დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აშშ ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციებს დააფინანსებს
2012/06/28 16:41:10

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა  საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და  ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) დააფინანსებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

აღნიშნულის თაობაზე აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ელჩის თქმით, ამ პროგრამით, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის აშშ-ის მთავრობის მიერ დაახლოებით 2 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან (NDI) სამი გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას ივლისიდან ოქტომბრამდე, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას საქართველოში არჩევნებამდე სამი თვით ადრე. არჩევნების დღეს კი  NDI-ს დამატებით 20, ხოლო IRI-ს  30 დამკვირვებელი ეყოლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს. პროგრამა არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერას ითვალისწინებს და მას NDI, IRI და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) განახორციელებენ. იგეგმება ქალი კანდიდატებისათვის ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რომლის მიზანიც  იმ დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევაა, რომელიც პოლიტიკაში ქალების ჩართულობის შესახებ არსებობს.

აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, ორივე პროგრამა – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, აგრეთვე პოლიტიკურ საქმიანობაში  ქალთა ჩართულობის მხარდაჭერა, იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული. საელჩოს განცხადების თანახმად, აშ-ის მთავრობამ 2008 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად 120 მილიონი დოლარი გაიღო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია