დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში იუმორის ეროვნული აკადემია გაიხსნა. მსურველები მიიღებიან...
2010/11/22 14:03:18

„არის! არის! არის!“ - იპოლიტეს ცნობილი კინოგმირის ეს შეძახილი გასდევდა ლაიტთემად საზოგადოებრივ შეკრებას, რომელმაც 18 ნოემბერს ოფიციალურად აღნიშნა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის დაფუძნება ქუთაისში.

როგორც სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მრავლად შეკრებილ ძველ ბაღისკიდელებს, ტრადიციული ქუთაისური მახვილსიტყვაობის გულშემატკივრებს მოახსენეს, იუმორის ეროვნული აკადემია, როგორც არასამეწარმეო (არკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 13 ოქტომბერს გაუტარებია რეგისტრაციაში, დამფუძნებელი კი 10 ადამიანი ყოფილა.

იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ბენია თხილავამ ასე განმარტა ახალშექმნილი ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები: „საქართველო, განსაკუთრებით - იმერეთი, ქუთაისი, უნიკალურია ფოლკლორის, ხალხური შემოქმედების, იუმორის, მახვილსიტყვაობის და სიტყვამოსწრებულობის ნიმუშებით, რაც ეროვნული ინტელექტის და ნიჭიერების გამოვლენაა და ჩვენი ფასდაუდებელი სიმდიდრე.

სამწუხაროდ, ჩვენს ყოველდღიურობაში შეინიშნება ამ ფენომენის დაკნინება, სწრაფვა მდარე გემოვნების, უაზრო და „უკბილო“ ხუმრობების დამკვიდრებისაკენ; შეინიშნება მიდრეკილება იუმორის სიმახვილისა და ცეცხლის მინელებისაკენ, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის საუნჯეს - ეროვნულ იუმორს.

აღნიშნული ვითარება გადაუდებლად ითხოვს ჩვენი ნამდვილი ეროვნული საუნჯის - იუმორის დაცვას, ხალხური მარგალიტების თავმოყრას, მეცნიერულ დამუშავებას, პროპაგანდას. ბიბლიოფონო-ვიდეოთეკების თუ ელექტრონული არქივის შექმნას, რაც განაპირობებს აკადემიის მიზანს და მუშაობის შინაარსს“.

საღამოს ანსამბლ „ბერმუხას“ სიმღერებიც ამშვენებდა და ქუთაისური იუმორის ცნობილ ოსტატთა ხალისიანი რეპლიკებიც - აკადემიამ პირველი სამუშაო დღე ბაღისკიდური „არტილერიით“ გახსნა...

 

ნანული ქვიშარელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია