დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„რეფორმა სათავისოდ“ და ერთ ტაფაში მოხარშული ბაგა-ბაღების დირექტორები
2011/01/31 12:42:31

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განათლების სისტემაში ბევრი რეფორმა განხორციელდა, იყო აუცილებელიც და „ვირის პიტნასავით“ ცხვირში შეტენილიც. ზოგიერთი რეფორმა მხოლოდ საცდელად ჩატარდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ამოიღეს, საცდელ ობიექტებზე კი არავის არაფერი უთქვამს...

მას შემდეგ, რაც ქუთაისის ბაღებში 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დაიჭირეს, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი, დაახლოებით 2 მილიონი ლარის მითვისება ედებათ ბრალად, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის ლაშა მაქაცარიას განკარგულებით, რეორგანიზაცია ჩატარდა, ანუ გათავისუფლდა ყველა ბაღის დირექტორი. ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებაში კითხვა გაჩნდა: რატომ უნდა შეეწიროს ერთ შემთხვევას ყველა ადამიანი? საბედნიეროდ,  არსებობდნენ ისეთი ბაღის ხელმძღვანელებიც, რომლებმაც წლები და უამრავი ენერგია შეალიეს ამ საქმეს, ეს ხალხიც ამ რეფორმის მსხვერპლი აღმოჩნდა, ან, უბრალოდ, „ჩაირეცხნენ“... თუ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ჩვენი მთავრობა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რამდენიმე კორუმპირებული ჩინოვნიკის გამო, მთელი პარლამენტის წევრები უნდა გაათავისუფლონ.

დირექტორების დათხოვნა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხდა -  „ზევიდან“ ბრძანების საფუძველზე 6 დეკემბერს დაწერეს. 6 იანვარს კი ქუთაისში მოქმედ 34 -ივე სახელმწიფო ბაღს ახალი დირექტორი ჰყავდა. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებისგან ფარულად? როგორ შეირჩნენ „ფილიალების უფროსები“  (დირექტორები მათ უკვე აღარ ჰქვიათ) მაშინ, როცა არც კონკურსი და არც ტესტირება არ ჩატარებულა? ასეთ პირობებში ხომ არ  მოქმედებდა ხელისუფლების მხრიდან პარტიულობის და ახლობლობის პრინციპი? „რატომ მოხარშეს“ ყველა ერთ ტაფაში? ეს არის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

ამ თემასთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციურ წევრს მამუკა მღვდელაძესა და არასამეწარმეო არაიურიდიულ პირს, ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს მაია პაქსაძეს ვესაუბრე. ჩემს ორივე რესპონდენტს, რა თქმა უნდა, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მამუკა მღვდელაძე: „დირექტორები დანიშნეს პარტიულობის პრინციპით, საკუთარი გუნდის წევრები და ახლობლები. ელემენტარულად, როცა რეფორმას ატარებ, კონკურსი უნდა გამოაცხადო, გასაუბრება მაინც. ამ სიტუაციიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაჭერები მომხდარა ნაციონალების სასიკეთოდ. ყველა რომ გაუშვეს, არსებობდა მათზე მასალები, რომ დამნაშავეები იყვნენ? ასეთ ქმედებას, ჰქვია „რეფორმა სათავისოდ“. მე ვერაფერს ვიტყვი ახლად დანიშნულ დირექტორების პროფესიონალიზმზე, რადგან, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, არ მქონია მათთან საუბარი. გვყავს საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც განათლების კუთხით წარმატებით მუშაობენ, ისინი მაინც ჩაერთოთ ამ საკითხის მოგვარებაში.

ზოგ დირექტორს აშანტაჟებდნენ, ეუბნებოდნენ, უნდა მოიტანოთ თანხა, თქვენზე მასალები გვაქვსო. ქუთაისის მთავრობის წარმომადგენლებმა მითხრეს, გვირჩევნია, ეს რეფორმა დასრულდეს, ბარემ ეს საკითხი დავხუროთო. გუბერნატორს ჰქონდა განცხადება გაკეთებული, ყველა - დირექტორს ვუშვებთო და უკან ხომ ვერ დაიხევდნენ? რაც ჰქონდათ გეგმაში დირექტორებად და მასწავლებლებლად საკუთარი ახლობლები დაენიშნათ, მოიყვანეს სისრულეში.  საერთოდ, საკრებულო უფუნქციოა, არ შეიძლება, ყველაფერზე თავი უქნიო ცენტრალურ ხელისუფლებას, თუნდაც - გუბერნატორს.“

ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მისაღებად არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის, ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს მაია პაქსაძეს ვესტუმრეთ, რომელმაც საკმაოდ უხეშად მიგვიღო. რომ ვუთხარით, ინტერვიუსათვის 10-15 წუთი გვჭირდებაო, აღშფოთებულმა წამოიძახა, მერე საქმეს ვინ გამიკეთებს, ამდენი ხანი რომ ვილაპარაკოო. ქალბატონ მაიას, რომელიც „საქმეს მოვაცდინეთ“, შევახსენებთ, რომ საჯარო პირისგან სრულყოფილი ინფორმაციის გაცემა არა მარტო საქმე, არამედ მოვალეობაა, იმ საზოგადოების დაკვეთაა, რომელიც მათ თანხას უხდის ხელფასის სახით,  რათა მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ!

გთავაზობთ „ნაწყალობევი“ დროით აღებულ ინტერვიუს.

- ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი იყო გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კორუმპირებული ადამიანის გამო ყველა დირექტორი გაათავისუფლეს?

- ყველა დირექტორმა თავისი ნებით დაწერა განცხადება და წავიდა.

- ახალი დირექტორების შერჩევა როგორ მოხდა?

- მათი „სასივო“ მონაცემებიდან, ყველას ჰქონდა განაცხადი დაწერილი. დაინიშნენ ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით. ჩვენ ვაწარმოებთ დაკვირვებას, თუ ვინმე არ გაამართლებს, დატოვებს ფილიალის უფროსის თანამდებობას. დირექტორები მათ აღარ ჰქვიათ.

- უშუალოდ ვინ დანიშნა დირექტორები?

- მე დავნიშნე.

- სკოლის დირექტორების დანიშვნის დროს იყო გამოცდები, კონკურსები. ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა...

- როდესაც გადაიდო სწავლა და ერთთვიანი არდადეგები გამოვაცხადეთ, იმის გამო, რომ პირველი დეკემბრიდან შევიდა შესყიდვების კანონში ცვლილება: როცა ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ხორციელდება 5 ათას ლარს ზემოთ საჭიროებს ელექტრონულ ტენდერს, იქნება ეს გამარტივებული თუ ჩვეულებრივი; როდესაც 24 ნოემბრის ამბების მერე, 6 დეკემბერს ყველა დირექტორმა დაწერა განცხადება, გავათავისუფლეთ... 6 იანვარს უკვე დირექტორები დანიშნულები იყვნენ. ჩვენ რომ გამოგვეცხადებინა კონკურსი, რომელსაც თავისი პირობები აქვს, უკვე ეს დრო ისე გაიწელებოდა, რომ პირველ თებერვალსაც ვერ დავიწყებდით სწავლას. კონკურსს თავისი პირობები აქვს. ის უნდა გამოცხადდეს 24 საათში, საკონკურსო პირობები უნდა გაირკვეს, განაცხადების მიღების ორკვირიანი ვადა უნდა იყოს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით 6 იანვარს დირექტორები არ მეყოლებოდა. 6 იანვარს მე მჭირდებოდა, რომ დირექტორები მყოლოდა ყველა ფილიალში.

- ანუ ამიტომ დანიშნეს დირექტორები დაჩქარებული ტემპით?

- იმიტომაც დაინიშნენ ერთთვიანი  გამოსაცდელი ვადით.

 

***

რა უფრო ჯობდა: საზოგადოებისთვის დაუფარავად და რეფორმის განხორციელების  სრული  დაცვით  მომხდარიყო   დირექტორების   დანიშვნა,  თუ  ასე ბუნდოვნად?

„ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“, მაგრამ როგორც ყოველთვის დაზარალებული საზოგადოებაა, რიგითი ადამიანები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1408
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია