დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„გადატვირთვის“ რომანტიკული ხანა დასრულდა
2010/11/08 12:53:25

პოლიტიკური ორიენტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და განსაკუთრებით - ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც თავისი იშვიათი გეოპოლიტიკური მდებარეობით გამოირჩევა. საქართველო გამუდმებით მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და დღესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციაა.

 

2008 წლის ხმაურიანმა ბუქარესტის სამიტმა იმ მწვავე რეალობის წინაშე დაგვაყენა, რომელსაც „ზრდილობიანად ცხვირწინ კარის მოხურვა“ ჰქვია - მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოზიტიურად აფასებენ საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას.

დღეს კი ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი უკვე ღიად აცხადებს, რომ ლისაბონის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით (საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია საქართველოს შესვლა ნატოში მაპის გარეშე). სკეპტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლისაბონის სამიტზე ბუქარესტის მაგვარი განმეორდება.

მანამდე კი „შორეულ მეზობელ“ სახელმწიფოში შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდი მარცხდება: აშშ-ის შუალედური არჩევნების თანახმად, დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკელებს გამარჯვება უკვე მიულოცა. რესპუბლიკელები ქვედა პალატაში 129 ადგილს მიიღებენ, ხოლო დემოკრატები - 75-ს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს, თუმცა ეს ნაკლებად შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, რომლის კუთხით ამერიკა, როგორც წესი ქვეყნის საგარეო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

პოლიტიკურ ძალებს შორის პოზიციების განსხვავება, შესაძლოა, მხოლოდ განსხვავებულ მიდგომებში  გამოიხატებოდეს, ეს შედეგი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ობამას პოლიტიკურ მმართველობაზე აისახება და ის შეეცდება, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მისაღები ნაბიჯები გადადგას, თუნდაც ამას მისი დემოკრატი თანაგუნდელები არ იზიარებდნენ. ეს, შესაძლებელია, მცირედით საგარეო ვექტორსაც შეეხოს (ცნობილია, რომ რუსეთ-ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკა ისევ დაუსრულებელ ფაზაშია).

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, „გადატვირთვის რომანტიკული ხანა დასრულდა“, რადგან ამ მიმართულებით კრემლთან ახალ მიდგომებს უნდა ველოდოთ. საყვარელიძის აზრს არ იზიარებს პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე, ის არ ელის ცვლილებებს რუსეთის სახელმწიფოსთან; რა თქმა უნდა, რესპუბლიკელებმა საკუთარ შტატში მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ეს გავლენას საგარეო კურსზე ვერ მოახდენს.

ცხადია არჩევნების შემდგომ სიტუაცია სხვაგვარად განვითარდება საქართველოსთან მიმართებაში, ამას ისიც განაპირობებს, რომ ჩვენთან რესპუბლიკელთა ლიდერს ჯონ მაკკეინს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ობამას. ამერიკულ პოლიტიკაში რესპუბლიკელთა აღზევებას ხელს უწყობს მათ მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ლისაბონის სამიტზე კი ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის როლი ევროპის პლაცდარმზე, რაც საქართველოს პოზიციების გამყარებაში გამოიხატება. ცხადია, რომ ამერიკა ახლა უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ნატოში შეყვანას , რა თქმა უნდა, თუ ამას მხარს დაუჭერს „ბებერი ევროპის“ სახელმწიფოები (გერმანია, საფრანგეთი).

მანამდე კი ქართველ ოპოზიციონერთა ნაწილს სხვა თავის ტკივილი აქვს: ისინი „სანოემბრო“ აქციებისთვის ემზადებიან. ვნახოთ, ვინ ვის ნავში აღმოჩნდება და როგორ გადანაწილდება მათი ძალები.

 

ლიკა ჩახუნაშვილი,

პოლიტოლოგიის მაგისტრი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია