დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მაგდენი თანხა რომ გადმორიცხეს, ნება ებოძათ და გაეწმინდათ არხი“
2010/11/29 14:00:09

2010 წელს სოფლის დახმარების პროგრამა ვანის რაიონის სოფელ მთისძირი - ჭაგან-ჭყვიშშიც განხორციელდა. საამისოდ 20,685 ლარი იყო გამოყოფილი. რაში დაიხარჯა ეს ფული და პროგრამაში რამდენად იყო მოსახლეობა ჩართული? ამის გარკვევა ადგილზე ვცადეთ. 

 

მთისძირი - ჭაგან-ჭყვიშშის მუნიციპალიტეტის რწმუნებულმა რეზო ჟღენტმა გვითხრა: „ჩვენ მოსახლეობასთან კრება ჩავატარეთ და ერთობლივი გადაწყვეტილებით თანხა სამ პროექტზე განაწილდა. სკოლის ეზოში მინი-სტადიონის აღდგენისათვის 17,685 ლარი დაიხარჯა, ჭაგან-ჭყვიშის სასაფლაოს შემოღობვისთვის - 998 ლარი და მესამე პროექტისათვის -კოპალეიშვილების უბანში გზის მოხრეშისთვის 2000 ლარი. ეს ყოველივე ხალხის სურვილით იყო, მათი ხელმოწერები მაქვს!  იგივე პროგრამა 2009 წელსაც განხორციელდა, მაშინ ჭაგან-ჭყვიშის ბოგირი გაკეთდა. თუმცა ცალკე თემად არ ვიყავით და სოფელ შუამთას მიეწერა. ნამდვილად ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ 2010 წლის სამუშაოები პირნათლად, ობიექტურად და ხალხის ჩარევით ჩატარდა.“

რწმუნებული ისე დაბნეული ჩანდა, ხელმოწერების დოკუმენტი ვეღარ იპოვა...

იყო თუ არა მოსახლეობა ნამდვილად ინფორმირებული და რამდენად ჩაერთვნენ პროგრამაში? ჩვენ ეს ყოველივე კარდაკარ სიარულით გადავამოწმეთ. დაახლოებით 30 რესპონდენტიდან თხუთმეტმა პროგრამის შესახებ არაფერი იცის, მხოლოდ გამიგიაო, ამბობენ. თუმცა ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც სამუშაოებში ფიზიკურად ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული.

ოლეგ ონიანი: „კი, მივიღე მონაწილეობა. გაკეთდა მინი სტადიონი, ამისათვის გამოყოფილი იყო დაახლოებით 17 ათასი ლარი. ჩემს გარდა, კიდევ რამდენიმე კაცი ჩაერთო პროგრამაში. მოიხრეშა კოპალეიშვილების უბანი, 12-15 ადამიანი ვმუშაობდით. ხალხს აქვს ეს ინფორმაცია, რადგან ყველა გამვლელ-გამომვლელმა დაინახა. ისინი კითხულობდნენ, რა კეთდებოდა და ასე შემდეგ. 2011 წელს ეს პროექტი თუ ისევ განხორციელდა, ჭაგან-ჭყვიშის გზაა შესაკეთებელი. ისეა დამსხვრეული, რომ მანქანით ვერ გაივლი. ჩემი აზრით, გამოყოფილი თანხა ნორმალურად დაიხარჯა.“

თინათინ კაკაბაძე: „არ ვიცი, შვილო, რაზე მელაპარაკები, ჩემს სახლში კაციშვილი არ მოსულა და არ უთქვამს, წამოდი, კრებააო,“ მითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ეგრეთ წოდებულ სოფლის „ბირჟაზე“ მყოფ მამაკაცებს ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ინფორმირებულები. ზოგმა თავი შეიკავა, ერთი-ორს კი ტელევიზიით ჰქონდა გაგონილი.

დავით სტურუა: „მასმედიით გამიგია, რომ სოფლის დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ირიცხება. ჩემი აზრით, ეს პროგრამა კარგია, რაღაც გაკეთდა და ეგებ სოფლიდან გადახვეწილები დაუბრუნდნენ ოჯახებს. რაც შეეხება მთისძირს, ეს სოფელი ვანის რაიონში ყველაზე პოპულარულია, რადგან გაზი, შუქი, ტელეფონი, ინტერნეტი და სხვა პრიორიტეტები აქვს. ახლა სტადიონიც კი გააკეთეს, თუმცა შეჭირვებული ძალიან ბევრია. იქნებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმარონ.“

გოგი ფუტკარაძე: „ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ნაკლებად მაქვს, არც კი ვიცი, რა და როგორ გაკეთდა?

ჩემო კარგო ნასერელას საწრეტი არხი მიწით აივსო და ჭაობადაა ქცეული. არავინ ყურადღებას არ აქცევს და შენ მეუბნები საქმის კეთებაში თავად, თუ მიიღე მონაწილეობაო! მაგდენი თანხა რომ გადმორიცხეს ნება ებოძათ და გაეწმინდათ არხი.“

დიმიტრი ტაბიძე: „არ ვიცი, არაფერი გამიგია, არავინ მოსულა. ბიძია, ნასერელას არხი რახანია გაივსო, გადმოდის მოსახლეობაში და გვაწუხებს. თუ გაწმენდენ კაი იქნება.“

ციალა გეფერიძე: „გამიგია პროექტის შესახებ, თუმცა ჩემს ოჯახს მონაწილეობა არ მიუღია. რა თანხა გადმოირიცხა და რაზე დაიხარჯა არ ვიცი. სოფელში პრობლემები უამრავია, რად მინდა მე სტადიონი! გზების კეთილმოწყობას მიაქციონ ყურადღება და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის დაგვირიგონ საწვავი. მთავარი, იცით, რაა, დაგვასაქმონ სოფლის მოსახლეობა.“

კიდევ რამდენიმე ადამიანის აზრი მოვისმინეთ, მათი უმეტესობა მთავარ პრობლემად ნასერელას საწრეტი არხის, გზების კეთილმოწყობას, დასაქმებას და ჯებირების გამაგრებას ასახელებს.

გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მთისძირი - ჭაგან-ჭყვიშის რწმუნებული რეზო ჟღენტი თანასოფლელთა რეპლიკას ასე პასუხობს: „ჩვენ ყველა ოჯახი გავაფრთხილეთ, ვისაც სურვილი ჰქონდა, წამოვიდა, დაახლოებით 50 კაცამდე შეიკრიბა და მათთან ერთად მოხდა პრიორიტეტებზე შეთანხმება!“

„მინდა გითხრათ, რომ გადმორიცხული თანხა ყველაფრის გასაკეთებლად არაა საკმარისი. ნასერელას საწრეტი არხის გაწმენდა მომავალ პროექტში ჩასმულია, ხოლო გზების შეკეთება დაწყებულია და 2011 წელს დასრულდება.“

სასიცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი: სოფლის გზა, გარე განათება, ბუნებრივი გაზის შეყვანა, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია