვიდე იმას ნიშნავს, რომ ღმერთის მინდობა ვისწავლოთ, ყველაზე დიდი მასწავლებელი არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, მას ყველაზე მეტად უყვარს საქართველო, ყველაზე მეტად ვუყვარვართ ჩვენ. სინოდის წევრებიც კი აღიარებენ, რომ ყველაზე მშვიდი პატრიარქია, რადგან ის ღმერთსაა მინდობილი.

ასეთ ფილმებს პანიკის დასათესად იყენებენ, არიან ცნობისმოყვარენი. რომლებიც ერთობიან ამით, გულს აყოლებენ, რეალურად კი ამ ფილმებს არავითარი საფუძველი ქრისტიანისათვის არ აქვს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ლოცვა და ღმერთის სიყვარული გადაგვარჩენს. ვინც მართალი და განწმენდილი იქნება, მას არც მეორედ მოსვლის და არც განკითხვის არ ეშინია.

გისურვებთ მშვიდობას, უფალს ებარებოდეთ!“

 

ნესტან ჩაგელიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია