დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეკლესიების მშენებელი
2011/01/31 13:07:29

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის მოსალოცად ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის მშენებარე ეკლესიაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონასტრის დასრულებითი სამშენებლო სამუშაოები. ძირითადად დარჩენილია ფრესკების მოხატულობა. წლის ბოლოს - 17 დეკემბერს - ბარბარობის დღესასწაულზე იგეგმება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ჩამობრძანება და მონასტრის კურთხევა.

 

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მშენებლობა 2008 წელს, პატრიარქის კურთხევით დაიწყო. მონასტრის ქტიტორია ბატონი რობერტ ჭუმბაძე, რომლის ქველმოქმედება რაიონში მხოლოდ ტაძრების მშენებლობა-რესტავრირებით არ შემოიფარგლება. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ტაძრამდე მისასვლელი გზის გამყვანი სამუშაოები. მონასტერი სოფლის დასახლებულ პუნქტს კილომეტრნახევრით არის დაშორებული და მდებარეობს ულამაზეს ადგილზე. ბუნების წიაღში, წყაროსთან ახლოს.

წმინდა ბარბარეს ეკლესია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას და მისი ზომებია 20X10, სიმაღლე 12 მეტრი. სამშენებლო მასალად შიგა პირისთვის გამოყენებული იქნა უძველესი ქვა, რომელიც მოიპოვება თვით ეკლესიის ტერიტორიაზე (ცნობილი „ხანდების ქვა“). მონასტრის არქიტექტორია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს წევრი რეზო ჯანაშია. ბატონ რობერტს განზრახული აქვს, ეკლესიასთან ახლოს ააშენოს ბერთა საცხოვრებელი კელიები. მონასტერს ექნება საკუთარი მეურნეობა. მის დაქვემდებარებაშია ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენდება რჩეული ჯიშის ვაზი. მონასტრისთვის შეძენილია ასევე პირუტყვი, შინაური ფრინველების ფერმა და საკალმახე.

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია სწრაფშემწეა და მას უკავშირდება უამრავი სასწაული. გადმოცემის თანახმად, მე-6 საუკუნეში სამმა უკრაინელმა ძმამ კვალითში ჩამოაბრძანეს წმინდა ბარბარეს მარცხენა ხელის მტევანი და იმ ადგილზე დაკრძალეს, სადაც დღეს ეკლესიაა აღმართული. უკრაინელი ძმები სამშობლოში აღარ დაბრუნდნენ, ხუსკივაძის გვარი მიიღეს და სოფელ კვალითში დასახლდნენ.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიის ადგილზე აღმოჩენილია VII ს.-ზე ადრინდელი საყდრის ნანგრევები. ამავე ეპოქის ორნამენტებიანი თიხა და ჭურჭელი, თუმცა თანამედროვე მონასტერი აშენდა დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 ს-ის დასაწყისში - აშენებული ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც 1936-37 წლებში „უღმრთო ხანაში“ დანგრეული იქნა და ქვები კი გატანილი იყო მონასტრის ეზოდან სკოლის ასაშენებლად.

წმინდა ბარბარეს ეკლესიაში შემორჩენილია უძველესი საუკუნეების ზარი. რომელიც კომუნიზმის ხანაში, გადარჩენის მიზნით სოფლის მოსახლეობამ მიწაში დაფლა. წლების შემდეგ კი კვალითის მკვიდრ - ჟორჟიკა ხუსკივაძეს სიზმარში უნახავს, თუ სად და როგორ უნდა მოეძებნა. მართლაც ზარი მიწიდან ამოუთხრია.

სოფელ კვალითშივე მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ბატონმა რობიკო ჭუმბაძემ 1994 წელს აღადგინა. წმინდა გიორგის ეკლესია იყო პირველი მოქმედი ეკლესია ზესტაფონის რაიონში, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ის საწყობად იყო გადაქცეული და თავისი ფუნქცია დაკარგული ჰქონდა. ეკლესია მოხატულია სახარებიდან.

2004 წელს ბატონმა რობერტმა სოფელ კვალითში აღადგინა წმინდა თამარის სახელობის ეკლესია, რომელიც დედის - თამარ ხუსკივაძის ხსოვნას მიუძღვნა.

ბატონი რობიკო ეკლესიების მშენებლობა-რესტავრირებას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ეწევა. უდიდესი მადლისა და ქველმოქმედების გამო 1992 წელს უკრაინის რამდენიმე მიტროპოლიტმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელშიც დიდი პატივისცემაა გამოხატული იმ ერის მიმართ, რომლის წარმომადგენელიც ბატონი რობერტ ჭუმბაძეა. ჩვენს თანამემამულეს დიდი თანხა ჩაურიცხავს უკრაინული ეკლესიების რესტავრირებისათვის. ბატონ რობერტს პირველს გაუხსნია უკრაინაში უფასო სასადილო.

1993 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თხოვნის საფუძველზე, ბატონი რობერტი საპატრიარქოს მრეწველობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში არსებული ანარქიისა და დაძაბული სიტუაციის გამო, ის ისევე საზღვარგარეთ გაემგზავრა და უკვე იქიდან ეხმარებოდა საკუთარ თანამემამულეებს.

1997 წლიდან ბატონი რობერტი მოსკოვში მოღვაწეობს. 2001 წელს მოსკოვში, კუზმინკის რაიონში ააშენა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია. ეკლესიის მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრულია სამადლობელი სიტყვები რობერტ დავითის-ძე ჭუმბაძის მიმართ.

ბატონი რობერტი ეკლესიების მშენებლობის პარალელურად ეხმარება ხელმოკლე მოსახლეობას. წლების განმავლობაში აფინანსებდა „კათარზისს“, დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონერებს, ინვალიდებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს სწავლის გაგრძელების საშუალებას. მის სახელზეა ასობით გაკეთებული ოპერაცია.

ტარიელ ხუსკივაძე (სოფელ კვალითის მკვიდრი): „ჩვენს სოფელში, ალბათ, ძნელად თუ მოიპოვება ადამიანი, რომლისთვისაც ბატონ რობერტს დახმარების ხელი არ გაეწვდინოს. ხშირად ის თავად გამოთქვამს დახმარების სურვილს და აძლევს ჩვენს თანასოფლელებს მცირე ბიზნესის წარმოების საშუალებას. უდიდესია მისი ამაგი ჩვენი სოფლისათვის. 90-იან წლებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში იყო, ბატონმა რობერტმა უკრაინიდან გამოაგზავნა ჰუმანიტარული დახმარების სახით კვების პროდუქტები, რომლებიც დარიგდა საავადმყოფოებში, საპატრიარქოში, ჩვენს სოფელში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამავე პერიოდში ჩვენს სოფელში გაიყვანა 5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი და სოფელს გერმანიიდან საჩუქრად ჩამოუყვანა „იკარუსი“, რომლითაც თითოეული ოჯახის 2-3 წევრი უფასოდ მგზავრობდა. მანვე მოახდინა ჩვენი სოფლის გაზიფიკაცია“.

ნანა ცერცვაძე (სოფელ კვალითის მკვიდრი): „ჩემი ორი შვილი თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და მათი სწავლის საფასურს ბატონი რობერტი იხდის. ის მთელ სოფელს გვეხმარება. მას აქვს იმის უნარი, რომ ადამიანებს მოუწყოს საოცარი სიურპრიზები. მას არასოდეს მოუხდენია საკუთარი პროექტების რეკლამირება მასმედიის საშუალებით და არც საგანგებოდ გახსნილი ანგარიშებით მოუთხოვია დახმარება ვინმესგან. ჩვენი, მოსახლეობის სურვილით, სოფელ კვალითში, ცენტრალურ ქუჩას, 1992 წელს ამ შესანიშნავი ქველმოქმედი ადამიანის სახელი მიენიჭა“.

უახლოეს მომავალში რობერტ ჭუმბაძე ქალაქ ზესტაფონში აპირებს ხილ-კენკროვანის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას, სადაც შეიქმნება 100-მდე სამუშაო ადგილი. ბატონი რობერტის ინიციატივითვე, სოფელ კვალითის ცენტრში მიმდინარეობს მინი სკვერისა და შადრევნის მშენებლობა.

 

ნონა ჯუღელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია