„როგორ უნდა დავიცვათ თავი აივ-ინფექციისგან“ - სწორედ ამ თემას მიეძღვნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული აქცია, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდობისა და სპორტის საქალაქო სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „ჰერა“, „თანადგომა“, „ახალი გზა“ - ორგანიზატორობით მოეწყო.
დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოეწყო ფილმების ჩვენება და წარმოდგენა შიდსის თემაზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში 9,8 მილიონი 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდა აივ-ინფიცირებულია და ეს რიცხვი ყოველ დღე დაახლოებით 6 ათასით მატულობს.
საქართველოში შიდსის ცენტრის 2010 წლის 25 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში აივ-ინფიცირების 2471 შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული.
აქედან 1353 შემთხვევაში განვითარდა შიდსი, ხოლო 530 გარდაიცვალა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება, ამიტომ საქართველო „წითელ ზონაშია“ შეყვანილი.