დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საშემოდგომო საღამოები
2010/10/25 16:34:42

21 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრის „ლიტერატურულ სალონში“, სამხარეო ადმინისტრაციის პატრონაჟით, უკვე განხორციელებული პროექტის - „ზაფხულის ცხელი საღამოების“ სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

ამავე თეატრის მმართველმა და სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი სიხარულიძემ დამსწრე საზოგადოებას მსგავსი ტიპის ახალი, ერთთვიანი პროექტის განხორციელების მიზეზები და დეტალები გააცნო.

„სამეფო უბანში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, სახელწოდებით „ზაფხულის ცხელი საღამოები“, წარმატებით ჩაიარა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მაყურებელი და მსმენელი არ მოკლებია. მსგავსი პროექტის იდეა და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაც სწორედ აქედან წამოვიდა, თუმცა წინა საღამოები, წელიწადის დროიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა, ამჟამად კი დახურულ სივრცეში გადავინაცვლებთ.“

კულტურული პროექტი 25 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ქართველი საოპერო ვარსკვლავის ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნება, ხოლო კონცერტიდან შემოსული თანხა, ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუთაისში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების წინსვლას მოხმარდება.

ჩვენთან საუბრისას სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, მაკა ხეცურიანმა აღნიშნა: „მსგავსი იდეების განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ქუთაისი ხომ კულტურის კერაა და სხვა ქალაქებისგან ბევრი ნიშნით განსხვავებული, ამიტომაც ასეთი მაღალი დონის ღონისძიებები, რომელიც იგეგმება, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნაა.“

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროგრამა, ჯერჯერობით, არ არის საბოლოოდ დაზუსტებული და საზოგადოებისაგან საინტერესო წინადადებებს ელოდებიან. თუმცა რამდენიმე ტიპის ღონისძიების შესახებ უკვე ისაუბრეს. ქუთაისელ მსმენელს, საკუთარი გემოვნების მიხედვით, შეუძლია დაესწროს ჯაზის, ქალაქური მელოდიებისა და კარაოკე საღამოებს. ასევე იგეგმება საინტერესო რეჟისორების ახალი ნამუშევრები.  

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია