დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ყველას ნებაზე სიარულით“ დაღლილი მძღოლი
2010/10/18 13:35:18

№38 სამარშრუტო ტაქსში ვზივარ. ავტოქარხანაში მივდივარ. საშუალო ასაკის მძღოლი მგზავრების მიმართ იმთავითვე უხეშადაა განწყობილი. ალბათ, რაღაც პრობლემა აქვს?!

მოედანს გავცდით და ბაღისკიდესთან წითელი ფერი აჩვენა შუქნიშანმა. მძღოლმა შეაჩერა.

- ჩავალ, რა, თუ შეიძლება! - სთხოვს ერთ-ერთი მგზავრი.

- სად ჩახვალ, ქალო! დაჯექი მანდ. შენ გამო ახლა ჯარიმას ავიკიდებ?

- კარგით, უკაცრავად.

-ჰმ, უკაცრავადო. სად მთხოვდა ეს ქალი მაინც ჩასვლას, ა?

მე მძღოლის გვერდით ვზივარ. ვატყობ, რომ ძალიან ბრაზობს. ალაგ-ალაგ რაღაცას გაუგებრად ბუტბუტებს. ვარჩევ:

- ფუ, მაგ უნამუსოს დედაც...

ხმადაბლა აგინებს, შემდეგ ჩუმდება. თუმცა მალევე ბაზართან აჩერებს. სამარშრუტო ტაქსი ცარიელდება.

ცოტა ხანში ისევ ივსება მგზავრებით.

- ლობიანები, ლობიანებიიი! - ბებო უახლოვდება ჩვენს მძღოლს.

- ხაჭაპური გაქ, ქალო?

- არა, შვილო, მხოლოდ ლობიანები...

- მაგ რად მინდა, მე მარტო ხაჭაპურს ვჭამ.

- აიღე, შვილო. არც ეს არაა ცუდი, გემრიელია. - ევედრება გამყიდველი.

- კაი, ჯანდაბას, მომეცი. ვნახო, ერთი, რაა ასეთი.

ჭაღარათმიანი, შაოსანი ბებო ორ ლობიანს აწვდის.

- რას მაძლევ, ქალო, ვინ გითხრა, ორი მინდაო, ფულის გაკეთებაზე ჩალიჩობ, არა?

- კი. შვილო, რა გაყვირებს. ერთი აიღე.

მძღოლმა ლარიანი გაუწოდა

- მოიცა, შვილო, ხურდას მოგცემ.

- რაო,დედაბერო, კიდე ხურდას მთხოვ? სულ არ მინდა ეს შენი ლობიანი, მოაშორე აქედან.

- ხურდა გერგება და ვეძებ, რომ მოგცე. ლობიანი 70 თეთრი ღირს. ა, გამომართვი, შვილო.

- ხო, კარგი, მომეცი და მოშორდი აქაურობას.

გვერდით მდგარი სამარშრუტო ტაქსიდან ბებოს რეპლიკა ესროლეს:

- რას დაჩანჩალებ, ქალო! გაიარე მაგ შენი ხაჭაპურით თუ ლავაშებით, რა გინდა ამ ბებერს ბაზარში!

ირგვლივ ყველა ახარხარდა, განსაკუთრებით კმაყოფილი სახე ჩვენს მძღოლს ჰქონდა.

- მაგის დედაც, მამაძაღლი დედაბერი! შემატენა უგემური ლობიანი.

ბრაზობს, ლუკმაც უვარდება, თან ჩემკენაც ყასიდად გამოიხედავს ხოლმე. „ზასტავას“ გავცდით.

- გამიჩერეთ! - ისმის ერთ-ერთი მგზავრის ხმა.

- ყველას ნებაზე სიარულმა დამღალა, რა! ახლა ამას გაუჩერე!

- ჩადი, ქალბატონო, ჩადი! რას მაჩერებ ამდენი ხანი.

მომდევნო გაჩერებაზე მეც უნდა ჩამოვიდე, წინასწარ დავიჭირე თადარიგი გავაფრთხილე.

გააჩერა. ათლარიანი გავუწოდე. აი, ახლა კი მეც მომდგა ჩვენი აგრესიული მძღოლი:

- შენი აზრით, ამის ხურდა მექნება?

- ცხადია, უნდა გქონდეთ.

- სად მაქ, გოგო, ათი ლარის ხურდა. ჩანთაში ხურდების მეტი რა გექნება!

-თქვენთვის არავის უსწავლებია, ადამიანებს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად, მგზავრებს როგორ უნდა მიმართოთ? - ვეღარ მოვითმინე, - 10 ლარიდან 40 თეთრი აიღეთ და დანარჩენი, თუ შეიძლება, მომაწოდეთ.

მძღოლს ხელები აუთრთოლდა და 10 ლარი უკან გამომიბრუნა:

- ჩადი. ეტყობა, სადღაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობ. შენი გადამტერება არ ღირს.

წამოვედი. მძღოლი, აშკარად ისე გაბრაზებული მომჩერებოდა, ისიც კი ვიფიქრე, „მარშრუტკიდან“ არ გადმოვიდეს და არ მეძგეროს-მეთქი. კიდევ კარგი, მალევე წავიდა.

ნეტა, ვინ იქნებოდა მისი აგრესიის მორიგი მსხვერპლი?!

იბნებ, არ ღირდა ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ამ ბოლოხანს ისე იმატა სამგზავრო ტრანსპორტში მსგავსმა შემთხვევებმა, გაჩუმება აღარ შეიძლება.

როცა ტენდერში იმარჯვებს ესა თუ ის ფირმა, ან მძღოლი თავის სამარშრუტო ტაქსის ხაზზე გამოყვანის უფლებას მოიპოვებს, ხომ არის ტენდერისა და ხელშეკრულების პირობებში ჩადებული მგზავრთა კულტურული მომსახურების ვალდებულებაც?

დღეს, როცა ამდენი საზოგადოებრივი მანქანა დადის ქალაქის ქუჩებში, დროა, მძღოლებსაც და მათ დამსაქმებლებსაც გაუჩნდეთ კონკურენციის შიში; იფიქრონ, რომ შებოლილი თევზისა თუ სიგარეტის კვამლით აყროლებულ სალონში, საჭესთან მოყაყანე მონსტრების გვერდით მგზავრობის სურვილი აღარავის გაუჩნდება.

ქალაქის კულტურულ სახეს, უპირველესად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქმნის. იფ, როგორ მოეწონებოდა სტუმარს ჩვენი ნაცნობი მძღოლი?!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია