დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზეთის ისტორია ქუთაისის სახელმწიფო არქივში
2010/10/04 12:18:19

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილებამ, ქუთაისის სახელმწიფო არქივში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, აფხაზების და ქართველების ურთიერთობების ამსახველი მრავალი ძველი დოკუმენტი საჯარო გახადა. ამ საკითხთან დაკავშირებით ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნანა ქარდავა გარკვეული პერიოდი მუშაობდა ქუთაისის არქივში. 30 სექტემბერს არქივის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას - დეპარტამენტის წარმომადგენლებს, არქივის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს მან ბევრი საინტერესო რამ უამბო.

როგორც ვალერი კაკულია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე თვლის: „ისტორია სამწუხაროდ, ცუდად მეორდება. ჩვენი მიზანია, ეს მასალები აფხაზური წარმომავლობის ხალხს გავაცნოთ და ვუთხრათ, რომ იგივე მეორდება და ისინი კვლავ შეცდომას უშვებენ. ჩვენ ეს საარქივო მასალა, რომელიც დღეს ყვითელი ფურცლებია, უნდა გავაცოცხლოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, შეცდომებს თავი დავაღწიოთ. აქვე გეტყვით, რომ ბევრი მასალა დაუმუშავებელია. ვფიქრობ, საზოგადოება კარგად უნდა გაეცნოს მათ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა არის საწყისი, რომ ბოროტება დავამარცხოთ და სწორად ვებრძოლოთ. ჩვენ ამ საკითხის პოპულარიზაციას სხვადასხვა წრეებშიც ვაპირებთ და, ვფიქრობ, გამოგვივა. ვაპირებთ, ჩვენმა თანამშრომლებმა ამ კუთხით კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ.“

თავად ნანა ქარდავას თქმით: „სოხუმში აფხაზეთის არქივი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განადგურდა. ამიტომ ჩვენი არქივები ისტორიული წარსულის გარეშე დარჩა. აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო მასალები აფხაზეთის შესახებ ქუთაისის არქივში იყო დაცული. ჩვენ შევისწავლეთ ეს მასალები, რომლებიც 186-ე ფონდში იყო დაცული. ეს არის სამომავლო საქმე, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, აფხაზებს რეალური ისტორიით და ფაქტებით ველაპარაკოთ.“

მერაბ კეზევაძე, ქუთაისის სახელმწიფო არქივის დირექტორი:  „ეს არის აფხაზების და აფხაზეთის ისტორია, რომელიც დაცულია ჩვენს ფონდებში. ეს არის უნიკალური დოკუმენტები, რომელთაც აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის არქივი ომის დაწყებამდე დაიწვა და სრულად განადგურდა. ჩვენი არქივის ფონდებზე დაყრდნობით მოხდა ამ მასალის მოძიება და ათობით საინტერესო ფაქტის საჯაროდ გამოტანა. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ფაქტებია, რაც მომავალში ჩვენი და აფხაზების ურთიერთობას დადებითად წაადგება.“

ქუთაისის არქივს აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა გაწეული დახმარების და პატივისცემის ნიშნად ორი ფოტო აჩუქა. ერთ-ერთზე აფხაზეთში მდებარე წმიდა გიორგის ტაძარია გამოსახული.

იმ დღეს სახელმწიფო არქივის დარბაზში სტუმრად მყოფი საზოგადოებისათვის 1976 წელს უცნობი რეჟისორის მიერ გადაღებული ხუთწუთიანი ფილმის ჩვენებაც შედგა, რომელიც აფხაზეთსა და აფხაზებზე გადაღებული ფილმის თემა მუხაჯირებსაც ეხება, თურქეთის ტერიტორიაზე გადაასახლეს. პარალელურად კი სტუმარ-მასპინძელი იმ ფაქტებზე აქტიურად საუბრობდა, რაც ქართველების და აფხაზების მეგობრულ ურთიერთობას სამომავლოდ წაადგება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია