დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„არც ლამაზი ვარ, არც კეთილი და არც ზრდილობიანი“
2010/09/27 13:14:00

„დედაჩემი ბრაზილიაშია (სერიალს უყურებს) და ცოტა ხანი, სანამ დაბრუნდება ლოდინი მოგიწევთ, ის უკეთესად გიამბობდათ ჩემზე. მე რაღაცეები მავიწყდება ხოლმე, დედა კი მახსენებს ყველაფერს, რეკონსტრუქციას უკეთებს ჩემს მეხსიერებას...“ - მეუბნება მასპინძელი.

მე კი მახსენდება მისი ერთ-ერთი  ლექსი, რომელიც სტუდენტობისას ჩემმა მეგობარმა ჩამიწერა ბლოკნოტში, ლექსი ასე იწყებოდა, „პირველი გვერდი არის დაკარგული...“ ავტორი - გელა ღაჭავა.

ამ სახელს და გვარს უკვე დიდი ხანია იცნობენ ქუთაისში, ამ სახელს და გვარს უკვე აქვს თავისი განსაზღვრებები: ძალიან ნიჭიერი მხატვარი, რომელიც წერს და ფოტოებს იღებს.

გელა ქუთაისმა მაშინ იპოვა, როცა მან დაკარგა საკუთარი სახლი აფხაზეთში და დევნილის სტატუსი ხვდა წილად... მას შემდეგ ვისთვის ბევრი დრო გავიდა, ვისთვის - ცოტა... გელას რაღაცები დაავიწყდა, რაღაცებს მიხვდა, ბევრჯერ - დაინახეს, ან, უბრალოდ, ილუზია შექმნეს, რომ დაინახეს, ბევრჯერაც დაწერეს მასზე...

„რადგან ხელოვანი ხარ, აუცილებლად უნდა იყო ლამაზი, კარგი, კეთილი, არადა, მე მინუსები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე პლუსები, არც ლამაზი ვარ და არც კეთილი და არც ზრდილობიანი. Mმაგრამ მაინც წერენ ხოლმე,  რომ კარგი ვარ. ნიჭი სხვა რამეა, ეგ უფლისგან ბოძებულია.“

„შინაგანად ვინ რა არის, ვინ იცის? გარეგანი და შინაგანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. შენი დეპრესიებით ხშირად ვერ გამოხვალ ქუჩაში, თუ ნიღბის გარეშე იცხოვრებ, მაშინ გაგიჭირდება საზოგადოებასთან ინტეგრირება. ხატვის დროსაც გააჩნია, რას ამბობ, ზოგჯერ ცდილობ, ცუდი უფრო გაამუქო. სტერეოტიპები არსებობს, რა თქმა უნდა, მათ შორის - ვიზუალური სტერეოტიპებიც. სტერეოტიპებიც დროებითია, ათი წლის წინ სხვა სტერეოტიპები არსებობდნენ, დღეს სხვააა, მაგრამ სიკეთე და ბოროტება, საერთო ჯამში, ერთი და იგივეა. მაქსიმალურად უნდა გაამძაფრო, გაამკვეთრო სათქმელი. თუ რაღაცას ყვება ნახატი, შენც იმაზე აკეთებ აქცენტებს, სხვაც რომ კითხულობს, ისიც აკეთებს აქცენტებს, და საერთო ჯამში ამ აქცენტების დასმით ირჩევ შენს საყვარელ კინოს, საყვარელ მუსიკას, საყვარელ მხატვარს.“

ისიც   არ    ახსოვს,   როდის     დაიწყო ხატვა: „მეუბნებიან, რომ - 4 წლის ასაკში, რაც სიმართლე გითხრათ, არარეალურად მეჩვენება. სამაგიეროდ, მახსოვს, პირველად მანქანა რომ დავხატე გაღებული კარით, ეს ჩემთვის იმხელა რამეს ნიშნავდა, დღესაც მახსოვს ის შეგრძნება და ახლაც შემიძლია, სიზუსტით გავიმეორო ეს ნახატი. თვალის ხატვა მიჭირდა და სათვალიანი კაცი დავხატე, ისიც - არა პროფილში ან პირდაპირ, არამედ - უფრო სხვა რაკურსში...

ფრთოსანი და შიშველი ქალის სახით მუზა არ მოდის ჩემთან, უბრალოდ, საზოგადოებიდან, სამყაროდან იღებ იმპულსებს, ხანდახან კი ისე ხატავ... საქმე არ გაქვს, არ გინდა ცუდი აკეთო, და ხატავ რა.“

იცის, ყველა შემოქმედმა რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს... მისი საზომით თვლის, რომ სულ რამდენიმე ნახატი დახატა, რამდენიმე „რაღაც“ დაწერა და რამდენიმე ფოტო გადაიღო - რომლებიც ღირებულია...

„ყვავილს რომ დათესავ, ელოდები მის ამოსვლას და დაყვავილებას, კონდიციამდე უნდა მივიდეს, მაშინაა მისი მზიანი და ნათელი დღე, მერე იწყება მეორე ციკლი, მერე - მესამე და ასე შემდეგ. რაღაცას რომ მიაღწევ, ჩამოსვლა უფრო რთულია, მთამსვლელებმა იციან ეს, მეც ახლა ჩამოსვლის პერიოდი მაქვს...“

მან უკვე საკმაოდ ბევრი ეტაპი გაიარა:

შემოქმედებითთან ერთად ცხოვრებისეული. იყო პერიოდი, სახლიც კი არ ჰქონდა, საგამოფენო დარბაზებში ცხოვრობდა თავის ნახატებთან და ცოლშვილთან ერთად, მისი ნივთები კი სხვადასხვა მეგობართან იყო შენახული, არსებობდა უბის წიგნაკი, სადაც ჩანიშნული ჰქონდა, ზამთრის ტანისამოსი ვისთან იყო შენახული, ზაფხულის - ვისთან...

საქართველოში მაშინ შავი მზე ამოდიოდა, ომი მძვინვარებდა, მაგრამ ის და მისი მეგობრები მაინც ახერხებდნენ, სხვა რამით ეცხოვრათ... ყოველ კვირას იკრიბებოდნენ და ღიმილის მიზეზებს და საბაბს თვითონ ქმნიდნენ... „ბონზოიზმებს“ აგროვებდნენ და ხელნაწერ წიგნებს წერდნენ. ეს წიგნები დღესაც გელას მდიდარ არქივში ინახება...

ახლა ყველაზე უკეთ „თავის საგამოფენო დარბაზში“ გრძნობს თავს, - საკუთარ ბინაში. აქ მინი სამყაროა, ხშირად იცვლება ექსპოზიციები, რადგან გამოფენები ეწყობა ხოლმე, დამთვალიერებლები ის და მისი მეგობრები არიან. ერთი კარგი ტრადიციაც წამოიწყეს: თავიანთი საყვარელი ფოტოგრაფების დაბადების დღეებს აღნიშნავენ. ერთი სიტყვით, ახლა მინი სამყაროში ცხოვრობს და ამბიციებიც არა აქვს, რომ დიდ პუბლიკას გაუზიაროს თავისი შემოქმედებითი ცხოვრება.

„საზოგადოებას არ აქვს მგრ-ძნობელობის ორგანოები, თვალი, ყური და ასე შემდეგ... მას აქვს ხახა, მომნელებელი ორგანო და მუცელი. მე ერთხელ დავხატე კიდეც ეს, უფრო სწორად, ისე დავხატე, როგორც რენე მეგრიტი დახატავდა. მაშინ გალერეის კარიც კი მიუხურეს ამ ნახატს, არაესთეტიურიაო, მეც ვიცი, რომ არაესთეტიურია, მაგრამ ყველაფერი ლამაზი და კარგი არ შეიძლება იყოს და საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ამას. მე არც მინდა ასეთმა საზოგადოებამ რომ გამიგოს. მე კი არა, ფიროსმანს არ ეღირსა დაფასება და დღესაც არაა დაფასებული, დაფასება ისაა, როცა მის ზეგავლენას იგრძნობ... ბევრჯერ გავაკეთე გამოფენები, მაგრამ ვერასდროს ვიგრძენი, რომ საზოგადოებას სჭირდება ჩემი ნამუშევრები, ჩემი ნაწერები. არაა დაინტერესება ის, რომ გახსნაზე რამდენიმე კაცი მოვა, ზოგი ალაფურშეტისთვის და მერე მთელი ერთი თვე არავინ მოაკითხავს გამოფენას. მე მყავს ის ხალხი, ვისაც ესმის ჩემი. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს, არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ჩემს ახალ ნახატს, ჩემს ახალ ფოტოს, ჩემს ახალ ლექსს. ნამდვილად არ მინდა ასი ასეთი - ჩამყლაპავენ. “

ამბობს: „ქვეყანა  რომ აღმოაჩინო, შენი სამყარო უნდა შექმნა. ჩემს შემოქმედებაშიც არის აგურები, საბოლოოდ შეიძლება ვთქვა ჩემი სათქმელი, თუ რამდენიმე ცხოვრების საშუალება მომეცემა. მე ვერ გადავყვები ჩემს შემოქმედებას, მე რომ მოვკვდები, ქვა უთოვია ჩემს შემოქმედებაზე, იმიტომ რომ ნამდვილად დავაკლდები ჩემს ნახატებს მე.“

 

***

ჯერ კიდევ ბევრი ყვავილია დასათესი, კიდევ ბევრი მწვერვალია ასავლელი და შესაბამისად ბევრი ჯერჯერობით განუხორციელებელი იდეა გასაცოცხლებელი - პირველ რიგში მისთვის და მისი მინისამ-ყაროსთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია