დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უნიკალური ფრესკების ახალი სიცოცხლე
2010/09/27 13:01:41

რამდენიმე თვის წინ გელათის სამონასტრო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დაიწყო, მანამდე კი გელათის აკადემია გაიხსნა. ამ დღეებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რისთვისაც 3 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. სამუშაოები კიდევ ორ წელს გაგრძელდება.

გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, პირველად დაიწყო ფრესკების კონსერვაცია. ამ ეტაპზე კედლის მხატვრობის გაჯანსაღების პირველი ეტაპი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს. „გელათის მონასტერში მიმდინარე ფიზიკური სამუშაოები იმ გრანდიოზული სამუშაოების პროექტის ნაწილია, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. 1977 წლის შემდეგ აქ სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა და დაახლოებით 60%-ზე მეტი ფრესკებისა კედელზე მოცილებული იყო. ამ ეტაპზე ეს სამუშაოები უკვე დასრულდა. გეტყვით, რომ ეს არის ძალიან მრავალმხრივი პროექტის ნაწილი. თუმცა აქვე მიმდინარეობს საკონსერვაციო სამუშაოებიც რადგან მისი ამ ფორმით შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დასრულებულია გამაგრების პროცესიც, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხარაჩოები მოიხსნას და მუშაობის მეორე ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ ქართველმა, გერმანელმა და ესპანელმა სპეციალისტებმა ერთობლივად დაგეგმეს. მიმდინარე სამუშაოებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს გუბერნატორის პირველი მოადგილე გიგა შუშანია.  მისი განცხადებით:  „სამუშაოები მომავალ წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება, რადგან გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.“

გელათის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ნიკა ვაჩეიშვილმა ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიაში უნიკალური ხალხური მხატვრობა მოინახულა.

„ნაივური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სისადავითა და უშუალობით გამორჩეულ, უნიკალურ ხალხურ ფერწერას ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიაში საფრთხე აღარ ემუქრება,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა.

დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ  სარესტავრაციო პროცესები ტაბაკინის მონასტერშიც განაახლა.   
ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის არქიტექტურის გამაგრებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან შეასრულა, მიმდინარე წელს კი ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები ხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია