დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სანამ პოლიციელს, „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, ქუჩაში გაუჩხრეკიხართ!..
2010/09/27 12:59:24

„პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ უკვე მსჯელობენ. ინიცირებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“. ჩხრეკის საფუძველი კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვი“ შეიძლება იყოს -  რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილებები, პრაქტიკულად, აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე სათანადო ნებართვა უნდა მოიპოვოს.

უფლებადამცველები თვლიან, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ეს ინიციატივა მორიგი ნაბიჯი და დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით - ძალოვანი სტრუქტურების) ძალაუფლების გაფართოებისაკენ, თანაც - მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ყოველივე ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გაბატონებულია ძალოვნების დაუსჯელობის სინდრომი და  მრავალი წელია, სასამართლო ხელისუფლებას  აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით ადამიანის სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა გაცილებით უფრო იოლი გახდება, ვიდრე  ეს ოდესმე  იყო შესაძლებელი საქართველოში. 

 ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“: „არსებობს მსგავსი კანონები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში მუშაობს და საზოგადოებას მათი არსებობა საფრთხეს არ უქმნის, ვინაიდან, დემოკრატიულ ქვეყნებში მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კანონების სამართლიან აღსრულებას. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ინსტიტუტები ეფექტურად ვერ ფუნქციონირებენ, ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი შინაარსის კანონები საზოგადოებისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელია. კერძოდ, რაში გამოიხატება ეს საფრთხეები: დღეს პოლიციას ეძლევა საშუალება, სასამართლოს (თუნდაც - ფიქტიურის) ნებართვის გარეშე ფაქტობრივი ჩხრეკა ჩაუტაროს ნებისმიერ ადამიანს, ვის მიმართაც პოლიციელს კერძო თუ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს. თუმცა, კანონი ითვალისწინებს მხოლოდ დათვალიერებას, მაგრამ, ბუნებრივია, ქმედება, რომელსაც პოლიციელი მოქალაქის მიმართ ჩაიდენს, ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ზედაპირული დათვალიერებით. კანონში ცვლილება თითქოსდა ნებას აძლევს მოქალაქეს, გაასაჩივროს ეს უკანონო ქმედება, მაგრამ ეს უფლებაც კი მოქალაქისთვის საფრთხის შემცველია. და რატომ: დავუშვათ, არ არსებობს არც კერძო, არც პოლიტიკური ინტერესი კონკრეტული მოქალაქის მიმართ და პოლიციელმა ამ კანონის მიხედვით ჩაატარა ე.წ. დათვალიერება. დათვალიერების შედეგად პოლიციელმა დაინახა რომ, საეჭვო და კანონსაწინააღმდეგო არაფერია. ამ შემთხვევაში, პოლიციელის ინტერესში მოქალაქის ნებისმიერი გზით დადანაშაულება შედის. ვინაიდან მის მიერ ჩატარებული დათვალიერება უკანონოა. პოლიციელის ინტერესშია, აიცილოს პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით პოლიციელების ფართო შესაძლებლობები - ჩაუგდოს მოქალაქეს კანონით აკრძალული ნებისმიერი საგანი (იარაღი, ნარკოტიკი), ანუ მოქალაქე სამართლებრივად  დაუცველ გარემოში კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება ხელისუფლების პირად ნებაზე. რაც ბუნებრივია, არა საზოგადოების, არამედ, ისეთი არადემოკრატიული ხელისუფლების ინტერესებშია, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. არ ვიცი, რამდენად გაზრდის ეს პატიმართა რიცხვს, მაგრამ დაშინებული მოქალაქეების რაოდენობას ეს ნამდვილად გაზრდის.“

„პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებული ცვლილებები აუქმებს პოლიციელის მიერ წინასწარი ნებართვის მოპოვების ვალდებულებას არა მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების, არამედ ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაშიც. დღეს არსებული კანონით, ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვას გასცემს მოსამართლე ან პროკურორი. ინიცირებული ცვლილებით კი ეს უფლებამოსილება, პრაქტიკულად, რიგით პოლიციელსაც ენიჭება, რომელიც უფლებამოსილი გახდება, ადგილზე დაადგინოს ჩხრეკის საჭიროება და  ჩხრეკის ჩასატარებლად გამოიძახოს უფლებამოსილი პირი. 

ანა ნაცვლიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი: „დემოკრატიულ სახლმწიფოში კანონის მიზანია, დაიცვას ადამიანები როგორც კერძო პირთა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და თვითნებობისაგან. შესაბამისად, კანონს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთის მხრივ გარკვეული უფლებამოსილება უნდა მიანიჭოს კანონის აღმასრულებლებს (მათ შორის პოლიციას), რათა ამ უკანასკნელთ შეძლონ დაიცვან  მოქალაქეები, ხოლო მეორეს მხრივ, კანონმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის პოლიციელთა მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის საფრთხე. სამწუხაროდ, ინიცირებული ცვლილებები კი არ ამცირებს, არამედ ზრდის ამ საფრთხეს. კერძოდ, ინიცირებული ცვლილების მიხედვით, პოლიციელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააჩეროს ნებისმიერი ადამიანი და ჩაუტაროს მას   „ზედაპირული დათვალიერება“, ამ დროს კი ეს ადამიანი არანაირი უფლებით არ სარგებლობს (არ შეუძლია, მოითხოვოს მოწმე, ადვოკატი და სხვ.), კანონი ისე ანიჭებს ამ ფართო უფლებამოსილებას პოლიციელს, რომ პრაქტიკულად არანაირ საპირწონე გარანტიას არ ქმნის საიმისოდ, რომ ამ პროცედურის ჩატარებისას უხეშად არ დაირღვეს ჩვენი უფლებები. ეს ცვლილება ისეა ფორმულირებული, რომ იგი სრულიადაც არ გვიცავს, მაგალითად, ღირსების შემლახავი ფორმით ჩატარებული „ზედაპირული დათვალიერებისაგან“, და არც, მაგალითად, იმისაგან, რომ ჩვენს ჯიბეში მოულოდნელად „აღმოჩნდეს“ ნარკოტიკი. უფრო მეტიც, ნებისმიერი ადამიანი უნდა დაემორჩილოს პოლიციელის მოთხოვნას და სანამ ეს უკანასკნელი არ დართავს ნებას, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოს. პრაქტიკულად გამოდის, რომ ადამიანი არის დაკავებული განუსაზღვრელი დროით, რადგან კანონში არაა დაკონკრეტებული, რა დროის მანძილზე შეიძლება ეს დაკავება გაგრძელდეს. (საუბარია მხოლოდ „გონივრულ ვადაზე“, რაც ბუნდოვანი ტერმინია და მისით მანიპულირება იოლია). ნებისმიერი კანონი ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მოქალაქემ შეძლოს, თავისი საქციელი კანონის ფარგლებში მოაქციოს და თავიდან აიცილოს კანონის დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობა. ეს კანონი კი ისეა ფორმულირებული, რომ ნებისმიერი ადამიანი, როგორი კანონმორჩილიც არ უნდა იყოს იგი, შეიძლება გახდეს პოლიციის ქმედებების სამიზნე, ერთი  შეხედვით  უწყინარი „ზედაპირული დათვალიერება“ ძალიან იოლად შეიძლება გადაიზარდოს ჩხრეკაში და სხვა უფრო მძიმე შედეგებშიც. ამიტომ ასეთი კანონის მიღება ძალიან სერიოზულად შეარყევს თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას და დაცულობას. პრაქტიკულად, ეს ცვლილება ლეგალიზაციას უკეთებს იმას, რაც მოქმედი კანონმდებლობით უკანონო დაკავებად ითვლება და პირს სამართლის დაცვის მიღმა აყენებს.“

„პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დამცველებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ მიიჩნევენ, რომ: ინიცირებული ცვლილებები წარმოადგენს პოლიციის უფლებების უწყვეტი გაფართოებისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯს. მაგალითისათვის კი გასულ წელს პოლიციისათვის არალეტალური იარაღის (პლასტმასისა და რეზინის ტყვიები, წიწაკის გაზი და სხვ.) გამოყენების უფლების მიღებას ასახელებენ. და აღნიშნავენ, რომ ეს იმ ფონზე მოხდა, როცა არც ერთი პოლიციელი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე 2007 წლის ნოემბრისა და 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის მიზნით ასეთი იარაღის იმ დროისთვის უკანონოდ გამოყენებისათვის.

აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა ისე უცებ მიიღო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დროც არ ჰქონდა, განეხილა და თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტმა შეცვალა „კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“, რომელმაც არაპროპორციულად შეზღუდა საქართველოში შეკრების და ასევე გამოხატვის თავისუფლება. იმავე დღეს შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც, რომელმაც „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის“ დამრღვევთათვის, სასჯელთა შორის, შემოიღო 30-დან 90 დღემდე პატიმრობა. ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხულ ადამიანთა აზრი შემდეგნაირად შეიძლება გადანაწილდეს:

„გონივრული ეჭვი“-ს საფუძველზე მოქალაქის გაჩხრეკას და ზედაპირულ დათვალიერებას 10 გამოკითხულიდან ოთხი ეთანხმება. სამი არასწორად მიიჩნევს, ხოლო სამმა საერთოდ არ იცის, რა ცვლილებაზეა საუბარი. აქვე გასათვალისწინებელია გამოკითხულთა ასაკი. იმ ოთხის ასაკი, რომელიც ინიცირებულ ცვლილებას ეთანხმება, 50-დან 65 წლამდეა. 20-დან 30 წლამდე გამოკითხულებმა არ იციან, რა ცვლილებებზეა საუბარი, მეტიც, მათ არ აინტერესებთ ინფორმაციები. ხოლო 30-დან 50 წლამდე თვლის, რომ ასეთ პოლიციურ რეჟიმში კიდევ გონივრული ეჭვის საფუძველზე გაჩხრეკა ხელისუფლების დიქტატორული რეჟიმის გამყარებაზე მეტყველებს.

უფლებადამცველები თავის განცხადებაში კანონმდებლებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსაც მოუწოდებენ. მათ მიაჩნიათ რომ: „ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით კი პოლიციის) უფლებების ზრდა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მომავალს საქართველოში, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე ეფექტური სასამართლო კონტროლის პრაქტიკა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული  ცვლილებები   „პოლიციის შესახებ კანონში“. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოიჩინოს ყურადღება აღნიშნული საკითხისა და მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებისადმი საქართველოში; მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, განუხრელად დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით, განსაკუთრებით - ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია